დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საეჭვოა, პარლამენტის მშენებლობა 26 მაისისთვის დასრულდეს
2012/03/12 12:15:59

„მშენებლობა მიმდინარეობს სერიოზული დარღვევებით: არაგამჭირვალედ და გაჟღენთილია კორუფციით“

 

პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულების შესრულება, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში პარლამეტის მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს და იქ პირველი სხდომა ჩატარდეს, უკვე საეჭვოა. როგორც მშენებარე პარლამენტში დასაქმებულ მუშები აცხადებენ, მაისისთვის პარლამეტის ჩაბარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთადერ არგუმენტად ისინი ცუდ ამინდებს ასახელებენ. ძალიან ცუდი ამინდები იყო წელს, სულ წვიმა და თოვლი, ვერაფრით ვერ მოვასწრებთ მთლიანად დასრულებას. არადა, რა ვქნათ, არ ვიცით, გვეჩხუბებიან, რომ უნდა მოასწროთო“. - ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს ერთ-ერთი მუშა. 

 

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, ამჟამად რა ეტაპზეა პარლამენტის მშენებლობა და დასრულდება თუ არა ის დაპირებულ დროს.

მაღალი მესერით შემოღობილი პარლამენტის ჭიშკართან მისვლისას, ვითხოვეთ, შევეშვით მშენებარე ობიექტის ეზოში, რათა საკუთარი თვალით გვენახა, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობა. კართან მდგომმა დაცვის მუშაკმა ასეთი პასუხი გაგვცა: „გაზეთი „P.S.“ კი არა, „რუსთავი-2“-ს და „იმედს“ არ უშვებენ შიგნით, იმის მიუხედავად, რომ, რაც უნდათ, იმას გადააღებინებენ და შენ როგორ შეგიშვებთ? ხომ ხედავ, გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს, ვის ცხელა შენთვის!“

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის თამამი ნატვრა - ქუთაისში პარლამენტის გადმოტანისა - ცოტათი რომ იგვიანებს, ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა შევეცადეთ, პარლამენტისგან მოშორებით, სასურსათო მაღაზიაში, შესვენებისას გადასული რამდენიმე მუშისაგან შეგვეტყო, რა ხდება რეალურად, მშენებარე პარლამენტის მესერს მიღმა (მათ ჩვენთან საუბარი მხოლოდ იმ პირობით ისურვეს, თუ სახელსა და გვარს არ დავწერდით).
„24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, სამ ცვლად ვართ გაყოფილი და ერთი წუთი არ გვაჩერებენ. ახლა კიდევ, საჭმლის ჭამის დროა და მხოლოდ რამდენიმე წუთს ვისვენებთ. არ ვიცი, შვილო, დამთავრდება თუ არა 26 მაისისთვის, მარა რას დავამთავრებთ, კაცი 2 თვეში რემონტს ვერ აკეთებს სახლში და ამხელა პარლამენტს რა დაასრულებს? შენც კი ხედავ, ნახევარი სამუშაოები კიდევ ჩასატარებელია, ერთი კი ვიცი, დაგვწყვიტავენ სუყველას. შეიძლება, გაბრაზებულებმა ხელფასიც არ მოგვცენ, მარა რა ჩვენი ბრალია, თოვდა და წვიმდა და გინდა თუ არა, ხელს მაინც გვიშლიდა“ - გვითხრა საუბრისას პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ.

„ხომ არ იწერ, შვილო?! ეს რომ გაიგონ, დაგვწყვიტავენ სუყველას, მეც და შენც. გასულელებულები არიან, მგონია, არ მთავრდება მთლიანად, მარა ერთ საკონფერენციო დარბაზს მაინც მოვასწრებთ, ასე მგონია, რომ პრეზიდენტის სიტყვა ისე არ დარჩეს და პირველი სხდომა აქ გაიმართოს! იქნება ახლა მაინც გამოვიდეს ამინდები და არ შეგვიშალოს ხელი, თან აქ ისეთი ჭაობიანი ადგილია, ერთი თუ მოწვიმა, წყალი დგება ყველგან,“ - თქვა მშენებლობაზე დასაქმებულმა მეორე მუშამ.
„იმედია, სხდომათა დარბაზის გაკეთებას მოვასწრებთ, რომ პრეზიდენტის სიტყვა შესრულდეს და 26 მაისს აქ შეიკრიბოს პარლამენტი. საერთოდ, დასრულებამდე 4-5 თვე უნდა, არადა, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ მუშები, ჩვენთვის წვიმაც არაფერია და არც თოვლი,“ - გვითხრა მშენებლობაზე დასაქმებულმა სხვა მუშამ.

პარლამენტის მონიტორინგის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თვეებია, მუშაობს. როგორც საია-ს პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა საქართველოში“ იურისტი მაკა ცერცვაძე გაზეთ „P.S.“-თან აცხადებს, მშენებარე პარლამენტის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ კერძო კომპანიებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

„საია-ამ და საია-ს ქუთაისის ფილიალმა, მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სულ გაგზავნა 45 განცხადება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა, თუ კერძო კომპანიებში. - გვიამბობს იურისტი მაკა ცერცვაძე, - ჩვენს მიერ გამოთხოვილი თითოეული დოკუმენტი წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მოეწოდებინა ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და დადგენილ ვადაში. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ბოლომდე ხელმიუწვდომელი დარჩა ის ძირითადი ინფორმაცია (ხარჯთაღრიცხვა, პროექტი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულების ანგარიშები), რომლის მეშვეობითაც მოვახდენდით ხარვეზების გამოვლენას და მიღებული შედეგის შედარებას წინასწარ დაგეგმილთან.
მონიტორინგის  განხორციელების  დაწყებისთანავე  ნათელი გახდა, რომ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია სრულიად დაფარული იყო, თუმცა ორგანიზაციას არ მოსწოდებია არანაირი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაითვლებოდა საიდუმლოდ, თუმცა ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ მიეკუთვნება არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიერ განსაზღვრულ პირად, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას და მსგავსი ტიპის მშენებლობების შესახებ ინფორმაცია არც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში და არც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაშია მოხვედრილი.

დემოკრატიულ სახელმწიფოში, ისეთი მნიშვნელოვანი სახელისუფლო რგოლის მშენებლობა და სხვა ქალაქში გადატანა, როგორიცაა „საქართველოს პარლამენტი“, ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. შესაბამისად, ყველა მიმდინარე პროცესი, რაც კი პარლამენტის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება, უნდა იყოს საჯარო, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმისას, რომ პარლამენტის მშნებლობა ქუთაისში მიმდინარეობს სერიოზული დარღვევებით, არა გამჭირვალედ და გაჟღენთილია კორუფციით.“

აღნიშნულ სამუშაოებს ქუთაისში „მენო ინტერნეიშენალი“ და „მაგისტილი“ ახორცილებს, რომლებისგანაც ინფორმაციის გამოტანა თითქმის შეუძლებელია. ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით „მაგისტილის“ ხელმძღვანელს გიორგი კურცხალიას, რათა უშუალოდ მისგან გაგვეგო, თუ რა ეტაპზეა ამჟამად მშენებარე პარლამენტი და მოესწრება თუ არა ის 26 მაისისთვის. კომპანია      „მაგისტილის“ ცხელ ხაზზე ასეთი კომენტარი გაგვიკეთეს: „ბატონი გიორგი ამჟამად ქალაქში არ არის, მე უფლება არ მაქვს მისი პირადი ნომერი მოგცეთ, რაც შეეხება იმას, დასრულდება თუ არა 26 მაისს, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და, რომც მქონდეს, უფლებაც არ მაქვს გითხრათ.“

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში (და არა მარტო ქუთაისში) პარლამენტის მშენებლობისადმი საზოგადოების ინტერესი დიდია, არც სახელმწიფო უწყების და არც შემსრულებელი ფირმების წარმომადგენლები მშენებლობას საჯაროს არ ხდიან. ასე რომ, რთულია, სრული სურათი დაიდოს იმისა, 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის მშენებლობას ექნება თუ არა დასრულებული სახე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია