საქართველოს კიდევ ერთი თავდაცვის მინისტრია პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ის საზღვარზევე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ყოფილი მინისტრი იმისთვის დაბრუნდა, რომ თავისი უდანაშაულობა სამშობლოში ამტკიცოს და მან შესანიშნავად იცოდა, სად აღმოჩნდებოდა დაბრუნების შემთხვევაში, თუმცა ეს სარისკო ნაბიჯი მაინც გადადგა.
„დღეს დილით ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რათა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და დაესწროს აღნიშნულ სხდომას. იგი აცნობიერებს, რომ, მიუხედავად დღევანდელი პროცესის შედეგისა, უნდა დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი, სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები აძლევს,“ - ნათქვამია „ქართული პარტიის“ განცხადებაში, რომელიც პარტიამ ოქრუაშვილის დაბრუნებისთანავე გაავრცელა.
„ბოლო წლების განმავლობაში ორი მიზანი მქონდა: ერთი - მიშა მოგვეშორებინა და მეორე - სახლში დავბრუნებულიყავი. მიშას მოშორება უკვე ნაწილობრივ ბოლომდეა მიყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვების მიერ არის გაკეთებული, ცოტა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი. შეიძლება მოვითხოვო, რომ ზუსტად იქ ვიყო, სადაც ნაძირალა ახალაია ჰყავთ,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნებამდე „მე-9 არხისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ახალ მთავრობას საკმარისი დრო აქვს, „ნაციონალური“ მთავრობის წევრებს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი მოსთხოვოს.
„ქვეყანაში უსამართლობა ჩნდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მართლმსაჯულებას ვერ შეასრულებს. წარსულ ხელისუფლებასთან მიმართებაში თუ სახელმწიფო მართლმსაჯულებას ვერ შეასრულებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს თავისი მაკრატელი მართლმსაჯულების შესრულების. ახალ მთავრობას საკმარისი დრო აქვს, რომ მათ მოსთხოვოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის,“ - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოებაში 4 საქმეა. აქედან სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთზეა მიღებული. კერძოდ, 2008 წლის 28 მარტს ოქრუაშვილს ქრთამის აღების საქმეზე თავისუფლების 11 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლიდან ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან, ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმეს იძიებს ფინანსური პოლიციაც, საქმე გამოძიებაშია 2007 წლიდან და მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება ბრალდება. სულ ბოლო საქმე, რომელიც ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოშია შესული, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექნას - ბანდფორმირებების ფორმირებას ეხება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაბრუნებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნება იმ მიზანს ემსახურება, მან თავის სამშობლოში ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ასევე, როგორც მინისტრმა დასძინა, ის, რომ ყოფილი მინისტრი პოლიტდევნილი იყო, არ ნიშნავს მის უდანაშაულობას.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ის პირობები, რა პირობებშიც ოქრუაშვილი პრაქტიკულად გაძევებულ იქნა ქვეყნიდან წინა ხელისუფლების მიერ და რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, არავის აქვს უფლება, საკუთარი ქვეყნიდან ძალით აიყვანოს და ძალით ჩასვას თვითმფრინავში. ჩვენ ირაკლის მიმართ გვაქვს სხვადასხვა პროცედურები წამოწყებული, მაგრამ არსებობს ასევე პოლიტიკური პროცესი, რადგან, როგორც იცით, პარლამენტი მას მიიჩნევს პოლიტიკურ დევნილად და ის, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილი იყო წინა ხელისუფლების მხრიდან ამაზე ვრცლად აქვს ნამსჯელი გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებს. მთავარი არის ერთი რამ: მე ვუერთდები პოზიციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური დევნილი. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ, ავტომატურად, ყველა იმ სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც არსებობს, არის უდანაშაულო. ამას სჭირდება საქმის შესწავლა. არსებობს აღძრული არაერთი სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის გვახსოვს ბოლო ბრალდება, რომელიც შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებას ეხება. 2011 წლის მაისის მოვლენების წინ. ამ ყველაფერს სჭირდება კვლევა და მგონია, ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი ეს არის, რომ ამტკიცოს თავისი სიმართლე,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გარანტიები მიიღო და იმიტომ გარისკა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის აზრით, ირაკლი ოქრუაშვილს მალე გაათავისუფლებენ. როგორც ხერხეულიძემ „პირWელს“ განუცხადა, ჯერჯერობით, ვიდრე პროკურატურის გადაწყვეტილება ცნობილი არ იქნება, შეფასებების გაკეთება რთულია.
„დაველოდოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა, როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის პოზიცია ცალსახაა - მათ ირაკლი ოქრუაშვილთან გასარკვევი არაფერი აქვთ,“ - განაცხადა ხერხეულიძემ.
საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი პოლიტიკური ძალა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის რაიმე გარანტიების მიცემა კატეგორიულად გამორიცხა.
როგორც ივანიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მან ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ოქრუაშვილი უკვე საპატიმროში იჯდა.
„მე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რაღაც კონკრეტულ საკითხზე ვმსჯელობდით, როცა მან მითხრა, რომ საქართველოში ოქრუაშვილი დაბრუნდა. მე ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი. მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მინისტრს ჰქონდა კავშირი მასთან, თუმცა ეს მხოლოდ მეგობრობა იქნებოდა და არანაირი კავშირი არ ექნებოდა სამართალთან. პირობას ვდებ, რომ არანაირი გარანტია არ ექნება არავის, ეს იქნება ოქრუაშვილი, მე, თუ პრეზიდენტი. თუ ოქრუაშვილი დამნაშავეა, ის აუცილებლად აგებს პასუხს და თუ სამართლის წინაშე მართალია, მაშინ ის თავისუფალი იქნება,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ოქრუაშვილის საქმეში მონაწილეობას მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოები მიიღებენ და, არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკა არ ჩაერევა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნაბიჯს არაორდინალურად აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
„რასაკვირველია, ეს ნაბიჯი არაერთხელ არის ნაფიქრი და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მას, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საფრთხე არ ემუქრება. ამასთანავე, ოქრუაშვილის დაბრუნება იმაზე მეტყველებს, რომ ის აპირებს სამართლებრივი გზით იბრძოლოს. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებასთან ოქრუაშვილის კავშირს, მე მგონია, რომ ოქრუაშვილს არავითარი მოტივაცია არ სჭირდება, რომ ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, რადგან ის ამდენი წელი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმიტომ ცხოვრობდა, რომ აიძულეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველგვარი შელამაზებისა და დამატების გარეშე ძალიან ბევრ ინფორმაციას გააჟღერებს,“ - განაცხადა ექსპერტმა.
„ოქრუაშვილს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, არ მგონია, ის იმ დონის ფიგურა იყოს, რომ მასზე სახელმწიფო პოლიტიკა ავაგოთ. ის საკუთარ თავზე ლეგენდის შექმნას და თავის მაჩოდ წარმოდგენას ცდილობდა. ოქრუაშვილი მნიშვნელოვან ფიგურად თითონ სააკაშვილს მიაჩნია, რადგან, როგორც ჩანს, მას იგი ფსიქოლოგიურად დაჯაბნილი ჰყავს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განწყობა და კომენტარი განსაკუთრებით აინტერესებს.
რაც შეეხება ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებული ექს-მინისტრი ცალსახად პოლიტიკურ დევნილად არ მიაჩნია, თუმცა მის საქმეში პოლიტიკური დევნის კომპონენტს ხედავს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამშობლოში დაბრუნებას უცხოური პრესაც გამოეხმაურა. როგორც გერმანულენოვანი გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“ წერს, „დევნილობაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ, სადავო ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში დაბრუნდა. ოპოზიცია ამ მოვლენის უკან დაგეგმილ თამაშს ხედავს. ვითარება გაურკვეველია.“
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების გარშემო სხვადასხვა ვერსია ტრიალებს. ეს დაბრუნება, პარლამენტში იმ რეზოლუციის შესვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რომელიც 184 პოლიტიკური პატიმრისა და 22 პოლიტიკური დევნილის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ კომისიას ოქრუაშვილის ყოფილი ადვოკატი ხელმძღვანელობს.
„თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მან თვითონ განაცხადა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორი მიზანი ჰქონდა: პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოშორება და საკუთარი უდანაშაულობის საბოლოოდ დამტკიცება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ დროისათვის განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდება, ალბათ, მართლაც პოლიტიკური მოტივების შემცველია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი უდანაშაულობა სრულებით დამტკიცებულია,“ - აღნიშნულია სტატიაში.
სააკაშვილის პარტიის სახეები იუსტიციის მინისტრის განცხადებებში ოქრუაშვილსა და ივანიშვილის მთავრობას შორის გათამაშებული გარიგების დამამტკიცებელ საბუთს ხედავენ. ისინი ეჭვობენ, რომ ოქრუაშვილის დახმარებით ყოფილი ელიტის წინააღმდეგ „პოლიტიკური ნადირობა“ უფრო გაძლიერდება - წერს „Nუგუ Züკსრუკ Zუშეგტპ.“