დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როდის იქნება ქუთაისში კინოდარბაზი?
2012/03/05 13:36:57

თამი თიმერი, ამერიკელი ქალბატონი, „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენელია ჩვენს ქალაქში 2011 წლის ივლისიდან. სხვა უცხოელების მსგავსად, აღფრთოვანებას ვერ მალავს საქართველოს შეუდარებელი ბუნებისა და სტუმართმოყვარე ხალხის გამო. მოსწონს ქართული ენა და სწავლობს კიდეც. ქუთაისი დიდ და ლამაზ ქალაქად მიაჩნია. ერთადერთი, რისი დაჯერებაც უჭირს, ისაა, რომ კინოდარბაზი არ გვაქვს.

 

ამერიკაში ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი კინოში, მეგობრებთან ერთად. ეს ჩემი ცხვორების წესი იყო. ვერ ვიჯერებ, რვა თვე ისე გავიდა, არ მინახავს ფილმი დიდ ეკრანზე. რატომ არ არის ქუთაისში კინოდარბაზი? - გაოცებული გვეკითხება.

ქალბატონო თამი, გაგიჭირდებათ დაჯერება, მაგრამ საქართველოში პირველი კინოთეატრი მე-20 საუკუნის დასაწყისში სწორედ ქუთაისში გაიხსნა. მას „რადიუმი“ ერქვა და ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე (იმ დროისათვის) კინოთეატრს წარმოადგენდა მაშინდელ მსოფლიოში. იგი მოსკოვის კინოთეატრ „ექსპრესის“ შენობის ასლი იყო. მისი დარბაზი 400 მაყურებელს იტევდა და ფილმის ჩვენებას მუნჯი კინოსათვის ჩვეული ტაპიორის (პიანისტი, რომელიც მუსიკალურ თანხლებას უწევდა კინოფილმს) ნაცვლად, მთელი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას.

ეს კი არა და, ქართული კინოს ისტორიაც ქუთაისიდან იწყება. სწორედ ქუთაისელმა ვასილ ამაშუკელმა 1908 წლიდან დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. 1912 წელს, კი, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ქუთაისელმა მაყურებელმა ზემოთხსენებულ კინოთეატრ „რადიუმში“ ნახა პირველად. ეს იყო საყოველთაო ზეიმი და დიდი ხნის „მთავარი“ სალაპარაკო თემა, მაშინდელი ქუთათური ელიტისათვის. ბაღის კიდეზეც დაწვრილებით განიხილავდნენ სასწაულს, რომელსაც კინო ერქვა.

ამაზე დაუჯერებელი რამის თქმაც შემიძლია: ამ ამბებიდან 50 წლის შემდეგ, ქუთაისი გახლდათ ერთადერთი ქალაქი, სადაც რეკორდული რაოდენობის კინოდარბაზები იყო (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით). მაგალითად, „საქართველო“, „სულიკო“, „ქუთაისი“, „ქრონიკა“, „კომუნა“, „კომკავშირელი“, „გამარჯვება“... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. თქვენ წარმოიდგინეთ არც ერთი მათგანი  არ განიცდიდა მაყურებლის ნაკლებობას. პირიქით, იყო შემთხვევები, გადაჭედილ დარბაზში, ფეხზეც იდგა მაყურებელი. ეს ის ავადსახსენებელი პერიოდი იყო, უმუშევრობისათვის ციხეში, რომ სვამდნენ ხალხს. ასეთი პარადოქსული პერიოდიც ყოფილა ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში.

ახლა კი, შეიცვალა დრო, ქუთათურებისათვის საყვარელი თავშეყრისა და გართობის ადგილი - კინოდარბაზები - დრომ წალეკა და ტკბილ მოგონებად შემორჩა უფროს თაობას. ახალ თაობას კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს (თითქმის 90%-ს), კინოფილმი დიდ ეკრანზე არც კი უნახავს. ეს ხდება იმ ქალაქში, რომელიც ერთი საუკუნის წინ ტოლს არ უდებდა მსოფლიოს, არც ერთ სფეროში. ახლა მსოფლიოს 3D - ფორმატიც აღარ აკმაყოფილებს და 4D ფორმატის მისაღწევად სურნელის ეფექტს ამატებს...

ეს დღეც დაუდგა ქუთაისს და ქუთათურებს, ჩამორჩენილი ქალაქების რიცხვს მიემატა ერთ დროს ლიდერი ქალაქი. ხელისუფლება თითქოს უბრუნებს დაკარგულ დიდებას ქუთაისს, ფასადურად მაინც (იგულისხმება ქალაქ-მუზეუმის რეაბილიტაცია). იმასაც გვპირდებიან, კინოდარბაზიც მალე იქნებაო. თუმცა ბრალი ქუთათურებსაც მიუძღვით - მეტი აქტიურობა, რომ გამოგვეჩინა, ნამუსის მოსაწმენდად, ერთი კინოდარბაზი მაინც გვექნებოდა გასართობ ცენტრ „სულიკოში“ (ყოფილი კინოდარბაზი „სულიკო“, რომელიც ექვსი წლის წინ განახლდა). მაყურებლის სიმცირის გამო, სამწუხაროდ, იგი ცოტა ხნის წინ დაიხურა.

 

რატომ მიატოვეს ქუთათურებმა კინდარბაზები? 

ამ კითხვის პასუხად ტელევიზორისა და კომპიუტერისაკენ მიუთითებს მავანი, თუმცა ეს უადგილო არგუმენტია. ვერც ტელეეკრანი და ვერც მონიტორი ახლოსაც ვერ მივა კინოდარბაზში ნანახი ფილმის ეფექტთან. თანაც, ქუთაისი რა გამონაკლისია ამ კუთხით, დანარჩენ მსოფლიოსთან. კომპიუტერის ეპოქაში ხომ თანაბრადაა მთელი მსოფლიო.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად ქუთათურები:

დავითი (გვარის გამხელა არ ისურვა), 70 წლის: „კინო თუ არ იქნა და თეატრი, რაღა ქალაქია. მარტო პარლამენტი გვიშველის? ჩემს ახალგაზრდობაში სარჩევად გვქონდა საქმე, იმდენი კინო იყო ქუთაისში, ერთი დღის მანძილზე 3-4 ახალ ფილმს ვნახულობდით. მუშაობაც გვიყვარდა და გართობაც. ახლა მარტო კომპიუტერია. რომ კვდებოდე, წყალს არ დაგალევინებს ვინმე, ისეა ჩართული კომპიუტერში.“

ნინო აბაშიძე, 38 წლის: „ქალაქში კარგი კინოდარბაზი თუ იქნება და რეპერტუარიც საინტერესო, მაყურებელი აუცილებლად მივა.“

როლანდ მარგველაშვილი, 10 წლის: „სახლის კინოთეატრი მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა 3D –ში გადაღებული მულტფილმები ვნახო დიდ ეკრანზე, ქუთაისში ეს შეუძლებელია.“

შორენა ხუნდაძე: „დიდი სიამოვნებით ვივლი კინოდარბაზში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის. იმდენი ახალი ფილმი გამოვიდა, კომპიუტერში ვნახულობ მსოფლიო პრემიერებს. დიდ ეკრანზე, განსაკუთრებით 3D-ს ეფექტით, სულ სხვაა.“

ნინო შიუკაშვილი, 21 წლის: „მოსკოვიდან ოთხი თვეა ჩამოვედი, დაბადებიდან იქ ვცხოვრობდი. აქ უნდა გავაგრძელო სწავლა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, კინოს გარეშე როგორ გავძლო. იქ ძალიან ხშირად დავდიოდი, კარგად ვერთობოდი. ქუთაისში კი გართობა ნაკლებადაა. მეუბნებიან, მალე იქნება კინოდარბაზიო. მინდა მჯეროდეს...“

როდის გვექნება ქუთაისში კინოდარბაზი? ამ კითხვით მივმართეთ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამთა თურმანიძეს (კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი):

„ძალიან საწყენია, ამ დროისათვის კინოდარბაზი, რომ არ ფუნქციონირებს. ამ დანაკლისის შესავსებად, მერიის დაფინანსებით, ჩვენი სამსახურის ორგანიზებით, ვატარებთ კინოკვირეულებს. გასულ ზაფხულს „ოქროს ჩარდახში“, ღია ცის ქვეშ ჩატარდა ქართული ფილმების კვირეული. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო, საკმაო რაოდენობის მაყურებელი ესწრებოდა სეანსებს.

ოქტომბერში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ჩავატარეთ მსოფლიო კინოშედევრების კვირეული. არც იქ ვუჩიოდით მაყურებლის სიმცირეს. აქედან შემიძლია ის დასკვნა გამოვიტანო, რომ კარგ კინოს ქუთაისში მაყურებელი ჰყავს. ასეთი კვირეულები გაგრძელდება. სხვათა შორის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შეიქმნა კინოკლუბი.

რაც შეეხება კინდარბაზს, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყოფილ კინოთეატრ „საქართველოს“ რეაბილიტირებულ შენობაში წლის ბოლომდე იქნება თანამედროვე დონის კინოდარბაზი. ეს, კი, იმ შენობის მეპატრონის პრეროგატივაა, სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია.“

დიდი სურვილი მქონდა, პირველწყაროდან გამეგო ამბავი, მაგრამ მიუხედავად ერთკვირიანი მცდელობისა, ყოფილ კინოთეატრ „საქართველოს“ შენობის არც ერთი კარი არ აღმოჩნდა ღია. როგორც ჩანს დროებით შეჩერებულია სამუშაოები. არადა, შენობის ფასადის გახსნამდე, ორი-სამი კვირით ადრე, სადღეღამისო მუშაობა იყო გამართული. ღამით, უზარმაზარი „პროჟექტორების“ შუქზე, იღებებოდა ფასადები. ელვის სისწრაფით მუშობამ დიდხანს არ გასტანა, გახსნა თუ არა პრეზიდენტმა, მეორე დღიდან დავარდა ტემპი და, ჯერჯერობით, წინ არ წასულა საქმე.

ქართული თანამედროვე მშენებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, სანერვიულო არაფერია: ამ წლის ბოლომდე ორი-სამი კვირით ადრე ისევ შეუდგებიან ენერგიულად მუშაობას და ეგ არის.

როგორც ამბობენ, ამ ყველაფრის შემდეგ ქუთაისი მიიღებს კარგ გასართობ ცეტრს. ერთი დიდი და ორი მცირე კინოდარბაზით.

ასე, რომ ქალბატონო თამი, ისე ვერ გაგიშვებთ ქუთაისიდან, ერთი კარგი კინოფილმი, რომ არ ვნახოთ ერთად. ფილმს თავი დავანებოთ, ძალიან არ გვინდა, ჩვენი ქალაქის შთაბეჭდილებების გაზიარებისას მეგობრებში ეს საჩოთირო რამ დაგცდეთ. ვაი, თუ მერე მილიონობით ტურისტმა აგვიაროს გვერდი.

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია