დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მომავალი გაურკვეველია?!
2010/12/06 14:17:46

„ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სარემონტო სამუშაოებისთვის უნდა დაიცალოს და მასში განთავსებული 18 კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორი დროებით ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსდეს. ეს პროცესი დაწყებულია და, როგორც გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ, შენობაში ამჟამად მხოლოდ დირექცია და რამდენიმე წრე იმყოფება ფართის გამოყოფის მოლოდინში.

არაოფიციალურ საუბრებში სასახლის თანამშრომლები მათთვის განკუთვნილ შენობაში, გარემონტების შემდეგ, სხვა დაწესებულების განთავსებაზე საუბრობენ, რამდენიმე ვერსიის თანახმად, შესაძლოა კონტროლის პალატა ან იუსტიციის სახლი, ან კიდევ - სულაც, სასტუმრო აშენდეს, რადგანაც ტერიტორიულად ეს შენობა რამდენიმე სამთავრობო უწყების ახლოს მდებარეობს.

თავდაპირველად პიონერთა სახლად წოდებული ეს დაწესებულება 1937 წელს, კომუნისტურ ეპოქაში შეიქმნა, იგი ამჟამინდელი მწერალთა სახლის შენობაში იყო ათეულწლობით განთავსებული, ხოლო 1982 წელს გადმოვიდა ახლანდელ შენობაში. „დირექციის მონაცემებით, 350 ბავშვია გაწევრიანებული სასახლეში დღეს მოქმედ სხვადასხვა სექტორში და თანამშრომელთა რაოდენობაა 45.

როგორც მოსწავლეახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ზაზა ლეკვეიშვილმა გაზეთ „P.S.“-თან საუბარში განაცხადა: „ორი წელია, მიდის საუბარი ამ თემაზე, დაწყებულიყო თუ არა სარემონტო სამუშაოები, რაც ამ შენობას ნამდვილად სჭირდება. დღეს კი გადავდივართ, რადგანაც გვითხრეს, რომ სამუშაოები უნდა დაიწყოს. ნამდვილად რთული პროცესია ჩვენთვის, გვიხდება სხვადასხვა დაწესებულებებში გადასვლა და გარკვეული არ არის - რა ვადით. თუ აქ არ დაგვაბრუნებენ, ქალაქში თავისუფალი ფართი არ მოიპოვება, ამიტომ ახალი უნდა აშენდეს, თუმც ჯერ არ არის შედგენილი პროექტი, როგორი უნდა იყოს. ყველაფერი ჯერჯერობით, გაურკვეველია. უკეთეს პირობებს გვპირდებიან, რაც ცუდი არ იქნება, თუმც გადავალთ თუ ისევ დავრჩებით ამ ძველ ადგილას, ალბათ წლის ბოლომდე გადაწყდება ეს საკითხი.“

„ჩვენ როგორც გვითხრეს, ამ შენობაში კონტროლის პალატა გადმოდიოდა და შენობის ნახევარში ისინი განთავსდებოდნენ, ხოლო ნახევარი ფართი ჩვენ დაგვეთმობოდა, ამიტომ დროებით გადმოგვიყვანეს სამხატვრო სკოლაში. თუმც ახლა შეიცვალა სიტუაცია და ამბობენ, თითქოს იუსტიციის სამინისტრო გადმოდის... ვართ გაურკვევლობაში, გაოგნებულები. უკმაყოფილებას ჯერ ვერ გამოვთქვამთ. ვფიქრობთ, უკეთეს პირობებს შეგვიქმნიან და ასე არ დაგვტოვებენ,“ - აცხადებს სახალისო მათემატიკის პედაგოგი მზია სვანიძე.

„საშიშროებას ვერ ვხედავთ, დარწმუნებული ვარ, რომ სასახლე იარსებებს და გაუქმება არ ემუქრება, ბავშვებს არ დაჩაგრავენ. რაც შეეხება ტერიტორიას, ბავშვები მიჩვეულები არიან და რთული იქნება სხვა ადგილას გადასვლა, მითუმეტეს თუ ის ტერიტორია ქალაქთან ახლოს არ იქნება. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმც ჯერ გაურკვევლობაში ვართ, ზუსტად ვერავინ ვერაფერს გვეუბნება,“ - აღნიშნა „P.S.“-თან საუბარში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ია ვერულაშვილმა.

როგორც სასახლის დირექციაში გვითხრეს, ამ საქმეს უშუალოდ ქალაქის ვიცე-მერი დავით გორდელაძე კურირებს, შესაბამისად, საკითხში უკეთ გასარკვევად მას  მივმართეთ, თუმც ქალაქის ვიცე-მერმა განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან გადაგვამისამართა, უშუალოდ ეს დაწესებულება მათ დაქვემდებარებაშია და ამ საკითხშიც ისინი გაგარკვევენო.

„ასეთი საკითხები ქალაქის დონეზე არ წყდება. ჩვენს სამსახურს არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მე თქვენ მინდა გკითხოთ, რამე ახალი ხომ არ არის? რამდენადაც ვიცი, ამ საკითხს უშუალოდ ბატონი დავით გორდელაძე ზედამხედველობს. მეც ის ვიცი, რომ სასახლის წრეები დროებით გადაჰყავთ სხვაგან და რა, როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი,“ - განაცხადა ქალაქის განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია