დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიყვარულის წმინდანი, თუ...
2012/02/13 12:19:05

„გთხოვ, გახდე ჩემი ვალენტინი!“ 

14 თებერვალი სიყვარულის დღედ არის „მონათლული“. ამ დღეს თითქმის ყველა ელის წრფელი გულით, ყველა ამ წრფელ გულში ბევრი „ვიღაც“ არის და ყველა ამ „ვიღაცით“ არის მხიარული...

ამ დღეს ჭეშმარიტი სიყვარულის ნორმატივები ჩაბარებულია. ყოველი წამი სიყვარულისაა, მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, რომ კონკრეტულ დღეს შენს რჩეულს კიდევ ერთხელ უდასტურებ სიყვარულს...

იცით თუ არა, რომ ხალხური გადმოცემის მიხედვით, ეს დღე მღვდელ ვალენტინს უკავშირდება? ტრადიციის მიხედვით, რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ, რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, ამიტომ იმპერიაში ახალგაზრდებს შორის ქორწინება აკრძალა. იმპერატორის ბრძანებას არ დაემორჩილა მღვდელი ვალენტინი და  ღამღამობით შეყვარებულ წყვილებს მაინც წერდა ჯვარს.

ლეგენდის მიხედვით, როდესაც ის შეიპყრეს და საპყრობილეში ჩასვეს, იქ დაუახლოვდა ბრმა ქალიშვილს, რომელიც განკურნა და შეუყვარდა კიდეც. სიკვდილის წინ გოგონას სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. როგორც ჩანს, აქედან იღებს სათავეს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა ვალენტინა...

14 თებერვალი იმიტომ დაწესდა სიყვარულის დღედ, რომ, რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები ანუ განწმენდის  რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში ამ დღეს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქორწინების ქალღმერთად, რომაელი  ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. დღესასწაულზე რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში ყრიდნენ. ვაჟი იღებდა ქაღალდს და, ვისი ქაღალდიც შეხვდებოდა, ის გოგონა იქნებოდა მისი ვალენტინა.

სხვა ვერსიით, ამ დღეს რომში ზეიმობდნენ ლუპერკალიას, - „მძაფრი სიყვარულის“ ქალღმერთ იუნო ფერუატასადმი მიძღვნილ, ეროტიზმით გამორჩეულ დღესასწაულს, რომლის დროსაც ახალგაზრდები შეყვარებულებს ირჩევდნენ.

ზოგი თვლის, რომ თებერვლის შუა რიცხვებში სიყვარულის დღის დაწესება თუ დადგომა დაკავშირებულია იმ ხალხურ წესთან, რომლის მიხედვით ფრინველები და საქონელი სწორედ ამ პერიოდში წყვილდებიან. ზემოთ ნახსენები ლუპერკალიებიც, ანუ „მგლისაგან დაცვის“ (რომის დამაარსებლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული) დღესასწაულებიც სწორედ საქონლის გამრავლება - შენარჩუნებისთვის იმართებოდა. ამ დროს ქალიშვილები ცდილობდნენ, მიეღოთ წარმართული კულტის მსახურების სპეციალური მათრახის - ფებრუის“ (რომლის სახელიც თვესაც შეერქვა) დარტყმა, რაც მათ ვითომდა იღბლიან სიყვარულს, ბედნიერ ოჯახს და გამრავლებას უქადდა.

ბარათის მიწერა, გულის ფორმის საჩუქრების ჩუქება, რომანტიკულ ვახშამზე მიწვევა - ეს ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი მილოცვის ფორმებია. რაც შეეხება უჩვეულოებს...

ამ დღეს ქალს უფლება ჰქონდა, მისულიყო მისთვის სასურველ მამაკაცთან და ეთქვა: „გთხოვ, ჩემი ვალენტინი გახდე,“ რაც ასე იშიფრებოდა - შემირთე ცოლად! ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ძლიერი სქესი. მათ ხომ დიდი სიყვარულის არსებობისასაც უჭირთ დაოჯახების გადაწყვეტილების მიღება... რომ გითხრათ, უარის თქმის უფლება არ ჰქონდათ- მეთქი კაცებს, მოგატყუებთ. თუმცა ვერც უარით იძვრენდნენ თავს. დაუწერელი კანონის თანახმად, თუ პოტენციური ვალენტინი „გაბედნიერებაზე“ უარს იტყოდა, ვალდებული იყო „მორალური შეურაცხყოფის“ საზღაურად ძვირფასი ძღვენი გაეღო. ასეთად, ძირითადად, აბრეშუმის კაბა მოიაზრებოდა.

სიყვარულის გამოხატვის ხერხები იცვლება, მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელია. ჰო, ვარდი, აუცილებლად წითელი. იცით, როგორ იქცა სიყვარულის სიმბოლოდ? ერთხელ პაემანზე მიმავალმა სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ ფეხი შემთხვევით ვარდის ტოტს დააბიჯა და კანი ეკალზე გაეკაწრა. თავდაპირველად ყველა ვარდი თეთრი იყო, ამ შემთხვევის გამო, ერთ-ერთი ვარდი სისხლით შეიღება, კიდევ ერთი სიმბოლო ამურის ისრით დაჭრილი გულია, რომელიც მტრედებითაა გარშემორტყმული. თავიდან ვალენტინობის დღისთვის გამოცემულ ღია ბარათებზე ეს სიუჟეტი იყო ასახული.

მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნიეს. თუმცა სამი წლის წინ რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს, სახელად ვალენტინს. უფრო მეტიც, აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი არარეალური კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება. კომერციის სახე კი ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა „ვალენტინის“ ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთება დაიწყეს.

ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ ვალენტინობა საქართველოშიც უკვე შემდგარი დღესასწაულია. ვფიქრობ, 14 თებერვალი ერთგვარი ტესტია იმისა, თუ ფანტაზიის რა დოზას აღძრავს შენში სიყვარული. რატომ არ ვუსურვოთ ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა, შენარჩუნება, გაძლიერება -  იმ შეყვარებულებს, რომლებიც გულწრფელად ულოცავენ ერთმანეთს ამ დღეს? მართალია, თავსმოხვეული დღესასწაულია სიყვარულის ნაკარნახევი გამომჟღავნებით, სამყაროს შემოთავაზებაა, სადაც თითქოსდა უფრო რომანტიული და ძლიერია ქალ-ვაჟის სიყვარული, მაგრამ, „ჩახუტების“, „კოცნის“ დღესასწაულს ნამდვილად სჯობს.

 

სალომე კოხრეიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია