დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თავჩაქინდრული პალმები...
2011/06/13 13:04:32

ვინ აგებს პასუხს, თუკი აღმაშენებლის გამზირზე არც პალმები გაამართლებს?

 ჟურნალისტებს ხშირად გვაბრალებენ, რომ ყველაფერში ცუდს ვეძებთ, ვაზვიადებთ და ვცდილობთ, ყველაფერი ცუდი კუთხით დავინახოთ... მაგრამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, აღმაშენებლის გამზირს ვერ მოვუძებნე ისეთი კუთხე, საიდანაც ახლად დარგულ-დაბმული პალმები კარგად გამოჩნდებოდა. ჩემს ნააზრევს რიგითი მოქალაქეების გულისტკივილიც ამძაფრებს, ახალი ხუმრობით რომ იმშვიდებენ თავს: „ჯერ სად ხარ, თუ ჭკვიანად ვიქნებით ქუთაისელები, მალე ზღვასაც გვაჩუქებენო!“

თუ დავფიქრდებით, ეს ყველაფერი სახუმარო სულაც არ არის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ აღმაშენებლის გამზირზე მოთხრილი ხეები, თავიანთი ქმედების გასამართლებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა უბანში რომ გადაიტანა, ჩამოჭკნა და არც სამომავლოდ უჩანს კარგი პირი, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ გამოიყურებიან აღნიშნულ გამზირზე დარგულ-დაბმული იშვიათი ჯიშის პალმები. იქნებ მოვლენებს ვუსწრებ, თუმცა, საეჭვოა, თოკებით დაბმულმა, სამი მეტრი სიმაღლის პალმამ გაიხაროს,  ან საინტერესოა, როდემდე იქნებიან ისინი  რეაბილიტირებულ გამზირზე ამირანივით მიჯაჭვული, საერთოდაც როგორ მოახერხებს ადგილობრივი ხელისუფლება ქართან, (რაც არცთუ იშვიათი მოვლენაა ქუთაისში) ზავი დადოს? ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს, როგორ გამოიყურებიან ქარიან ქუთაისში საზღვაო პალმები და ყოველდღე ფოთლების შეჭრით როგორი შედეგიც მივიღეთ. რამდენად გაუძლებენ ჩვენებურ ცივ ზამთარს? ამ გადაწყვეტილებიდან კარგად ჩანს, რომ პალმების დარგვისას ხელისუფლების მესვეურთ ანდაზა  „ათჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“ არც კი გახსენებიათ, სამაგიეროდ, კარგად გამოსდით: „ერთხელ ააგე და ათჯერ გახსენი.“

ჩვენ არ ვცდილობთ მხოლოდ ცუდის დანახვას, მაგრამ ვერც პრობლემაზე ვხუჭავთ თვალს, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა გვიჩნდება. მაგალითად: რამდენად შეძლებს ადგილობრივი ბიუჯეტი ასეულობით პალმის შენახვას ზამთარში? მათი მოვლის რეკომენდაციებში ხომ შავით თეთრზე წერია:       „არ გააჩეროთ ნარგავი 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაში, უყვარს მზე და ხშირი მორწყვა“. დავუშვათ, წყალი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როგორ აპირებენ მთელი წლის მანძილზე ამოანათონ მზე, როდესაც ახლა იმაშიც კი ვერ გავრკვეულვართ, ჩვენი მზე საიდან ამოდის... მერიის შესაბამისი სამსახური ასობით პალმასაც ისევე ხომ არ შეფუთავს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ აყვავებულ ოთხ ძირ პალმას?

ძნელია, ხედავდე ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კითხვები არ გაგიჩნდეს: რატომ არავინ დაინტერესდა,საიდან ჩამოიტანეს  იშვიათი ჯიშის პალმები? ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენი „მეგობარი“ ქვეყანა, „რომელმაც ისინი გვიწყალობა, მათ ჩვენთან გამოსაგზავნად არ გაზრდიდა. ჰუმანიტარულ დახმარებას მიჩვეულები „მეორადი“ ხეების მიღებითაც ხომ არ ავღფრთოვანდით?

ასევე გვიჩნდება კითხვა: რატომ არ დაეკითხა ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას, როდესაც მათ მიერ დადგმული რკინის ჯვარი აიღეს და ხეებივით სხვაგან გადაამისამართეს? რატომ არაფერს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეობრივი აზრი, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება, შექმნას დეგრადირებული საზოგადოება, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს დაინახავს და რომელსაც მხოლოდ სანახაობა დააინტერესებს? რატომ არ უფრთხილდება ხალხი საერთო სიმდიდრეს, რატომ აძლევს უფლებას მის მიერვე არჩეულ ხელისუფლებას - უწოდოს ბრბო და ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ აქვს ამბიცია ევროპელობის?

მავანთა სამწუხაროდ, ყოველდღე მიხდება აღმაშენებლის გამზირზე გავლა და ყოველდღე ვადევნებ თვალს, როგორი მონდომებით ცდილობენ მუშები ურჩ ქარს გადარჩენილი „მწვანე მარაოების“ თოკებით შეკვრა-დამაგრებას. საინტერესოა, ჩვენი ქალაქის პირველ პირს, რომელიც ხეების მოთხრას უშუალოდ ადევნებდა თვალს, იმის შემდეგ თუ უნახავს და თუ მოსწონს გამხმარი პალმები? ბუნებრივია, კვლავ ჩნდება კითხვა: ვინ აგებს პასუხს, თუკი რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე არც პალმები გაამართლებს?

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია