„იცი, ბიჭო, „პრიუტიდან“ რომ ხარ გამოყვანილი?“
ქუთაისელმა ცოლ-ქმარმა 16-17 წლის წინ ახალშობილი იშვილა. მამუკა სტუდენტი გოგონას და მისი ასაკოვანი ლექტორის ურთიერთობის ნაყოფი იყო. სწორედ იმ ლექტორის (ამჟამად გარდაცვლილის) მეუღლის ჩარევით გაიკვლიეს გზა მამუკასაკენ მისმა მომავალმა გამზრდელებმა.
ცოლ-ქმარ ხელაძეებს ქალაქში ბევრი იცნობს. ქალბატონი ლუიზა პედაგოგია, ბატონი გურამი წლების მანძილზე მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობაზე. მათ ოჯახში მამუკა სიყვარულითა და ალერსით გარემოცული გაიზარდა. მუსიკისაკენ მიდრეკილი, მაღალი, ქერა ბიჭი დადგა და უკვე მისმა თანატოლმა გოგონებმაც მოუხშირეს ტელეფონზე რეკვას...
ერთ საბედისწერო დღეს კი, მეზობელთან შელაპარაკების გამო, ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეზობლის ქალმა, თამარ კარკაიამ თავის ვაჟს საზიარო ღობესთან მდგარი დიდი ნეკერჩხლის ხე გააკაფვინა, ჩემკენ გადმოხრილი ტოტები ბოსტანს მიჩრდილავსო. ეს მას ხის პატრონებთან წინასწარ არ შეუთანხმებია, თანაც ხე მეტისმეტად გაიჩეხა. ხელაძეებმა მეცეცხლურ მეზობელს ამის გამო ძალიან უსაყვედურეს. კამათი და დავა რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდა. გულმოსულმა თამარ კარკაიამ შური იმით იძია, რომ ხელაძეების მცირეწლოვან ვაჟს ქუჩაში დახვდა და სახალხოდ მიახალა, ნაშვილები ხარო.
თავზარდაცემული ბავშვი შინიდან გაიქცა, თამარ კარკაიამ სადღაც, ნათესავებში უშველა თავს, ხელაძეების ოჯახში კი დარდმა და მწუხარებამ დაივანა.
არცთუ იშვიათად ხდება, როცა შვილად აყვანილისათვის ოჯახური საიდუმლოს გამხელა დიდ ტრაგედიად იქცევა ხოლმე. ყველა ვერ უძლებს ამ მოულოდნელ დარტყმას, ან აგრესიული ხდება, განსაკუთრებით - მცირეწლოვან ასაკში. საჭირო ხდება ფსიქოლოგის ჩარევა, სანათესაოს, სამეგობროს დიდი თანადგომა, განსაკუთრებული ზომების მიღება.
კანონი, რომელიც ამ დროს საიდუმლოს გამმჟღავნებელი პირის დასჯას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მკაცრია.
ხელაძეების ოჯახის ამბავიც არ არის სხვებისგან გამონაკლისი. დელიკატური თემაა და იქნებ, არც დაგვეწერა ამის შესახებ, რომ არა ერთი გარემოება - რედაქციაში თავად ქალბატონმა ლუიზა ხელაძემ მოგვაკითხა. გულმოკლულ ქალბატონს სურდა, საზოგადოებისთვის აეხსნა, რა მძიმე შედეგები მოაქვს ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებას ადამიანებისათვის; რა გამოუსწორებელი დარტყმა შეიძლება მიაყენოს მოზარდის ფსიქიკას უფროსებისაგან ნასროლმა როყიო სიტყვამ.
ლუიზა ხელაძე: „ჩემი ბიჭი მე-10 კლასში რომ გადავიდა, მკითხა: შენც და მამიკოც შავგვრემნები ხართ, მე - თეთრი, ცისფერთვალება, რატომ არ გგავართო? რაღაც მივკიბ-მოვკიბე, ვუთხარი, იცი, მამუკა, მამაშენის ბებია იყო რუსის ქალი და, ალბათ, იმის გენები გამოგყვა... დედაჩემიც თეთრი ქალი იყო-მეთქი. ეჭვიანად გადააქნია თავი, მაგრამ მეტად აღარ ჩამძიებია. იმ საღამოსვე ჩემს მულს მოვუყევი, ბავშვი რაღაცას ეჭვობს, რა უნდა ვქნა აწი-მეთქი. მულმა მირჩია, დაისვით ორივე ცოლ-ქმარმა ბიჭი და მოუყევით მისი ისტორია, კარგად გააგებინეთ - თქვენ რომ არ გაგეწიათ ნამდვილი დედ-მამობა, შეიძლება, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნილიყო მისი ბიოლოგიური მშობლების გამოისობითო. ერთი პირობა, გადავწყვიტე, ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ მერე შიშმა გამკრა: ვაითუ, შეგვიძულოს, აღარ მიგვიღოს-მეთქი და გავჩერდი. ნეტავი, მართლაც მაშინ შემეპარებინა ნელ-ნელა, წვეთობით, სიმართლე და სხვისი პირიდან არ გაეგო. პირდაპირ, ხანჯალივით დაასო გულში იმ ქალმა - ნაშვილები ხარო. ბიჭი ძალიან მგრძნობიარეა, ნერვიული... ჯერ მთლად ბავშვია, იმას შემოვევლე მე!..“
გამზრდელი დედა გამოგვიტყდა, რომ მას და მეუღლეს გადაწყვეტილი აქვთ, თუ მამუკა შინ არ დაბრუნდა, სახლი გაყიდონ და სადმე, სხვა ქალაქში, თუნდაც - თბილისში, გადაიხვეწონ: „ვერ გავუძლებ ამ კედლების, ეზოს, მამუკას ნივთების ყურებას... ყველაფერი მის თავს მაგონებს, მისი ბავშვობის თითოეულ ნაბიჯს... რა მიქნა ეს თამარამ, როგორ დაგვღუპა და ამოგვძირკვა. გვიღირდა ის საზიარო ხე ამად?“
ჩვენ შევეცადეთ, გავსაუბრებოდით მეზობლის ქალს, თამარ კარკაიას, რომელმაც ხელაძეების ოჯახურ ტრაგედიას დაუდო სათავე და რომელიც,ალბათ, კანონის წინაშეც აგებს პასუხს, თუ ხელაძეებმა უჩივლეს.
როგორც მოველოდით, „შინ არ იყო“ (ანუ სხვაგან გაიხიზნა), მისმა რძალმა (ვაჟის მეუღლემ) კი ასე გვიპასუხა: „აპა, რას იზამდა ჩემი დედამთილი, ისე გაამწარენ მაგენმა! ხე კი დგას მაგენის ეზოში, მარა ტოტები სულ ჩვენკენ ქონდა და მივაჭერით, ბოსტანს გვიჩრდილავდა. ლუიზიამ ერთი ამბავი დაუწია, ენდემური თუ გენდერული ჯიშია, რაფერ გეიმეტეთ, გახმებაო. ნამეტანი რო ოუწია ხმას, თამარამაც თავი დაიცვა, აპა, რავა! ხოდა, უთხრა: თუ არ მოკეტავ, ავდგები და შენ ბოვშს ვეტყვი, ნაშვილები რო გყავსო. აი, ნახავო. თურმე, მამუკიაც იქანე მდგარა და ქე გაუგონია...“
მართალია, რძალი ასე ამბობს, მაგრამ სულ სხვა რაიმეს ამტკიცებენ მეზობლები. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, გვიამბო: „თამარა სკოლიდან ამხანაგთან ერთად მომავალ მამუკას გზაზე დახვდა, მარკეტის წინ, და პირდაპირ მიახალა: იცი, ბიჭო, შენ, პრიუტიდან რომ ხარ გამოყვანილი? დედაშენი და მამაშენი სინამდვილეში შენი ნამდვილი მშობლები კი არ არიან, აგიყვანესო. წარმოიდგინეთ, 17 წლის ბიჭი, თავმოყვარე, ასეთ საიდუმლოს, თანაკლასელის და მარკეტის წინ მდგარი ხალხის წინ რომ გაიგებს, საქვეყნოდ! გათეთრდა, თურმე, საწყალი! ენაჩავარდნილი უსმენდა, მერე რვეული ძირს დააგდო და გაიქცა. სად - ვინ იცის! ორ კვირაზე მეტია, ეძებენ.“
მეორე მეზობელი: „ხელაძეებმა რომ გაიგეს, თამარას ენით მოხდა ყველაფერი და მაგან დაღუპა, მისცვივდნენ სახლში. გურამი მოკლავდა თამარას, შუაზე გაგლეჯდა, მაგრამ, ბედად, ის ქალი გასწრებული დახვდა. დაუმტვრია ზალაში ყველაფერი გაგიჟებულმა კაცმა და თამარას შვილებმა ხმა ვერ ამოიღეს. ანდა რა ნამუსით ეტყოდნენ რამეს? მერე ჩვენმა მეზობლის კაცებმა გაუკავეს ხელ-ფეხი გურამიას, ხუთი კაცი ვერ ამაგრებდა, ისე იყო გადარეული. ტიროდა ბავშვივით. ლუიზას ორჯერ მოვუყვანეთ ექიმი იმ საღამოს.“
***
მეზობლებთან გასაუბრების მეორე დღეს რედაქციაში მოულოდნელი სატელეფონო ზარი გაისმა. ქალბატონმა ლუიზამ მომახარა, მამუკა დაბრუნდაო.
დაღლილ-დაქანცული, გამხდარი, თვალებჩაცვენილი ბიჭი გამზრდელების ჭიშკარს მისდგომია და შორიდან ხმამაღლა დაუძახია: „დეეე!..“
***
როგორ სჯის კანონი პირს, რომელიც სხვის ოჯახურ საიდუმლოს გათქვამს და ნაშვილებს გაუმხელს, აყვანილი ხარო?
ციცინო ცხვედიანი, ადვოკატი:
„შვილად აყვანის საიდუმლოების დარღვევა, ცხადია, დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იგივე ქმედება - ა) იმის მიერ, ვინც ვალდებულია, დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება; ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 3 წლამდე; ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე.“
ასე, რომ თამარ კარკაიას, 59 წლის ქალბატონს, რომელმაც შურისძიების მიზნით ასეთი არაადეკვატური ნაბიჯი გადადგა, სინანულის ჟამი დაუდგა.
P.S. გასაგები მიზეზების გამო, სახელები და გვარები ყველგან შეცვლილია.
ნანული ქვიშარელი