დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური სამსახური კაშიების ბედით ინტერესდება
2012/01/30 12:25:32

ქალბატონ მანანას ისევ შეუძლია განცხადების შემოტანა, თავიდან მოხდება ქულების გადაანგარიშება

გასულ კვირას გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ უსტატუსო დევნილის, მანანა კაშიას ყოფა-ცხოვრებაზე ვწერდით (იხ. „P.S.“, ?2, 16-22 იანვარი, 2012 წ). სტატიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გაეცნო, მაგრამ, რატომღაც, ყურადღება არ მიაქცია.

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თემაზე მუშაობას. შევეცადეთ, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გაგვეცნო კაშიების გაჭირვება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანანა კაშიას ნაქირავებ ბინაში სოციალური სამსახურის ცენტრიდან აგენტი ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ სხვის სახლში ცხოვრობს და შესაბამისად, ავეჯიც სხვისი აქვს, აგენტმა ავეჯი კაშიების სახელზე გაატარა და ქალბატონს უმწეობის 30 ლარიანი დახმარება არ დაუნიშნეს.

რატომ ჩათვალა სოციალურმა აგენტმა სხვისი ავეჯი კაშიების საკუთრებად და რა პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველის დახმარება გაჭირვებულმა ოჯახმა მიიღოს? - ამ საკითხზე ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ჭიღლაძეს ვესაუბრეთ.

ნინო ჭიღლაძე: „როდესაც უმწეო ადამიანი სოციალური მომსახურების ცენტრში შემოსატან განცხადებას წერს, ფიქსირდება ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. სოციალური აგენტი ფაქტობრივ მისამართზე მიდის. პროგრამა არ კითხულობს, სახლი ვის საკუთრებაშია. ფიზიკურად, სადაც ადამიანი ცხოვრობს, იქ ხდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შევსება. გასაგებია, ნაქირავები რომ აქვს, მაგრამ პროგრამისთვის მთავარია, რა პირობებში ცხოვრობს და ამის მიხედვით ხდება ქულების მინიჭება. დეკლარაციაში მანანა და შოთა კაშიებია დაფიქსირებული. ალბათ, შოთა მანანას შვილია. დეკლარაციაში ფიქსირდება, რომ ამ ადამიანებს, რაღაც ელემენტარული შემოსავალი აქვთ ოჯახში. არც ერთ დეკლარაციაში არ არის კითხვა: რა ავეჯს ფლობთ? დეკლარაცია კანონით განსაზღვრული ბრძანებით დამტკიცებული ფორმაა. ეს არ ითვალისწინებს ასეთ შეკითხვას. თუ ოჯახს თხევადკრისტალური ტელევიზორი არ აქვს, მაშინ ტელევიზორი საერთოდ არ იწერება. ახლავე ჩამოგითვლით, რა იწერება: საბჭოთა წარმოების ავტომობილი, უცხოური ავტომობილი, პატარა ტრაქტორი, თანამედროვე სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, თხევადკრისტალური ტელევიზორი, მტვერსასრუტი, გაზის გამათბობელი, წყლის გამათბობელი, პერსონალური კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი, აუდიო და ციფრული აპარატი, დენის გენერატორი, სატელიტური ანტენა, კონდენციონერი, ტოსტერი, სამზარეულო კომბაინი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გათბობის და ცხელი წყლის მომმარაგებელი ინდივიდუალური სისტემა. ამ ჩამონათვალიდან არაფერი აქვს ქალბატონ მანანას ოჯახში. მაგრამ  დეკლარაციიდან ჩანს, რომ ოჯახს არც უჭირს და არც ულხინს. მათი სარეიტინგო ქულა  59 550 არის, ეს საკმაოდ დაბალი სარეიტინგო ქულაა. საარსებო სახსარი რომ დანიშნოდა, უნდა ჰქონოდა 57 000-მდე ქულა. ამას გარდა, ეს არის 2010 წლის მონაცემები. მის მერე კაშიების ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს. ბოლო შეფასებიდან ერთი წელი რომ გადის, ოჯახს აქვს უფლება, განმეორებითი გადამოწმება მოითხოვოს. მაგ ადამიანს პირველი განაცხადი 2010 წლის 4 აგვისტოს აქვს შემოტანილი, 2010 წლის 14 სექტემბერს სარეიტინგო ქულა - 59 550 მიენიჭა. მის მერე აღარ მოუთხოვია. მოთხოვნის უფლება ისევ აქვს, შემოიტანოს განცხადება, მაგას განმეორებით განცხადება ჰქვია. კიდევ მივა სოციალური აგენტი, ისევ შეივსება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია და თავიდან მოხდება ქულის გადაანგარიშება.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1362
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია