დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გოგილო ნიკოლაძის არაჩვეულებრივი გამოფენა
2010/10/04 12:19:22

ქუთაისის ძველი და პრესტიჟული ქუჩა. სწორი და ოდნავ ფართე, რის საშუალებასაც იძლევა პატარა ქალაქის გაბარიტები“. ამ ქუჩაზე - ულამაზესი, სუროში ჩაფლული სახლი, ეზოში დიდი ცისფერი ნაძვით. ირგვლივ, მიწიდან ამოზრდილი“, თითქოს ფესვგადგმული ქანდაკებები. სახლის მხატვრულობა, ეზოში გამეფებული შემოქმედებითი ქაოსი ერთადერთ სურვილს ბადებს, შეაღო ჭიშკარი და შეხვიდე. აქ ხომ ხელოვანი ცხოვრობს, რომელიც თავის თავს იაკობ ნიკოლაძის შვილს და როდენის შვილიშვილს უწოდებს.

ალბათ, გახსოვთ „არაჩვეულებრივი გამოფენა“...  მთელი თუ არა ნახევარი ქალაქის ძეგლისდამდგმელი და „ქვაში გამცოცხლებელი“ - აგული ერისთავი, ჩვეულებრივ, ქუთაისურ სასაფლაოზე, საკუთარ პერსონალურ გამოფენაზე, რომ მოხვდება. ეს ზოგადად ერთი ადამიანის კი არა, ყველა ქუთაისელი მოქანდაკის „ტრაგიკული ბედია“. მაგრამ, მაინც, ამ შემთხვევაში აგულის ერთი პროტოტიპი ჰყავს, რომლისთვისაც მთელი ქუთაისი, მართლაც, საკუთარი არაჩვეულებრივი გამოფენაა. გოგილო ნიკოლაძე - მას შემდეგ, რაც საკუთარმა ცოლისძმამ რეზო გაბრიაძემ, აგული ერისთავში უკვდავყო, მარტო ქუთაისს აღარ ეკუთვნის.

მისი  საგამოფენო დარბაზი ქალაქის შემოსასვლელიდან იწყება... საფიჩხიაზე - დავით კლდიაშვილს ნახავთ, ცენტრალურ ბაღში - დებ იშხნელებს, მესხიშვილის თეატრთან - ლადო მესხიშვილს და კოტე მარჯანიშვილს, ცოტა იქეთ, ბჟოლებისკენ - ლადო ასათიანს. მერე, ქალაქს რომ მოივლით, შეგიძლიათ, გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონს ესტუმროთ, მოქალაქეობრივი ვალიც მოიხადოთ და ხელოვნებითაც დატკბეთ. ბატონი გოგილო ძველი ქალაქის კოლორიტის და უახლესი ისტორიის მემატიანეა, მის მოგონებათა სკივრში ბევრი თბილი, ადამიანური, მონატრებული, ზოგჯერ ტკივილიანი ისტორია და ადამიანია... რომლებიც წარსულსაც ალამაზებდნენ და ნოსტალგიასაც იწვევენ  ჩვენს პრაგმატულ დროში.

... პირველი მოგონებები ბაბუით, იოსებ წერეთლით იწყება. ზემო იმერეთი. სოფელი ითხვისი. ბაბუა - სოფლის მოძღვარი, დეკანოზი, რვა შვილის მამა. მისი სახლი სერზე, ყველაზე შემაღლებულ ადგილას, რომბული ფორმის ქვის ფასადით, რომელზედაც, მოგვიანებით, თავად გოგილომ საკუთარი ხელით ამოკვეთა აშენების თარიღი - 1886 წელი. მაგრამ მეხსიერებას ამ ფოტოკადრებზე უფრო ძლიერად  სწორედ ის ზაფხული შემორჩა, როცა კანტორაში დაბარებულმა ბაბუამ, დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, ჭიშკარი შემოაღო და თავდახრილი შევიდა თავის ოთახში. ბაბუას წვერი აღარ ჰქონდა. კომუნისტებმა გაპარსეს და წირვა-ლოცვაც აუკრძალეს. მას შემდეგ სახლიდან აღარ გასულა. იჯდა შინ, ფიქრებსა და ლოცვას მინდობილი. სოფელში კი საკუთარი დასკვნები გამოჰქონდათ: „უღმერთოთა საზოგადოება ჩამოაყალიბეს და თავიანთი გეგმების მიხედვით მოქმედებენო“...

დედა - ანა წერეთელი  და მამა - ევსევი ნიკოლაძე, ეკლესიის მგალობელი და პეტერბურგის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული.  დედა - დებ იშხნელებთან ერთად ქუთაისის ქართულ გუნდში მღეროდა. უაღრესად კულტურული და განათლებული ადამიანი. სწორედ მას უმადლის ბატონი გოგილო, რომ პირველი გატაცება და სიყვარული - ქანდაკება, პროფესიად ექცა. იგი ყოველთვის გამოხატავდა უდიდეს სიხარულს შვილის ნიჭის მიმართ. უწონებდა და აგულიანებდა. იძახდა, ჩემი შვილი მოქანდაკე იქნებაო. ამიტომ გოგილოც „თავდაუზოგავად“ ჩორკნიდა და თლიდა ყველაფერს, რაც მის თვალსაწიერში მოხვდებოდა. ასე ეზიარა უკვდავებას  და მის პირველ ნამუშევრად იქცა ძაღლი - მიმი, რომელიც პატარა მაესტროს განუყრელი მეგობარი იყო.

ხატვით შეპყრობილ ბიჭს სკოლის მასწავლებელმა სამხატვრო სტუდიაში  სიარული ურჩია. სადაც ლეგენდარული პედაგოგი, თითქმის ყველა ქუთაისელი მხატვრის აღმზრდელი, თავად კი, პეტერბურგის საიმპერატორო საზოგადოების სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული და ილია რეპინის მოსწავლე - ვანო ჭეიშვილი ასწავლიდა. ეს იყო მასწავლებელი - საოცრება, რომელიც ბავშვებს, მარტო ხატვის ტექნიკურ საიდუმლოებებს კი არა, თავად ხელოვნების მაგიას აზიარებდა. მის ოთახში ინახებოდა მიქელანჯელოს ყველა შედევრის პატარა ასლი, რომლებიც გოგილოში  ამოუწურავ ინტერესს იწვევდა. სწორედ ვანო ჭეიშვილს უმადლის ბატონი გოგილო მხატვრის წარმატების მთავარ საიდუმლოს: „თუ არ მოგწონს, წაშალე და თავიდან დახატე. ხატე მანამ, სანამ არ მოგეწონება“. ეს სიტყვები ბოლომდე შეიმეცნა და დაუზარებლობა ბოლომდე შემორჩა. ეს თვისება, მოგვიანებით, უკვე აკადემიის სტუდენტს კიდევ უფრო განუმტკიცა, მისმა პედაგოგმა და შესანიშნავმა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ.

მთელს ამ პირველ ნაბიჯებს, პირველ მცდელობებს, პირველ გატაცებებს, სევდიან მელოდიასავით გასდევდა - ომი.  სამხატვრო სტუდიაში - დაფშვნილი და ცარცად გამოყენებული ასლები. სკოლა - ჰოსპიტალი. ღამღამობით მორიგეობა საფიჩხიაზე, განათებული ოთახების ჩაბნელება-შენიღბვა და შალვა ელიავას სახლთან, ტახტის ფორმის ქვაზე გათეული ღამეები. მერე ქუთაისის ცენტრალური ფოსტა - ჟურნალ-გაზეთებით და სამკუთხა წერილებით სირბილი კიროვის, გოგებაშვილის და ცხაკაიას ქუჩებზე. ზოგისთვის ცრემლის, ზოგისთვის სიხარულის მიტანა...

ამასობაში, თბილისში წასვლამაც მოუწია. 1942 წელს სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. კურსზე სულ სამი სტუდენტი იყო. მასწავლებლები - ცნობილი მხატვრები და მოქანდაკეები: ი. ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე, ი. შარლემანი, ს. ქობულაძე. კ. მერაბიშვილი, შ. მიქატაძე, კ. კანდელაკი. ახსოვს გამოცდა, როდესაც დიდი იაკობი შემოვიდა და იკითხა: აქ ნიკოლაძე, რომელიაო. დახედა მის ნამუშევარს, თავი დააქნია და გავიდა. შემდეგ უკვე, სწავლის პროცესში, არ ინდობდა. აკადემიაში ადრე მოსული სათითაოდ ჩამოუვლიდა სტუდენტებს, გაჩერდებოდა მოგვარესთან. შეუმოწმებდა სტეკს, სამუშაო იარაღებს, თუ ნამუშევარს დაუწუნებდა, ეტყოდა, დაანგრიე და თავიდან დაიწყეო. ეს გაგრძელდებოდა მანამ, სანამდის შეგირდის ნახელავით კმაყოფილი არ დარჩებოდა. ბატონ გოგილოს  არ ავიწყდება თავად, პედაგოგის მუშაობის პროცესი, ამბობს: „როგორც პიანისტი კლავიშებზე, ისე ამოძრავებდა თითებს თიხაზე და ძერწავდა“.

ისწავლა, ძერწა, იმუშავა კოტე მერაბიშვილის, დავით კაკაბაძის, შოთა მიქატაძის სახელოსნოებში, მათთვის მარტო შეგირდი კი არა, ოჯახის წევრი იყო, მაგრამ, მაინც, გული მშობლიური ქალქისკენ მოუწევდა, სადაც მოხუცი მამა ელოდა... დედა ხომ სწორედ აკადემიაში ჩარიცხვის წელს გარდაეცვალა. დღესაც მიაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. რომლის მიღებაში წვლილი უჩა ჯაფარიძესაც მიუძღვის. სწორედ მან ურჩია, ქუთაისში წამოსულიყო და სხვა ხელოვანებთან ერთად მხატვართა კავშირის ჩამოყალიბებაზე ეზრუნა. ამის შემდეგ იწყება მის შემოქმედებაში  დაუღალავი შრომის  ქუთაისური ხანა...

ხანა, რომელშიც თითქმის არ მოიძებნება შემოქმედებითი ტაიმ-აუტის პერიოდი. მარტო პორტრეტთა ჩამონათვალი მეტყველებს, როგორი ფიზიკური და სულიერი დაძაბულობის ხარჯზე ხდებოდა ეს შემოქმედებითი ზეასვლა. პეტრე ჭაბუკიანის, კოტე მარჯანიშვილის, ლადო მესხიშვილის, ვასილ ამაშუკელის, დავით კლდიაშვილის, პავლიკა თუმანიშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ვალერიან მიზანდარის, დავით კვიცარიძის, ლილი ნუცუბიძის და კიდევ უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის ბიუსტით, ქანდაკებით იძერწებოდა თავად გოგილო ნიკოლაძის შემოქმედება. თავის განუყრელ ჩამომსხმელთან პეტია ბაგრატიონთან და ვალერიან მიზანდართან ერთდ, ქუთაისური, ძველი, დახვეწილი იუმორის ფონზე, იქმნებოდა ის, რასაც თავად „მუსიკას“ ეძახის. ვალერიან მიზანდარი, ეს ცალკე თემააა. ისინი თითქმის განუყრელნი იყვნენ. ერთად ათვინიერებდნენ  თიხას, ერთად უდგამდნენ ქვას სულს, ერთად ნადირობდნენ, ერთად შედიოდნენ  ილოს ფოტოატელიეში და სვამდნენ, ხუმრობდნენ, ქუთაისურ ბოჰემას და კოლორიტს „საფუძველს უმაგრებდნენ“. და, ბოლოსდაბოლოს, თავისი ერთად ყოფნით, თავისდაუნებურად, რეზო გაბრიაძის ფილმის სცენარებისათვის მოკლე მონახაზებს ქმნიდნენ. გოგილოს  ვალერიან მიზანდარი ყველანაირი ახსოვს, შემოქმედებით აფექტში მყოფი და მოშვებული, მთვარალი, მიუნჰაუზენივით ათასგვარ ტყუილ-მართალ მოგონებაში ჩაფლული. ერთი მოგონება მახსენდება: ეს ორი მაესტრო მეგობარმა სტუმრად მიიპატიჟა. გოგილო ნიკოლაძემ კი, რატომღაც, პიჯაკის ჯიბეები საკუთარ ბოსტანში დაკრეფილი პრასით გაივსო. მივიდნენ. სუფრას, რომ იტყვიან, ჩიტის რძე არ აკლდა... ყველაფერი იყო, მაგრამ დასხდნენ თუ არა, ვალიკო მიზანდარმა ჩაილაპარაკა: „ახლა მომცა პრასი!..“ ამის თქმა და გოგილომ ჯიბიდან პრასის კონა ამოიღო და ყვავილივით მიართვა. იყო ასეთი  ურთიერთგაგება. მიზანა ბრეგვაძის არ იყოს, პრასი კი ჰქონდათ... სამუშაოც და, რაც მთავარია, ქალაქური საზოგადოების უანგარო სიყვარული... მაშინ ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ცხოვრების არ შეგშინებოდა.

ქუთაისური ხანა და მისი „პურპურა“ - კაი ოჯახისშვილი, ექიმი, განათლებული, ლამაზი, მხოლოდ დიმიტრი გელოვანი კი არა, მისი სახელი ნორა გაბრიაძეა. დიდი ხანი მოსწონდა „пурпуровая женщина” რეზო გაბრიაძის და. მეგობრები ურჩევდნენ, არ გაეკაროო, მაგრამ გაბედა, მოათვინიერა და ცხოვრების მეგზურად გაიხადა. აი, სწორედ, მათ ოჯახში ყოფნაა დიდი ბედნიერება... მოგონებები, იუმორი, თავყრილობები. გაბრიაძის თითოეული სტროფის დაწერის ისტორიის გახსენება (რასაც ყოველთვის ჰომერული სოცილი მოსდევს ხოლმე)  და გოგილოს ჭიდილი ქანდაკებებთან, რომელსაც, მუდმივად და რეფრანად გასდევს უკვე გაშარჟებული თემა, მოქანდაკეთა ავადმყოფობაზე -                 „რადიკულიტზე“.  ისეთი პერიოდებიც ჰქონდათ, როცა ქმარი ქუთაისში იყო, ცოლი - თბილისში, სტუდენტ შვილთან ერთდ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დაბერება ერთად უნდოდათ და ისევ ერთად შეიყუჟნენ იდუმალი და მშვენიერი სახლის კედლებში.

იმ პერიოდს, ჩვენ, რომ დღეს კომუნისტურს ვეძახით, ჰქონდა თვისი კარგი და ცუდი... სტალინის და ლენინის პორტრეტების კეთება, გმირი მებრძოლების სახეების ძიება და სოციალისტური შრომის გმირების უკვდავყოფა იქნებ მოსაწყენი რუტინა იყო, მაგრამ ფინანსური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის და დაცულობის გარანტიას იძლეოდა. ყოფითი პრობლემების არქონა კი მოქანდაკეს თუ ფერმწერს შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებდა და მეტ სითამამეს ჰმატებდა.

ეს დაცულობა და გარანტირებულობა, თითქოს ნელ-ნელა, მაგრამ, მაინც ერთი ხელის მოსმით გაქრა მაშინდელ პოლიტიკურ ფორმაციასთან ერთად. მას შემდეგ, რომ იტყვიან, ყველა ყოფილი საბჭოთა ხელოვანი აბსოლუტურ თავისუფლებაში დაიკარგა და საკუთარი ხელოვნების ამარა დარჩა. მათ შორის ჩვენი გმირიც. მაშინ იძულებით მოუხდა იმის შეგნება, რომ სახელმწიფომ კი არ უნდა არჩინოს მოქანდაკე - არამედ საკუთარმა შემოქმედებამ.

მის ცხოვრებაში, ამ ახალი აღმოჩენის შემდეგაც არაფერი შცვლილა. ისევ თავდაუზოგავი შრომა და თიხასთან ჭიდილი (შთამბეჭდავი სანახაობაა  - მხცოვანი მაესტრო, მოქნილი და ძლიერი თითებით, ადამიანის სულის ლაბირინთებში მოგზაურობს). თუ კი ადრე მისი შემოქმედება საბჭოთა სივრცით შემოიფარგლებოდა, დღეს მის ყოფილ საზღვრებსაც გასცდა. გერმანიაში, ქალაქ ვერდენში, მის მიერ შესრულებული გრაფინია ქრისტინასა და გრაფ ჯოზეფ ანტონის ბარელიეფები, გრაფ ანტონის სახელობის ქუჩას ამშვენებს.

დღეს, ისევ ისე იწყება დილა, ტყავის მოსაცმელით და განუყრელი კეპით გამოდის სახლიდან და მარჯვნივ, თავის სახელოსნოში შედის. უკვე  წელში მოხრილი, მაგრამ ისევ ისეთი ენთუზიაზმით სავსე, ამბობს, იმდენ ძალას ვეღარ ვგრძნობო, მაგრამ... ჯერ ხომ        „მამამისის“ - იაკობ ნიკოლაძის პორტრეტი დარჩა გასაკეთებელი.

 

მანანა ქურციკიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია