დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი აღინიშნა
2011/12/12 12:17:30

„ჩემი სამშობლოს, ქვეყნის და ერის სამსახურისათვის თავს დავდებ და, თუ საქმე იქმნა, მისთვის თავსაც ადვილად გავწირავ და სისხლსაც დავღვრი...“

ეს სიტყვები ეკუთვნის მიხეილ თამარაშვილს - კათოლიკე მღვდელს, დიდ ქართველ მეცნიერსა და მამულიშვილს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ისტორიკოსსა და მკვლევარს, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა შორის გამორჩეულ პიროვნებას, რომელმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გასწირა აბობოქრებულ ზღვაში სასიკვდილოდ განწირული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ისე, რომ არც უფიქრია, ეს ადამიანი ვინ იყო ეროვნებით, აღმსარებლობით.

მან, მიხეილ თამარაშვილმა, ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას, გააცნო საქართველოს ისტორია უცხოეთს. რასაც აკეთებდა, ყველაფერს საქართველოს და ქართველებს უძღვნიდა.

7 დეკემბერს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მიხეილ თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ავთანდილ ნიკოლეიშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ვიკარი პადრე გაბრიელ ბრაგანტინი, მონაზვნები ანა მარია და ლორედანა, ქუთაისის ბავშვთა ცენტრ „კარიტასის“ ხელმძღვანელი ლევან ბეგიშვილი, ქუთაისელი სტუდენტები.

მომხსენებლებმა - გიორგი მჭედლიძემ, ავთანდილ ნიკოლეიშვილმა, ლია გაბუნიამ, გურამ გაბუნიამ, სულხან კუპრაშვილმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიხეილ თამარაშვილის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის პროგრამების ხელმძღვანელი ნოდარ ჯიქია წინადადებით შემოვიდა, რომ კონფერენციამ მიმართოს ქუთაისის საკრებულოს პატივგების კომისიას, რათა ერთ-ერთ ქუჩას მიხეილ თამარაშვილის სახელი ეწოდოს.

გამოითქვა სურვილი, რომ ასევე დიდი კათოლიკე მღვდლის, ივანე გვარამიძის იუბილე მომავალ წელს აღინიშნოს ღირსეულად. მას, მიხეილ თამარაშვილის მასწავლებელს, უდიდესი დამსახურება   მიუძღვის    ჩვენი ქვეყნის წინაშე.

 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია