დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსე ჭიქა
2011/01/31 12:51:21

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია - პირველი საინფორმაციო კავკასიურის ეთერიდან პასუხობდა მოქალაქეთა შეკითხვებს, რომლებიც მას პირდაპირი ჩართვების დროს  დაუსვეს. კითხვების გაგზავნა ელექტრონული ფოსტითაც იყო შესაძლებელი, ასევე, ცალკე დარბაზში შეკრებილი იყვნენ ქართველი ჟურნალისტები. სატელევიზიო შოუში მონაწილეობის გარეშე არც საზღვარგარეთ მყოფი ქართველები დატოვეს და არც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. თუმცა რამდენად ადეკვატური იყო ის პასუხები, რაც ქვეყნის პირველმა პირმა ხალხის შეკითხვებს გასცა?! 

მიხეილ სააკაშვილის 25 იანვრის სატელევიზიო გამოსვლა ტელეკომპანია „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ ეთერში შეფასებებისა და მსჯელობის საგნად იქცა - პრეზიდენტის  გუნდის წევრებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მომხრეებმა, რა თქმა უნდა,  სატელევიზიო შოუს უმაღლესი შეფასება მისცეს და მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტმა ყველა შეკითხვას  მკაფიოდ და გასაგებად გასცა პასუხი, სწორად დასვა აქცენტები საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, ასევე მან თქვა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელი დარჩა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი, პირიქით, პრეზიდენტის 25 იანვრის სატელევიზიო გამოსვლა, ტრადიციულად, პროპაგანდის და ქართველი ხალხის „დაბოლების“ კიდევ ერთ მცდელობად ჩათვალეს და მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტმა ხალხის შეკითხვებს ვერ უპასუხა.

ეს სტანდარტული შეფასებები თუ ვინ გააჟღერა და რამდენად ვრცლად ილაპარაკა - მნიშვნელობა არა აქვს, კომენტარების პათოსი ადვილად მისახვედრია და გამოსაცნობი. ერთი სიტყვით, პრეზიდენტის მომხრეებმა ჭიქა ნახევრად სავსე დაინახეს, ხოლო ოპოზიციურად განწყობილმა მაყურებელმა - ჭიქა ნახევრად ცარიელი...

რამდენად შეესაბამებოდა   ხალხთან კომუნიკაციის ასეთი ფორმა დემოკრატიის სტანდარტებს?! - რა თქმა უნდა, ხალხის უშუალო ურთიერთობა პრეზიდენტთან დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინებაა, თუმცა არა - უმაღლეს ხარისხში. კლასიკური დემოკრატია მხოლოდ  ხელისუფალისათვის კითხვის დასმის უფლებით არ იზომება, მით უმეტეს, როდესაც კითხვას ისეთ ფორმატში სვამ, რომელიც მეტწილად საბჭოური სტანდარტების ასოციაციას ტოვებს. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ეს გადაცემა, როგორც დემოკრატიის, ასევე ტიპურ ტოტალიტარულ საბჭოთა მენეჯმენტის ელემენტებს შეიცავდა, რადგან იქ იყვნენ რაღაც ჯგუფები, შეკითხვის დამსმელები, რომლებიც წინასწარ იყვნენ ორგანიზებულნი და შეკითხვები წინასწარ იყო შეთანხმებული. აურა, რომელშიც ეს ადამიანები (შეკითხვის დამსმელები) იყვნენ მოქცეული, მათგან მოითხოვდა ვალდებულებას, ყოფილიყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურნი და არ დაესვათ მწვავე შეკითხვები. თუმცა, იქ იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებსაც, ცხადია, ვერავინ გაუბედავდა შეკითხვების შეთანხმებას, რაც უკვე შეესაბამებოდა დემოკრატიის სტანდარტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის მსგავსი ფორმატით გამოსვლა - პრეზიდენტი ხალხს უსმენს და პასუხობს - მეორე გახლდათ, თუმცა დიდი განსხვავება ამ ორ გამოსვლას შორის, ფორმატის და პათოსის თვალსაზრისით, არ შეიმჩნეოდა. მსგავსი პრაქტიკა ხალხთან ურთიერთობისა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზივი არ არის და სხვა პრეზიდენტებიც იყენებენ, თუმცა გააჩნია კომუნიკაციის ფორმატს - პრეზიდენტ სააკაშვილის ხალხთან ასეთი კომუნიკაციის ფორმატი თითქმის ჰგავს პრეზიდენტ... უკაცრავად, პრემიერ პუტინის თოქ-შოუს (ცერემონიალური განწყობა, მოქალაქეთა ჯგუფების პირდაპირი ჩართვები, შთაბეჭდილება, რომ კითხვები წინასწარ არის შეთანხმებული და ა.შ.), ვიდრე პრეზიდენტ ობამას მიერ მოწყობილ ონლაინ-კონფერენციებს.

რამდენად ადეკვატური პასუხი გასცა პრეზიდენტმა ხალხის შეკითხვებს?! - სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში გამოქვეყნებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, პრეზიდენტმა ხალხის შეკითხვებს ვერ უპასუხა...

პოლიტოლოგის და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს იყო უფრო დემოკრატიულობის დემონსტრირების სურვილი - კითხვები, რომელიც, სავარაუდოდ, ხალხიდან  დაისმებოდა, დაისვა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ პრეზიდენტი რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ იყო, რაც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის გუნდს საზოგადოებაში არსებულ სავარაუდო კითხვებზე პასუხების გაცემისთვის არ უმუშავია.

რა თქმა უნდა, სამი საათის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და ამ კითხვებისა და პრეზიდენტის პასუხების მიმოხილვა ერთ საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია, ამიტომ შეიძლება ერთი სტანდარტული წინადადებით ითქვას - შეკითხვები შეეხებოდა სოციალურ პრობლემებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროს. განსაკუთრებული სიმწვავით კი გამოირჩეოდა სოციალური და ეკონომიკური თემატიკა -  უმუშევრობის, საპენსიო უზრუნველყოფის, დევნილთა გამოსახლებებისა და ინფლაციის შესახებ.

მაინც, რაზე მიუთითებს მსგავსი ფორმატის თოქ-შოუს არსებობა ჩვენს საზოგადოებაში?! სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ეს მიგვანიშნებს, რომ დემოკრატიის ელემენტები ჩვენთან არის, თუმცა ჩვენი საზოგადოება შორსაა სრულყოფილი დემოკრატიისგან. 

და ბოლოს, გულახდილად უნდა ვთქვა მკითხველის წინაშე, როდესაც ამ პროექტის საჭიროებასა და ადეკვატურობაზე დავიწყე  საუბარი, ერთი ფრაგმენტი გამახსენდა: ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვის დროს ერთ-ერთი მოქალაქე, პროფესიით პედაგოგი, პრეზიდენტს  უსვამს კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ტურიზმის განვითარება აჭარაში და არა - როგორ მოგვარდება ის აუარება პრობლემა, რაც განათლების სფეროში არსებობს.  ასეთივე ადეკვატური იყო სატელევიზიო თოქ-შოუ, სახელწოდებით „პრეზიდენტი პასუხობს ხალხს“...

P.S. „რას შვებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას!.. ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელ სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!“ 

„დათა თუთაშხია“

 

 

 

გრიშა ჩარგაზია, 82 წლის: „მსოფლიოში არეულობაა და სხვას ისევ ჩემი ქვეყანა მირჩევნია. ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას და სოციალურ პრობლემაზე ამომწურავი პასუხი გასცა. ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება შეუძლებელია. მე კი მომავლის იმედი მაქვს“.

 

ნოდარ ხურცილავა, 76 წლის: „პრეზიდენტს სოციალურ პრობლემაზე თავი არ აურიდებია, თვითონ თქვა, ღამეები არ მძინავსო! მასაც უნდა, რომ დევნილები დაკმაყოფილებულნი იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩვენ გვინდა, არ გამოდის და რა ვქნათ! პენსია მართლა არ გვყოფნის, თუმცა, ამბობენ, მომავალში გაიზრდებაო და ჩვენც ველოდებით“.

 

ნათია გოგლაძე: „არანაირად არ იყო პრეზიდენტის პასუხები ამომწურავი. უმუშევრობა უდიდესი პრობლემაა და სწორედ ამიტომ მიდიან ქართველები საზღვარგარეთ. კი, კარგია, ქალაქში კეთდება რაღაცები და როცა გარემო ვიზუალურად ლამაზია, ესეც უხარებს გულს ადამიანებს. საქმე იმაშია, რომ ამდენი დაუსაქმებელი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც ნებისმიერ სამუშაოზე წამსვლელები არიან და ვერ აკმაყოფილებ. შემდეგ, პასუხს რომ მოგთხოვს, მაშინ როგორ უპასუხებ? პენსიონრებს კი დაპირებული 100 დოლარი უნდა მისცენ. სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროა პენსიონერზე შეღავათები. მარტო პრეზიდენტის იმედზე არ უნდა ვიყოთ. მოსახლეობამ ქვეყნის აღორძინებას უნდა შევუწყოთ ხელი“.

 

ხანდაზმული ქალბატონი (ვინაობა არ გაგვიმხილა): „პენსიონერებს მოგვიწოდა, დაპირებულს შეგისრულებთო და ჩვენც ამის იმედი გვაქვს“.

 

ნინო არველაძე, 18 წლის: „არ ვთვლი, რომ პრეზიდენტმა ამომწურავად გასცა კითხვებს პასუხი. იმაზე ილაპარაკა, არ აქვს მნიშვნელობა, სად გაქვთ მიღებული განათლებაო! არადა, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის გარეშე დღეს შეუძლებელია დასაქმდე ნორმალურად სამსახურში. ცხადია, ხელისუფლება ჰამბურგერებით გამოკვებილ მცოდნეებს უპირატესობას ანიჭებს“.

 

ამირან ხურციძე, 58 წლის: „ვფიქრობ, ნორმალურად გასცა პასუხი, თუმცა შესრულებაა მთავარი... დღეს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები ჭირს. მედიცინაში არის პრობლემები. ადამიანს სასწრაფო ოპერაცია რომ დასჭირდეს, შეღავათი უნდა ჰქონდეს. მედპერსონალი კი გატერორებს და გძარცვავს! მართალია, ქალაქი თანდათან ლამაზდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარსებობთ, თითოეული ჩვენგანი ვსუნთქავთ“.

გაგრძელება მე-6 გვერდზე 

 

48 წლის მამაკაცი (ვინაობა არ გაგვიმხილა): „საერთოდ პრეზიდენტს იმ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, რომელიც გადაცემის მსვლელობაში დაისვა. საუბრობდა ტურიზმზე. რათქმა უნდა, საქართველოში ტურიზმის განვითარება საჭიროა, მაგრამ გაცილებით უფრო, მწვავე პრობლემები აწუხებს მოსახლეობას. გაიძახის ინფლაცია ჩინელების მადამ გამოიწვია და თქვენ სულ ჭამა ნუ გახსოვთო. ნება იბოძოს და პენსია და ხელფასები გაზარდოს“.

 

ოთარ ჭუმბურიძე, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი: „პრეზიდენტის გამოსვლა აუცილებელი იყო, რადგან დღეს ასეთი სიტუაცია შეიქმნა. მე განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება დევნილებზე. ისინი მშობლიური კუთხიდან კი არ გამოაძევეს, არამედ ოჯახებიდან და ჩვენ როგორმე უნდა შევუმსუბუქოთ ტკივილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ დევნილებს, თუმცა მათ სახელმწიფო დაწესებულებებში ვერ გავაჩერებთო. ისაუბრა მასწავლებლების ხელფასზე. პედაგოგებს ნამდვილად სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება და გადახარისხება. ამის მერე კი მათ პრეზიდენტი ჰპირდება, რომ ხელფასი 1000 ლარი ექნებათ. მშიერი პედაგოგი, რომელსაც პრობლემები აწუხებს, ფაქტიურად, კარგ გაკვეთილს ვერ ჩაგიტარებს. პრეზიდენტმა ხანდაზმულების პენსიაზე თქვა, რომ 100 დოლარი გახდება. იმედია, ეს ყველაფერი დაპირებად არ დარჩება. ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს, ამით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმდება. ესაა ჩემი შეფასება, აბა მეტი რა გითხრათ“.

 

მამუკა მღვდელაძე, ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები“, ქუთაისის რეგიონული ფრთის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი: „ეს ფორმატი ადაპტირებულია და კარგია, მაგრამ საქმე იმაშია, რადენად იყო ხალხი ჩართული. მებადება კითხვა, რა სახის ინფორმაცია აღწევს პრეზიდენტამდე? ცოცხალ მაგალითს მოგიყვებით, ქუთაისელი მასწავლებლები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ პრეზიდენტს, მაგრამ უშედეგოდ. ყველა შეიძლება ვერ ჩართულიყო, მაგრამ რეალურად კითხვების დასმის უფლება უნდა მიეცათ ხალხისთვის. გადაცემიდან გამომდინარე, დასკვნა გამოვიტანე, რომ პრეზიდენტი წინასწარ მომზადებული იყო. თუ ჩვენ ვამბობთ, სააკაშვილი ესაუბრა ხალხს, მაშინ უფრო მეტი გახსნილობაა საჭირო“.

 

ნინო, სტუდენტი: „ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არცთუ მწვავე კითხვები დაუსვეს, მან მაინც არცერთს უპასუხა. კონკრეტულად ჟურნალისტების შეკითხვებს კი სრული იგნორირება გაუკეთა. არ ვიცი, რა აზრის არიან ქუთაისელები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა სწყენოდათ, ჩვენს ქალაქს სიტყვა რომ წაართვეს.

 

(ჩაიწერეს მაკა გასაშვილმა და ნოდარ ჯოჯუამ)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1451
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია