დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქის იუბილე და ახალი წლის მილოცვა მრევლს
2012/01/09 13:38:28

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს 78 წელი 4 იანვარს შეუსრულდა. მან მრავალი მილოცვა და დალოცვა მიიღო ერისგან.

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წელს დაიბადა, ქალაქ ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი).

ილია II-ს მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს გადასახლდნენ ვლადიკავკაზში. სადაც დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობას მონათლეს ქართულ ეკლესიაში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად, წმინდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.

ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს ილია მეორის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.

1988 წელს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა, ხოლო 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა - 53-მდე, სასულიერო პირთა - 1000-მდე. მოხდა კანონიზება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია, წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

2010 წლის 21 დეკემბერის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია