დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჭუბერის გზას მივუყვებოდით...
2011/06/06 12:56:40

ჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დავტოვე. მართალია, არც ისე დიდი გახლდით, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი სოფელი მერხეული.

 

ექვსი წლისა ახლდით, როცა აფხაზებმა სოხუმი დაიკავეს. გზები გადაიკეტა ჯავშან-ტექნიკით და შემოდიოდნენ რუსი სამხედროები. ყოველდღე ისმოდა გაუთავებელი სროლის ხმა. მიუხედავად ამისა, ჩემს მშობლებს არ სურდათ საკუთარი კუთხის დატოვება. დარწმუნებული იყვნენ, ყოველივე ეს დროებითი იყო და მალე დასრულდებოდა. მხოლოდ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, გადაწყვიტეს იქაურობის დატოვება.

საღამო ხანი იყო, ბავშვებს ჩაცმულებს გვეძინა. დედამ გაგვაღვიძა და წასასვლელად მოგვამზადა. ჩემი ძმა სულ პატარა იყო. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ამოიყვანა დედამ აკვნიდან და თბილი საწოლი იქვე დატოვა. შინიდან გამოვედით და სახლის კარები დავკეტეთ იმ იმედით, რომ მალე დავბრუნდებოდით. ჭუბერის გზას მივუყვებოდით, რომელიც თოთხმეტი დღის განმავლობაში განვვლეთ.

მივდიოდით წვიმაში, თოვლში და სიბნელეში. როცა სროლა ატყდებოდა, ვჩერდებოდით და ვიმალებოდით.

ერთხელაც, კარავს მივუახლოვდით. გაგვიხარდა. სიარულისაგან ისე ვიყავით დაღლილი, რომ ვიფიქრეთ, დავისვენებდით და ერთ ღამეს მაინც ნორმალურად გავათენებდით. კოკისპირულად წვიმდა, თანაც ბინდდებოდა და გზის გაგრძელებას ვერ შევძლებდით.

დედამ კარავში შეიხედა,  დაინახა ქალი, რომელიც ჩვილ ბავშვს აჭმევდა. ღამის გასათევი ითხოვა, ქალმა ცივი უარით გამოისტუმრა. არანაირმა ხვეწნამ არ გასჭრა. უკნიდან ფეხისა და იარაღის ჩხაკუნის ხმა მომესმა. მე შევშინდი და დედის კალთას ამოვეფარე. ეს აღმოჩნდა აფხაზი ჯარისკაცი, რომელსაც დედის ხვეწნა გაუგონია და ქალს უბრძანა, ნება დაერთო ჩვენთვის, ღამე გაგვეთია კარავში. შევედით, გადასაფარებლები ძირს დავაფინეთ, რადგან საწოლი არ მოგვცეს. დედა და ბებო ძირს დასხდნენ, მე და ჩემი დედმამიშვილები კალთაში ჩაგვსვეს. ღამე ასე სიმწრით გავათენეთ.

დილით მოხუცმა კაცმა შემოიხედა. ჩემი გონებიდან არასოდეს ამოვა მისი ცრემლმორეული თვალები და ნაღვლიანი სახე, ხმის კანკალით ითხოვდა პურის ნაჭერს. თურმე მისი შვილი შიმშილისგან ცუდად გამხდარიყო. დედა ადგა და რაც ჰქონდა, მისცა. მან კი ათასი მადლობა გადაუხადა...

ექვსი წლის ბავშვმა სულ ფეხით გავიარე სვანეთის მთები. ქარში, წვიმაში, თოვლში. ისე რომ არავინ დამხმარებია. ერთი საათით მაინც რომ ვინმეს ხელში ავეყვანე, ჩემთვის ეს მართლაც დიდი დახმარება იქნებოდა.

თავდაპირველად ქარელში აღმოვჩნდით, უმძიმესი პირობების გამო ქუთაისში წამოვედით. კარგად მახსოვს გაჭირვების წლები. ისეთი დღეები გამოვიარეთ, როცა პურის გარდა, არაფერი გვქონდა. ჭურჭლის უქონლობის გამო მორიგეობით ვჭამდით.

გავიდა დრო... ჩემმა მშობლებმა ცხოვრება ხელახლა დაიწყეს. ყველაფერი თავიდან შეიძინეს. არ ეპუებოდნენ გაჭირვებას. თავდაუზოგავად შრომობდნენ და ცდილობდნენ, შვილები მშივრები არ ჰყოლოდათ. კი, მართალია, ისინი დღემდე ჩვენს სიხარულსა და ბედნიერებას წარბშეუხრელად იზიარებენ, მაგრამ მათ თვალებში დაბუდებულ სევდას, საკუთარი კუთხის ნოსტალგიას დრო ვერ წაშლის. ისინი დღესაც მზად არიან, იგივე გაჭირვებას, დამცირებას, სიცივეს, შიმშილს გაუძლონ, ოღონდ საკუთარ მხარეში დაბრუნდნენ. მზად არიან, დათმონ წვალებით, ძლივს შეძენილი კეთილდღეობა და იქ, სოხუმში, ისევ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

...ჩემი ბავშვობისა და სტუდენტობის წლები აქ, ქუთაისში, გავატარე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ვიხილო აფხაზეთის სილამაზე, იმ სითბოსა და სიყვარულს ვეზიარო, რომელიც ჩემს მშობლებს დღემდე აქვთ იქაურობისადმი.

 

ლელა სანაია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია