დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ცხოვრობენ საზღვარგარეთ წასული მშობლების შვილები
2011/07/11 13:24:21

90-იანი წლებიდან დაიწყო დიდი მიგრაცია საქართველოში, მიზეზი უმეტესად ეკონომიკური სიდუხჭირეა. საზღვარგარეთ გადახვეწილი დედები წლების მანძილზე უვლიან მოხუცებს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საარსებო ფული გამოაგზავნონ, შვილებს მომავალი შეუქმნან და ასწავლონ, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ: „მათ მთავარი ავიწყდებათ, მოზარდს ხომ სწორედ გარდატეხის ასაკში ჭირდება მშობლის ყურადღება და სითბო.“

რას ფიქრობენ თავად ბავშვები, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ ჰყავთ?!

 

ნია ბაღდავაძე, 14 წლის: „რაც მშობლები წავიდნენ, შეიზღუდა ჩემი თავისუფლება, ბოლომდე დამოკიდებული გავხდი ბებიასა და ბაბუაზე, ისინი ბევრს მიკრძალავენ, სამაგიეროდ სოციალურად ვარ უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, რომ ჩემი მომავლისათვის ჯობდა წასულიყვნენ, თანაც მათ ხშირად ვესაუბრები, „skype“-ით ვხედავ და, ასეა, თუ ისე, მაინც მიმსუბუქებს დარდს.“

ნინო ძოწენიძე, 16 წლის: „არ უნდა წასულიყვნენ, ბებიასთან დამტოვეს, ის კი მაინც ძველმოდურია, ახალი თაობის საერთოდ არ ესმის, ანუ არც ჩემი, საშინელებაა, მირჩევნოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ და ფინანსურად მეტი შეზღუდულად მეცხოვრა, თანაც ისინი მე ახლა ძალიან მჭირდებიან. როდესაც ველაპარაკები, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ტკივილი სიცილით დავფარო, ისინი ამას იმსახურებენ, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ძალიან დიდი რამ მაკლია და ეს ოჯახური სითბო, დედის ხელია.“

გიორგი მიქაძე, 17 წლის: „დედა, 5 წლის ვიყავი, რომ გარდამეცვალა, მამა კი არ მუშაობდა, ამიტომ წავიდა საზღვარგარეთ. მე  სულ პატარა დამტოვა მამიდასთან. ცხოვრებაში კარგი არაფერი მინახავს, მამის ხელი მუდამ მაკლდა, ამიტომ სწავლას საერთოდ შევეშვი, ძმაკაცებია ჩემი ოჯახი დღეს. მამაჩემი ფულის მხრივ ყველანაირად მეხმარება და მეც ვირგებ ცხოვრებას, ყველანაირად ვცდილობ.“

ანა კაშნიანი, 10 წლის: „დედიკო რომ წავიდა, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მან ყოველთვის იცოდა, რა იყო სწორი, მუდამ გვერდით მედგა. ახლა თითქოს შევეჩვიე, მაგრამ ექსკურსიაზე მარტო მომიწია წასვლა. ბებო ავადაა, არ შეუძლია ისედაც, როცა შევხედე, რომ ყველა ბავშვს მშობელი ახლდა, მე კი ასე მარტოდ ვიყავი ძალიან დამწყდა გული და  ტირილი  დავიწყე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ დედა მალე ჩამოვა. ძალიან მენატრება.“

გივი გიორგობიანი, 15 წლის: „მე ბებოსთან დამტოვეს, მაგრამ მას არ შეეძლო, ცუდად იყო, ჩემი მოვლა კი არა, პირიქით, მოსავლელი იყო, ამიტომ მერე გამიშვეს ბიძასთან. ის ყველანაირად ცდილობს, გვერდით დამიდგეს, მაგრამ მამა მაინც სულ სხვაა და ძალიან მჭირდება ახლა. ვცდილობ, ვისწავლო და ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო, მე ხომ ვიცი, რა მწარეა, როცა მშობელი გვერდით არ გყავს, ამიტომ არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე ბედი გაიზიაროს, რაც მე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“
მშობლების გამგზავრებას ზოგჯერ სავალალო შედეგებიც მოაქვს, რომელიც ოჯახის ტრაგედიად იქცევა ხოლმე. აზა ჯოლორდავა 24წლის გოგონაა, რომელიც მოგვიყვება მისი გულის ტკივილს: „პატარა ვიყავი, ძალიან პატარა, მაგრამ ახლაც მტკივა ის დრო. როდესაც დედ-მამა წავიდა 12წლის ვიყავი, სულ მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ, დღემდე წასულები არიან. თავიდან ძალიან მეხმარებოდნენ, ფულს მიგზავნიდნენ, საჩუქრებს, მპირდებოდნენ, რომ მალე ჩამოვიდოდნენ. ეს გრძელდებოდა 5-6 წლის განმავლობაში, შემდეგ კი არც შეგვხმიანებიან, მიწა მიგვაყარეს, აღარ ვჭირდებით მე და ჩემი ძმა. ოჯახის გაძღოლა მე მომიწია, არ მინდოდა ჩემს პატარა ზურას თავი დაჩაგრულად ეგრძნო. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში განვაგრძო, მაგრამ ეს იარა მუდამ მოუშუშებელი იქნება ჩემს გულში.“

 

ასე რომ, მშობლების გარეშე დარჩენილი მოზარდი თაობა გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე ეკონომიკურად იძენს. ძვიფასი მობილურები, ტანსაცმელი, ან თუნდაც მანქანა, ვერასოდეს შეცვლის იმას, რაც მშობელთან ახლო ურთიერთობას მოაქვს.

 

მარიამ გუბელაძე, 41-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია