სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გასულ წელს 419500 ლარი მიიღო. წყალტუბო იმერეთში ერთ-ერთი დიდი რაიონია, რომლის შემადგენლობაშიც 49 სოფელი შედის. გასულ წელს მუნიციპალიტეტმა 62 პროექტი დააფინანსა. სოფლის მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად განსაზღვრა. პრიორიტეტების ნუსხა დიდად არ განსხვავდება სხვა რაიონების სოფლებისაგან. როგორც ჩანს, ძირითადი საკვანძო პრობლემები ყველგან ერთია.
გასულ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 98 ათასი ლარი დაიხარჯა სოფლებში მინი მოედნების მოწყობაზე, შიდა სასოფლო გზებზე 147 600 ლარი, სოფლებისთვის სასაფლაოების შემოღობვაზე 59 700 ლარი, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის კი 27 ათასი ლარი, სასმელი წყლის მილების შეძენისათვის 47 ათასი ლარი.
„მას შემდეგ, რაც პროექტის განხორციელება დაიწყო მოსახლეობაში ჩავატარეთ კრებები, სწორედ ამ კრებებზე განისაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები. ძირითადად ერთი და იგივე სახის პრობლემები აქვს ყველა სოფელს, თუმცა არის განსხვავებულებიც,“ - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ჩირგაძე.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსება გაიზარდა და 836 451 ლარი შეადგინა. 47 სოფელში სულ 121 პროექტი დაფინანსდა. თუმცა გასული წლისგან განსხვავებით განსხვავებული პრიორიტეტებიც გამოიკვეთა.
მაგალითად სოფელ ლეხიდრისთავში სარიტუალო მომსახურების ინვენტარის შეძენისათვის 5029 ლარი დახარჯეს, იგივე მიზნით სოფელ მექვენასა და ვანისჭალაში 6430 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა ორი სოფლის, დერჩისა და ნამოხვანის მოსახლეობამ სატელევიზიო ანძის მონტაჟი მოითხოვა.
„ნამოხვანში შევიძინეთ სატელევიზიო ანძა 2500 ლარის ღირებულების. ეს სოფელი ზედა ზონის სოფლებში შედის და იქ მაუწყებლობა არ იყო, თუმცა ამ ანძის მეშვეობით მხოლოდ ერთი არხის ნახვა შეიძლებოდა და მოსახლეობამ „რუსთავი-2“ აირჩია. ასევე სოფელ დერჩში იყო ძველი სადგური და იქ სატელევიზიო ანძისათვის მხოლოდ ბლოკი შევიძინეთ,“ - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ჩირგაძე.
სამუშაოებს ცალკეული ფირმები ასრულებენ, რომელიც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია მუნიციპალიტეტმა. პასუხისმგებლობა თანხის განკარგვაზე და ხარჯვაზე სწორედ მუნიციპალიტეტს აკისრია. ცალკეული სამუშაოების დასრულების შემდეგ სწორედ მუნიციპალიტეტი იბარებს მას. დგება სპეციალური აქტი, რომელზედაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამუშაოების ზედამხედველი და სოფლის მოსახლეობა. რაც შეეხება ამ უკანასკნელთა როლს, ეს უბრალო ფორმალობაა. იმისათვის, რომ სამუშაო ჩაიბარონ, აქტზე რამდენიმე ადამიანის ხელმოწერაც საკმარისია. შესრულებული სამუშაოს ხარისხს არ აფასებს შესაბამისი სფეროს ექსპერტი. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რამდენად ხარისხიანად შესრულდა ეს სამუშაო.
„შეიძლება ბევრი არ იყოს კმაყოფილი შესრულებული სამუშაოთი, მაგრამ გამგეობა მაინც იბარებს. ჩვენთან სანახევროდ გაკეთდა შიდა გზები, მოსახლეობა უკმაყოფილოა, მაგრამ მაგათ მაინც ჩაიბარეს. ერთი-ორი ნაციონალი ყველგან მოიძებნება და მეტი კაცის ხელმოწერა კიდევ მაგათ არ ჭირდებათ,“ - ამბობს წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონის მცხოვრები კობა მ.
მოსახლეობისაგან განსხვავებულად ფიქრობენ მუნიციპალიტეტში. გამგებლის მოადგილე სოფლის დახმარების პროექტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ერთი-ორი უკმაყოფილო ყოველთვის იქნება.
მანანა ქველიაშვილი