დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული პოლიტიკური „ორიენტაციები“
2012/01/16 12:54:30

პრეზიდენტი: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა მაინც უნდა ფქვასო“

 

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების თემატური ჯგუფი სფეროს რეორგანიზების სქემას განიხილავს, პრეზიდენტი მცხეთაში მორიგ სამედიცინო დაწესებულებას ხსნის.

„ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც ვაკეთებთ, ამ ისტორიულ უბანში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი დაწესებულება გაიხსნება. ასე რომ, „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა მაინც უნდა ფქვასო“

როგორც ყოველთვის, მიხეილ სააკაშვილის ყოველი რეგიონული ვიზიტის მთავარი თემა არის ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი რეფორმატორი და ძლიერი ქვეყანა, რომ ყოველი მოქალაქის უფლება არის დაცული და ხელშეუხებელი.

„საქართველოს ყველა მტერი მთელს ქონებას დახარჯავს იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა უკან წავიდეს. არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს გაზი, მაგრამ არ გვაქვს კიდევ ერთი რამ - კორუფცია. ადრე საქართველოში ხუთი კლინიკა იყო გარემონტებული  და მხოლოდ ისინი მკურნალობდნენ, ხალხისგან მიტაცებული ფულით კაბინეტებში რომ ნებივრობდნენ, სწავლა-განათლება მხოლოდ მათ შვილებს შეეძლოთ და ცხოვრების კარგ პირობებზე მხოლოდ ეს ხალხი ფიქრობდა. ჩვენმა ერმა ნახა წარსული და ძალიან კარგად იციან უკეთესი მომავლის ფასი.“ მისი თქმით საქართველოს მოქალაქეები დღეს ისეთ კლინიკებში მკურნალობენ, რომლებზეც თურმე 10-ჯერ უფრო მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები ნატრობენ.

ცხადია, მთელი ქონების დამხარჯველი პრეზიდენტმა ივანიშვილი იგულისხმა. რომელიც ახლა მისი მთავარი კონკურენტია. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ყველა დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით, ივანიშვილს უკვე აქვს მეორე შედეგი სააკაშვილის შემდეგ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია სულ რაღაც ორთვიანი პოლიტიკური აქტივობის პირობაზე.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ - ჟურნალ „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური კვლევის შედეგები და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი, როგორც შიდა აუდიტორიის, ისე დასავლეთის წინაშე აქტიურად და, როგორც ჩანს, არცთუ  უშედეგოდ  მანიპულირებს „რუსული საფრთხით“, ეს კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა და უკვე გროტესკული ფორმები შეიძინა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოაბიჯა. - წერს ბრიტანული გამოცემა.

ასეა თუ ისე, ხელისუფლება პროევროპულ და პროამერიკულ ძალას შორის იქაჩება, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ ტურისტებზე გათვლილი პარკებით და ინფრასტრუქტურით ვერ მოვიგებთ უცხოელ პოლიტიკოსთა გულებს.

ნინო ბურჯანაძის პარტიაში კი შეშფოთებულები არიან იმ კურსით, რაც ხელისუფლებას აქვს აღებული.

ნინო ბურჯანაძე: „ჩვენი ამოცანა მარტო ის კი არ არის, რომ ვებრძოლოთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ვებრძოლოთ იმ პრობლემას, რომელიც მან დაამკვიდრა. ისინი გამუდმებით დასავლურ ღირებულებებზე გაიძახიან, მაგრამ ეს არ არის დასავლური ფასეულობები, ეს სიყალბეა. დასავლური ფასეულობები ჩვენი პარტიისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ვინც ამის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ ნაკლებად აკეთებს ამას. აღარაფერს ვამბობ იმ უმცირესობებზე, როცა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის დამტკიცებაში, თუ ვინ უფრო პროამერიკულია და პროდასავლური. ეს ანარქიზმი არის პოლიტიკაში, რადგან უნდა იყვნენ პროქართული პოლიტიკოსები.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, ის ამბობს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ არის არაპროევროპული, ან პროამერიკული, არამედ ქართული პარტია.

ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ უფრო პროდასავლურია თუ პრორუსული, ან პროამერიკული, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ უკვე რეიტინგულ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საზღვრებს მიღმა, უცნობ ფიგურას უწოდებს.

„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უმდიდრესი კაცი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა ლითონისა და მინის 50 მილიონიან ნაგებობაში, საიდანაც პრეზიდენტის სასალის გასაოცარი ხედი მოჩანდა. მაგრამ მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს... პოლიტელიტაში საფრთხის შეგრძნებაც შეიმჩნევა.“

გამოცემის თქმით, ბიზნესმენმა 44 წლის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, ცვლილებების იმედი გააჩინა. ოპონენტები კი იმაში სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთის ავტოკრატიული პრემიერ-მინისტრის - ვლადიმერ პუტინის მარიონეტია.

ორიენტაციები ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ დღეს პოლიტიკური თამაშები არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციონერთა რიგებისთვის არის უცხო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია