დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიყვარდეთ თეატრი, ის თქვენ ცხოვრებას შეგიმსუბუქებთ!
2011/01/24 12:54:25

150 წელი! ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ბევრია, ისტორიისთვის კი, ალბათ, ძალიან ცოტა... სწორედ ამდენი დრო გავიდა ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან. 1850 წელს თბილისში დაწყებულ კულტურულ განვითარებას არც ჩვენი ქალაქი ჩამორჩა და თეატრალურმა წარმოდგენებმა მალე ქუთაისშიც დაწყო ადამიანთა ყურადღების მიპყრობა. პროფესიული თეატრი აქ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაფუძნდა, რისი ნიადაგიც სცენისმოყვარეთა (აკაკი წერეთლის, ეფრო კლდიაშვილის, ანტონ ლორთქიფანიძის, კოტე მესხის, ვალერიან გუნიას, ლადო მესხიშვილის, შალვა დადიანის) სპექტაკლების მეშვეობით, 1861 წლიდან მზადდებოდა.

 

ქუთაისის თეატრის ისტორიის უბრწყინვალეს პერიოდადაა აღიარებული ის წლები, როცა მას სათავეში ლადო მესხიშვილი ედგა. იგი პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებულ სპექტაკლებს დგამდა, ამ დროს რეპერტუარში შედიოდა საუკეთესო ქართული, რუსული და დასავლეთ ევროპის დრამატული ნაწარმოებები. ქუთაისის თეატრში მუდამ აუარებელი ხალხი ყოფილა, თურმე... მაყურებელი შესჩვევია თეატრში სიმართლის დანახვასა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას. ამის გამო ლადო მესხიშვილის პოლიტიკა შეუმჩნეველი არ დარჩენია მეფის რუსეთს და თეატრისთვის ცეცხლიც გაუჩენიათ.

1921-28 წლებში ქუთაისურ სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ და დასს ხელმძღვანელობდნენ: შალვა დადიანი, სანდრო ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, შოთა მანაგაძე, ნიკო გოძიაშვილი და მიხეილ ქორელი. ამ პერიოდშიც თეატრის რეპერტუარი მკაცრ ცენზურას განიცდიდა მთავრობის მხრიდან და ეს იყო ხანა იდეურ-მხატვრული ღირებულებების გადაფასებისა.

1928-30 წლებში კი ქუთაისში მოღვაწეობას იწყებს დიდი კოტე მარჯანიშვილი, იგი თეატრს ორი სეზონის განმავლობაში უძღვებოდა. ამ პერიოდში ქუთაისის სცენაზე თამაშობდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია და სხვა ვარსკვლავები. 

კოტე მარჯანიშვილის შემდეგ თეატრს ბევრი ცნობილი და ნიჭიერი ხელმძღვანელი ჰყავდა, ბევრმა გამორჩეულმა და საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა აიდგა ფეხი ამ სცენაზე და ტრადიციების შენარჩუნებას ახლა უკვე მათი ნაკვალევის გამგრძელებლები ცდილობენ.

1940 წელს თეატრს მიენიჭა ლადო მესხიშვილის სახელი, 1955 წელს კი თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი გადავიდა არქიტექტორების შ. თავაძისა და მ. შავიშვილის პროექტით ნაგებ შენობაში. ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2000 წელს მისთვის აკადემიური სტატუსის მინიჭება, 2007 წელს კი - „მცირე სცენის“ გახსნა. 2007 წლიდან თეატრის მმართველია გიორგი სიხარულიძე, რომლის ხელმძღვანელობით დაიდგა ბევრი ახალი სპექტაკლი და სასიამოვნო ცვლილებებს ამ კუთხით კვლავ უნდა ველოდოთ.

როგორც ამბობენ, თუ სცენის მტვერი ერთხელ ჩაისუნთქე, შემდეგ მის გარეშე ცხოვრება გიძნელდებაო. იმ მსახიობებმა, რომლებმაც ქუთაისელ მაყურებელს თავი დაამახსოვრეს მათ მიერ შექმნილი სცენური სახეებით, ამ მტვრის გემო უკვე გაიგეს და „უთეატრობის ალერგიითაც დასნებოვნდნენ.“ რა თქმა უნდა, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრები განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ მშობლიური სცენის იუბილეს, ქუთაისსა და სრულიად საქართველოს თეატრალებს კი შემოქმედებით წინსვლასა და  მაყურებელთა სიმრავლეს უსურვებენ.

ანზორ ხერხაძე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი: „საქართველოს სხვადასხვა თეატრების მსახიობები აღნიშნავენ, რომ ყველაზე გულისხმიერი და ობიექტური მაყურებელი ქუთაისს ჰყავს,  თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქალაქიც უჩივის თეატრის მოყვარულთა სიმცირეს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ თეატრი თავის მაყურებელს ისევ დაიბრუნებს: ვერიკო ანჯაფარიძე ამბობდა, ის (თეატრი) ისეთი ავადმყოფია, რომელიც არც განიკურნება და არც მოკვდებაო. ყველა ჩემს კოლეგას და ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, განებივრებულნი ყოფილიყვნენ პრემიერებით, კარგი სპექტაკლებით და მაყურებელთა სიმრავლით.“

ვაჟა ოყრეშიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი: „150 წლის განმავლობაში ქუთაისში ჩამოყალიბდა კარგი თეატრი. იყო, რა თქმა უნდა, ჩავარდნის პერიოდებიც, თუმცა ტრადიციები არ დაკარგულა და დღემდე მოვედით. მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ჩემი მშობლებიც ამ თეატრს ემსახურებოდნენ და დიდი მსახიობების გვერდით ვიზრდებოდი. მართალია, ახლა ხელოვნების ამ დარგის მიმართ მთავრობისა და საზოგადოების ინტერესი მოდუნებულია, თუმცა, მე იმედს არ ვკარგავ, რომ ხალხს ისევ გაუჩნდება სპექტაკლის ნახვის სურვილი. ახალგაზრდა მსახიობებს ვურჩევ ნუ იქნებიან პესიმისტები და მეტი იმუშაონ თავიანთი პროფესიონალიზმის დასახვეწად. პირველ რიგში კი, მათ ვურჩევ, მეტი იკითხონ და დააკვირდნენ ადამიანებს.“

მარიკა სამანიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენოსანი: „თეატრი მსახიობების სხეულის ნაწილია, ჩვენი ერთ-ერთი ორგანო. ეს არის სისხლი, ნერვი. როცა მსახიობი საერთო ენას პოულობს მაყურებელთან და მისთვის იხარჯება, ეს არის ბედნიერება. თეატრი ქალაქში ყველაზე ცოცხალი ორგანიზმია. მინდა ქართველებს ვუთხრა, რომ უყვარდეთ თეატრი, ის მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს.“

დავით როინიშვილი, მსახიობი: „ყველასთვის სასიხარულოა ამ თარიღის მოახლოება. მინდა იმ ადამიანების დამსახურებას გავუსვა ხაზი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. სურვილი მაქვს, გრანდიოზულად აღინიშნოს იუბილე, სწორედ ისე, როგორც იმ მსახიობებს ეკადრებათ, რომლებმაც მესხიშვილის თეატრის სცენაზე დაუვიწყარი სახეები შექმნეს.“

ავთანდილ სახამბერიძე, მსახიობი, რეჟისორი: „როცა შენი თეატრი 150 წლის სრულდება, ეს სიამაყეს განიჭებს და გაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას. 41 წელია უკვე, თეატრით ვცხოვრობ. მე კი არ მიყვარს ჩემი თავი თეატრში, არამედ თეატრი მიყვარს ჩემში. მინდა წარმატება, აყვავება და აღორძინება ვუსურვო ჩვენს იუბილარ თეატრს. მეც მისი ნაწილი ვარ, მისი ერთ-ერთი ჭანჭიკი.“

თენგიზ ჯავახაძე, მსახიობი: „ბედნიერი ვარ, რომ ამ თარიღს მოვესწარი, 150 წელი ნამდვილად არ არის ცოტა. ჩვენმა თეატრმა თავისი სიტყვა თქვა ქართულ ხელოვნებაში. როგორც მთავრობა გვპირდება, იუბილე მასშტაბურად აღინიშნება. ყველა ჩემს კოლეგას ვულოცავ ამ საიუბილეო თარიღს.“

აბელ სოსელია, მსახიობი: „პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიტანეს ეს ტრადიციები. ძალიან კარგი იქნება, მომდევნო 150 წლის განმავლობაშიც ისეთივე წარმატებული იყოს ჩვენი თეატრი, როგორც აქამდე. ჩვენ იმ ადამიანების ნაკვალევს მივყვებით, რომლებიც ამ სცენაზე იდგნენ და მაყურებელს თავი დაამახსოვრეს. გვინდა, მომავალ თაობებს ღირსეული წარსული დავახვედროთ.“

როგორც ცნობილი გახდა, 2011 წელს დაიწყება თეატრის შენობის რეაბილიტაცია, თუმცა, კონკრეტული თარიღები დადგენილი არ არის. ასევე უცნობია, რა თანხებით ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. დეტალების დაზუსტება თებერვალში მოხდება და თეატრალები იმედოვნებენ, რომ ეს წელი სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია