დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ დაჯარიმდება მიწის ახალი კანონით?
2011/04/04 12:49:16

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მიწების 30 პროცენტია დაუმუშავებელი, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ეს მაჩვენებელი, რეალურად, ბევრად მეტია და, დაახლოებით, 60 პროცენტს აღწევს. მათი თქმით, ამჟამად, დაახლოებით 250ათასი ჰექტარი მუშავდება, რაც ძალიან მცირეა ადრინდელ მაჩვენებელთან შედარებით, როცა 750 ათასი ჰექტარი მუშავდებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ დღეს მიწები ისეთი ხალხის ხელშია, ვინც არ არის დაინტერესებული მისი დამუშავებით. ამიტომაც მომავალი წლიდან ასეთი მიწის მფლობელს გადასახადი დაეკისრება და იძულებული გახდება, მიწა თავად დაამუშაოს, იჯარით გასცეს, ან გაასხვისოს. მთავრობის გეგმის მიხედვით, შეიქმნება მიწის ბანკი და საინფორმაციო ცენტრი, რათა ინვესტორებმა მარტივად შეძლონ სასურველი მიწის ნაკვეთის შეძენა.

 

საქართველოს პრეზიდენტის მორიგმა ინიციატივამ გლეხები და „ფერმერები“ საგონებელში ჩააგდო: „საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს. მთავრობამ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა - ქვეყანაში შემოვიტანეთ იაპონური ტრაქტორები, მოვაწესრიგეთ სარწყავი არხები და სათანადო საგადასახადო კოდექსიც მივიღეთ, ბევრი მიწაა დაუმუშავებელი იმიტომ, რომ შევარდნაძის დროს პროკურორებმა, გამგებლებმა, მინისტრის მოადგილეებმა დაირიგეს მიწები. ახლა, ელოდებიან, რომ ფასი მოემატოს და სარფიანად გაყიდონ. მაგრამ ეს არ გამოვა.“ - ეს არის ციტირება პრეზიდენტის განცხადებიდან მიწის გადასახადთან დაკავშირებით.

სხვათა შორის, ექსპერტები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ემხრობიან. მათი აზრით, კარგი იქნება, თუ წლობით დაუმუშავებელი და მიტოვებული ფართობები ინვესტორებს გადაეცემათ. ამასთანავე, იმასაც ამბობენ, რომ არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა, რომლის გამოც გლეხები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

თუ რა პრობლემების წინაშე დგანან მიწის მფლობელები, ამის გარკვევას თერჯოლის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან საუბრისას შევეცადეთ.

ვალერი სახელაშვილი, მიწის მფლობელი: რომ შემოიყვანეს ტრაქტორები, ყველას გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, რამე გვეშველებოდა, მაგრამ მე ის ტრაქტორი, ტელევიზორში რაც ვნახე, იმის შემდეგ თვალით არ მინახავს. რომ აპირებენ  მოსახლეობას გადასახადი დააკისრონ, თუ მიწას არ დაამუშავებენ, იმას რატომ არავინ ფიქრობს, რომ ხალხს მიწის დამუშავების და სასუქის შესაძენი ფული არ აქვს. გადასახადის ფული რომ მქონდეს, ბარემ მიწას დავამუშავებდი და ტყუილად ჯარიმას არ გადავიხდიდი. არ შეიძლება, კანონი ასე ხელის ერთი მოსმით მიიღო, დაეხმარონ გლეხს და თუ მაინც აღარ დაამუშავებს  მიწას, მერე დააჯარიმონ.

გურგენ ბუცხრიკიძე, მიწის მეპატრონე: მაგათ რომ არ მითხრან, მიწა რომ უნდა დავამუშაო, მე არ ვიცი? რაღა ჯარიმა უნდა ისედაც გაღატაკებულ ხალხს. პრეზიდენტმა რომ თქვა, მიწები შევარდნაძის დროს მინისტრებმა დაირიგეს და არ ამუშავებენო, თუ იცის, უკანონოდ რომ დაირიგეს, ადგეს და ჩამოართვას, რაღა ჯარიმას უწესებს. მარა „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“, ისეა მაგათი საქმეც. მე რაღაც ორი ჰექტარი მიწა მაქვს, იმის დამუშავებას ვერ ვახერხებ. მარტო დახვნა ხომ არაა, არც დასათესი სიმინდია, არც სასუქი და არც არაფერი, ამიტომ ხალხმა მიწები მიატოვა, რამაც, თავისთავად, ადგილობრივი პროდუქტი შეამცირა. არადა, ჩვენი შესაძლებლობის ქვეყანას სურსათი რატომ უნდა შემოჰქონდეს?

მზია კაჭარავა: ტრაქტორები კი შემოიყვანეს, მაგრამ რად გინდა!.. რიგში უნდა ჩადგე, ეს რიგები კი იმხელაა, მეორე წელს თუ მომიწია, ხომ კარგი. უკვე დაიწყო დახვნა, ისე ძვირი ჯდება, თუ მოვახერხე, კარგია. ასე მხოლოდ მე არ ვარ, უმრავლესობა ამ დღეშია. დაგვეხმარონ, რომ ჩვენც და ქვეყანამაც იარსებოს. რამდენიმეჯერ კი დაარიგეს სასუქი, მაგრამ შარშან ესეც არ იყო, აღარავის აღარ უნდა მიწის დამუშავება, რადგან, რაც ის ჯდება, იმის  ფასი იქ ვერაფერი მოჰყავთ.

თამაზ არაბიძე: ამბობენ, რომ მიწის გადასახადი, ხუთ ჰექტარზე მეტი მიწა ვისაც აქვს, მათ დაეკისრებათ. იმ შემთხვევაში, თუ არ დაამუშავებენ. ეს მაინც კარგია. აბა, გლეხს რამდენიმე ათასი მეტრი მიწა რომ აქვს, რისი გადასახადის თავი ექნება, თუ ვერ ამუშავებს ამას მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს ფული არ აქვს, რომ მიწა დაამუშაოს და მოსავალი მოიყვანოს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს  ჯარიმები ცუდი არ უნდა იყოს, რადგან ხალხმა მიწები მიატოვა და აღარავინ ამუშავებს. მიმაჩნია, რომ ასეთ ადამიანებს ჯარიმა ან გადასახადი უნდა დაეკისროთ. მართალია, ძვირი ჯდება მიწის დამუშავება, მაგრამ მიწის ასე მასობრივად მიტოვება არ შეიძლება.

 

***

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, მინისტრების გამოსვლების დროს, ქრისტიან-დემოკრატებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის გადადგომა მოითხოვეს. მიზეზად აღნიშნული სამინისტროს გაუმართავ მუშაობას და სოფლის მეურნეობის გაპარტახებას ასახელებენ. ამის პარალელურად, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სოფლებში კარგი მდგომარეობაა და სახელმწიფო ამ დარგის ასაყვავებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. ჩვენ კი, დიდიხანია, რაც        „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს,“ - მდგომარეობაში ვიმყოფებით.

საქმის კეთებასთან შედარებით, ახალი ტერმინოლოგიის დამკვიდრება რომ უკეთესად გვეხერხება, სიახლე აღარავისთვისაა, აბა, რატომ ჰგონიათ მავანთ, რომ თუკი გლეხის ნაცვლად სიტყვა ფერმერს გამოვიყენებთ, მდგომარეობა შეიცვლება? „ფერმერი“, თავისი მნიშვნელობით, შეძლებულ, წარმატებულ გლეხს ნიშნავს. საკითხავია, ჩვენს სინამდვილეს რა ტერმინი უფრო შეეფერება: გაფერმერებული გლეხი, თუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სოფლის მცხოვრები?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია