დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩუმად დანიშნული სკოლის დირექტორი
2010/10/25 16:21:23

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ზოგ შემთხვევაში მწვავედ აღიქმება საზოგადოებაში, განსაკუთრებით - იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ. სკოლების რეორგანიზაცია მიერთების გზით - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია. მცირეკონტიგენტიან სკოლებს უსახსრობის გამო არსებობის საშუალება არ აქვთ. ამიტომ მათ აუქმებენ და სხვა სკოლებს უერთებენ.

მსგავსი რეორგანიზაცია მოხდა 50-ე და მე-15 საჯარო სკოლებს შორის. ასეთ შემთხვევაში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ეხება როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე კადრებს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია, რომ სკოლა უნდა ფუნქციონირებდეს, თუ მას ჰყავს არანაკლებ 30 მოსწავლე. 50-ე სკოლა გაუქმდა, რადგან აქ, სკოლის ყოფილი დირექტორის მონაცემებით, 23 მოსწავლე და 12 მასწავლებელი ირიცხებოდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, რეორგანიზაციის პროცესი 2010 წლის 16 აგვისტომდე უნდა განხორციელებულიყო. როგორც მე-15 სკოლის პედაგოგები აცხადებენ, მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ 2010 წლის 7 სექტემბერს გახდა. მე-15 სკოლის დირექტორს ცისკარ ფაჩულიას უფლება-მოვალეობა გაუუქმდა 2010 წლის 16 აგვისტოდან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ?1/კ - 541, 19.08.2010), რის შესახებაც თავად ფაჩულიამ და სკოლის თანამშრომლებმა 2010 წლის 6  სექტემბერს  შეიტყვეს. ვინაიდან ამ დრომდე ?15 საჯარო სკოლის დირექტორმა არაფერი იცოდა, ის ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობებს, აწარმოებდა ბუღალტრულ და ოფიციალურ დოკუმენტაციას თავისი ფაქსიმილით. 2010 წლის 14 სექტემბერს №15 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ზვიად გორგოძემ მასწავლებლებს წარუდგინა №15 სკოლის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი №50 სკოლის დირექტორი ნუნუ ცაავა.

ეკა ქობალია, მე-15 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი: „ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა სკოლების რეორგანიზაციისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ. ეს ყველაფერი ჩვენგან ფარულად მიმდინარეობდა. გვქონდა უფლება, რომ სკოლის დირექტორად კანდიდატურა წამოგვეყენებინა, ზვიად გორგოძემ პირდაპირ დანიშნა ქალბატონი ნუნუ. ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ როდესაც ბრძანება გაგვაცნეს, ახალმა დირექტორმა მაშინვე შეინახა, შემოსული კორესპონდენციების ცხრილში არ გატარებულა. ჩვენთვის, რატომღაც, დამალული გახდა. რამდენიმეგზის თხოვნის შემდეგ გვაჩვენეს და აღმოვაჩინეთ, რომ ამ ბრძანებაზე განათლების მინისტრის ბეჭედი არ ჩანდა. გაურკვეველია ისიც, რომ №15 და ყოფილი №50 საჯარო სკოლა ერთ შენობაშია განთავსებული, მაგრამ მათ სხვადასხვა მისამართები აქვთ. №15 სკოლის იურიდიული მისამართია თაბუკაშვილის №10, ხოლო ყოფილი №50 სკოლის - თაბუკაშვილის №11. ქუჩის დანომვრა მიმდინარეობს კენტი და ლუწი ციფრებით ერთმანეთის მიმართ მოპირდაპირე შენობა - ნაგებობების მიხედვით. №15 საჯარო სკოლა არის ლუწი ნომრით დამისამართებული. №50 საჯარო სკოლა უნდა იყოს მისი მოპირდაპირე და არა - იგივე შენობა, რადგან იგი ფიქსირდება კენტი ნომრით. ალბათ, ეს ქმედება გამიზნული იყო ზემდგომი ორგანოების თვალის ასახვევად.“

ზაზა ქანთარია, №15 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი: „ჩვენ გვაინტერესებს, რატომ იყო ყოფილი დირექტორის შესახებ ბრძანება დამალული, ხომ არ იყო ეს ვიღაცის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე? რამდენად სწორად მოხდა რეორგანიზაცია, რომლის შესახებ დღესაც არ არსებობს არავითარი დოკუმენტი? ქალბატონ ნუნუს მიმართ პირადი ინტერესები არ გვამოძრავებს, უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად კანონიერად მოხდა მისი დანიშვნა. ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ, რამეს რომ არ შეგვკითხოდნენ.“

როგორც №15 საჯარო სკოლაში აცხადებენ, არც რეორგანიზაციამდე და არც რეორგანიზაციის შემდეგ არ ჩატარებულა კანონით გათვალისწინებული არანაირი ქმედება. სკოლის არცერთ თანამშრომელს არ მიუღია მონაწილეობა ამ მიზნით შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში არც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის გადაბარება მომხდარა ც. ფაჩულიასაგან ნ. ცაავაზე - კომისიის თანდასწრებით. სკოლის კანცელარიაში ჯერ კიდევ არ შესულა ყოფილი №50 სკოლის პედაგოგთა და მასწავლებელთა პირადი საქმეები. თანამშრომელთათვის დღემდე უცნობია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული 2010-2011 სასწავლო წლის საშტატო განრიგი. თანამშრომელთა თქმით, ყოფილი დირექტორი ცისკარ ფაჩულია და მოვალეობის შემსრულებელი ნუნუ ცაავა აცხადებენ, რომ მათთვის ეს განრიგი რესურსცენტრს არ მიუწოდებია.

№15 სკოლის თანამშრომლებმა რამდენჯერმე მიმართეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მათთვის წარედგინა 2008 წლიდან დღემდე მასზე დაქვემდებარებული, ყოფილი №50 საჯარო სკოლაში არსებული დოკუმენტების ასლები, პედაგოგთა საბჭოს სხდომის ოქმები, სკოლის დამტკიცებული ბიუჯეტი და ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. პასუხად კი მიიღეს, რომ - მე ვარ №50 საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად ვასრულებ №15 საჯარო სკოლის დირექტორის  მოვალეობას, ამიტომაც არ ვარ უფლებამოსილი, განვკარგო ყოფილი №50 საჯარო სკოლის ოფიციალური წერილობითი დოკუმენტებიო.

აქ ჩნდება ერთი კითხვა: ვინაიდან ?50 სკოლა გაუქმდა და, შესაბამისად, აღარ ეყოლება დირექტორი, მაშინ ვინ განკარგავს ამ დოკუმენტებს, თუ არა №15 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც №50 სკოლა შეუერთდა? ეს და სხვა კითხვა ამ შემთხვევაში პასუხგაუცემელი დარჩა, რადგანაც ქალბატონმა ნუნუ ცაავამ კომენტარის მოცემაზე უარი განაცხადა.

რეორგანიზაციის დროს სკოლაში მიმდინარე დარღვევების შესახებ მე-15 საჯარო სკოლის თანამშრომლებმა განცხადებით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს. სამინისტროში მიიჩნიეს, რომ განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას კანონდარღვევების კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, უფრო კონკრეტული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდების შემთხვევაში კი შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიიღებს ყველა ზომას დარღვევის აღმოფხვრის მიზნითო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე: „არ მცალია, ვერ მიყურებთ, რომ ბევრი საქმე მაქვს“?

ბატონ ლადოს ავიწყდება, რომ ის საჯარო მოხელეა და ვალდებულია, საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

მე-15 საჯარო სკოლის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ ასეთი ბუნდოვანი საქმის ირგვლივ რაღაც სერიოზული გარიგება იმალება, ამიტომ განცხადებით მიმართეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს და პასუხს მისგან ელოდებიან.

 

სალომე კაპჭელაშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია