საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/24 13:19:49

საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“  დაემატა.


ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 20 დასახელება:

ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი,  ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი და ბოლნისი.


კიდევ ერთი ადგილწარმშობის დარეგისტრირება ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.


ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ ზემოთ აღნიშნული რეგისტრაციის მოთხოვნით ააიპ „სალხინოს ოჯალეშმა“  მიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მონაწილეობდა „სალხინოს ოჯალეშის“ წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში.


„სალხინოს ოჯალეში“ წითელი მშრალი ღვინოა, მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. იგი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ სალხინოს მიკროზონაში მოწეული ოჯალეშის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. სალხინოს მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგის მრავალფეროვნება, ოჯალეშის ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ მიკროზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს „სალხინოს ოჯალეშის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

 

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია