საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნანული ცხვედიანის ბლოგი
ბაბუაჩემის "ალილო"
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2016/01/07 18:06:17

 

ზამთრის ყოველ სასკოლო არდადეგებზე დედულეთში მოვიყრიდით ხოლმე თავს მე, ჩემი და, ჩვენი სალხინოელი (მარტვილელი) დეიდაშვილები. 
იანვრის არდადეგებს, ცხადია, შობის დღესასწაული ამშვენებდა, რომელსაც მაშინ, გაგანია საბჭოურ ეპოქაში, მხოლოდ არაოფიციალურად თუ აღნიშნავდნენ ტრადიციული ოჯახები და, ცხადია, ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებდა ბაბუაჩემის სახლში ნანახ-განცდილი. სამეგრელოდან ჩამოსულს, განდობილივით ჩუმად დამქონდა დაუვიწყარი მოგონებები. 


შობის ღამით ძველ სენაკში, კოსტა ბაბუას ორსართულიან ოდაში, მხიარულად გუზგუზებდა ბუხარი. კაკო ბიძიას გადიდებულ სურათს იმ დღეს აღარავინ უყურებდა. ახალგაზრდა დეიდები ღუმელთან საქმიანობდნენ. ბაბუა მარანს როგორ გააკარებდა ქალის ფეხს, თავადვე ფუსფუსებდა ღვინიან ბოცებთან,საწნახელთან რიტუალს ატარებდა: დილისთვის სახლის გარშემო შემოსატარებელ და დასალოცავ დიდ ხონჩაზე ჩუმად აწყობდა ღორის მოხარშულ თავს, შემწვარ ქათამს, ხაჭაპურებს, ხილეულს... ზამთრის არდადეგებზე დედულეთში ერთად თავმოყრილ ამდენ შვილიშვილს რომ გვიყურებდა, თვით დღენიადაგ ძაძებში ჩაცმულ, გულჩახვეულ ძაძუ ბებიასაც კი ნათელი ღიმილი ეფინა სახეზე.


გვიანამდე ვერ ვიძინებდით ბავშვები, მოუთმენლად ველოდით გაღმა სოფლიდან, გეჯეთიდან გადმოსულ უცხო კაცებს, ბაბუას ეზოში "ალილო" რომ უნდა ემღერათ. 
თოდუხე (თოდუას ქალი), ანუ ბებიაჩვენი, მეზობელი ოთახიდან რომ გამოგვძახებდა, მურე , ნანა, მუ, დაიძინეთ აწიო, ბაბუა ხმადაბლა უსაყვედურებდა: აცალე ბავშვებს, შობა მოდის, უხარიათო. და ბოლოს, ლოდინისგან უკვე ქანცი რომ გაგვიწყდებოდა და , ის იყო, ძილის ჩიტუნიები უნდა დაგვსხმოდნენ აფარფატებულ წამწამებზე,- ნანატრი ხმებიც წამოგვეწეოდა: ტრიფოლიატით დამშვენებული ეზოს რკინის ჭიშკარი ბოლომდე გაიხსნებოდა და მხნედ შემოაბიჯებდნენ ტეხურით გადმოსული ნაბდოსნები. გახარებული ბაბუა ზემოდან დასცემდა ყიჟინას, აქაოდა, არ გვძინავს, მობრძანდითო; კედლიდან სწრაფად ჩამოხსნიდა საგანგებოდ შეძენილ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავმოსაწონებლად მოსახურავ თავის შავ ნაბადს, ღია ჩალისფერ ყაბალახსაც მოიგდებდა და კიბეზე დაეშვებოდა.


ჩვენ აივნიდან დავცქეროდით, როგორ საუცხოოდ მღეროდნენ მეგრულ "ალილოს" ახოვანი, ბრგე, ყველაზე მაღალი კოსტა ბაბუა და ის გეჯეთელი კაცები, მერე როგორი დარბაისლური პეწით გამოუტანდა თავის დაწურულ ღვინოს სტუმართმოყვარე ბაბუა, როგორ ასაჩუქრებდა... მგონი, ისე დიდხანს არც ერთ ეზოში არ რჩებოდნენ მეალილოელები. ეს ისეთი ჯადოსნური ღამე იყო, როცა ერთადერთი ვაჟის დამკარგავ კოსტა ბაბუას ერთხელაც არ წამოსცდებოდა ტკივილიანი :"ახავაი, ნანა!" ამ ღამით ის უსაზღვროდ ხალისიანი იყო, უსაზღვროდ ბედნიერი.


ისეთი ლამაზი "ალილო" მერე აღარც მომისმენია.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია