სოფლის დახმარების პროგრამა „თითო პროექტი - თითო სოფელს“ უკვე ორი წელია, რაც მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა ცალკეულ მუნიციპალიტეტებზე, თავის მხრივ მუნიციპალიტეტები ამ თანხებს სოფლების მიხედვით ანაწილებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტს 2009 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 324 ათასი ლარი ერგო, აღნიშნული თანხა საჭიროებების მიხედვით 18 სოფელზე გადანაწილდა.
პროგრამის მიზანი სოფლებისათვის მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტა, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გაძლიერება და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერაა. პროგრამის განხორციელების დაწყებამდე თითოეულ სოფელში იმართება კრება. სადაც მოსახლეობა არსებულ პრობლემებზე მსჯელობს და მთავარ საკითხს გამოყოფს. სწორედ ამ კრებაზე ხმათა უმრავლესობით წყვეტს სოფლის მოსახლეობა, თუ რაში უნდა დაიხარჯოს კონკრეტული თანხა. მაგალითად, გასულ წელს სოფელ ზედა საზანოს 25 187 ლარი გამოეყო სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად. მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტები ასე გამოიყურება. გარე განათების მოწყობა სოფლის ცენტრში - 8572 ლარი, მგზავრთა მოსაცდელებისათვის მასალების შეძენა - 900 ლარი, მაღალი წნევის წყლის მილის შეძენა - 6100 ლარი, სასაფლაოს შემოღობვა და ომში დაღუპულთა მემორიალის მოწყობა სოფლის ცენტრში - 4000 ლარი, პლასტმასის მილების შეძენა - 4000 ლარი, სოფლის საუბნო გზებზე ინერტული მასალის შეტანა-გაშლა - 1615 ლარი.
„შესასრულებელ სამუშაოს არჩევს სოფელი. თანხა სოფლის რიცხოვნობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ სოფლებისათვის გამოყოფილი თანხები არ გვაძლევს საშუალებას, რომ დიდი გლობალური პროექტები დავიწყოთ. მაგალითისთვის გეტყვით მიმდინარე წელს სოფელ საზანოსთვის გამოყოფილია 70 ათასი ლარი, თუმცა ეს თანხა რომ მთლიანად საზანოს ეკუთვნოდეს, ნამდვილად შეიძლება რაიმე დიდი პროექტის დაწყება. სამწუხაროდ, რამდენიმე სოფელზე ნაწილდება და მხოლოდ პატარ-პატარა პროექტების გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს,“ - ამბობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჩაფიჩაძე.
საინტერესოა, როგორ გამოიყურება წელს სოფელ ზედა საზანოს პრიორიტეტები. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ გამოყოფილი 70 646 ლარიდან ზედა საზანოს მხოლოდ 11547 ლარი დარჩა, დანარჩენი საზანოს თემში შემავალ სოფლებზე გადანაწილდა. სოფლის მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტი აირჩია: ხიდის შეკეთება მდინარე ძუსაზე - 4946 ლარი, ბოგირის შეკეთება მდინარე მაძარულაზე - 3001 ლარი, სტადიონის მოწყობა 26 მაისის დასახლებაში - 3600 ლარი.
„სიმართლე რომ ვთქვათ, უკმაყოფილო არა ვართ განხორციელებული პროექტებით, მაგრამ უფრო ხარისხიანადაც შეიძლებოდა საქმის გაკეთება. ამბობენ, რომ ხალხი წყვეტს თანხის განკარგვის საკითხს, ეს ნაწილობრივაა ასე. სოფლის კრებაზე დიდი ამბავი იყო, ვერაფრით ვერ შევთანხმდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავისებურად უნდა საკითხის გადაწყვეტა. ბოლოს რაღაც-რაღაცებზე შევჯერდით, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უკმაყოფილო დარჩა,“ - ამბობს საზანოს მცხოვრები დავით ზ.
მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დაფინანსება გაორმაგდა და 683 400 ლარი შეადგინა. სოფლების მიხედვით თანხები ასე გადანაწილდა. გოდოგანი - 43846 ლარი, ღვანკითი - 31 674 ლარი, გოგნი 12 788 ლარი, ჭოგნარი - 26718 ლარი, ზედა სიმონეთი 27 033 ლარი, ქვედა სიმონეთი 31 667 ლარი, რუფოთი - 41 939 ლარი, ბარდუბანი - 35 574 ლარი, სიქთარვა - 37 571 ლარი, კვახჭირი - 35 580 ლარი, ახალთერჯოლა - 35 733 ლარი, ეწერი 65 057 ლარი, ნახშირღელე - 33365 ლარი, ჩხარი - 30 778 ლარი, ძევრი - 40 001 ლარი, თუზი - 56 784 ლარი, ალისუბანი - 58 697 ლარი, ზედა საზანო - 70 646 ლარი.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, წელსაც სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზის შეკეთებაა. შემდეგ მოდის სასაფლაოების შემოღობვა და სასმელი წყლის მილების შეძენა.
თუმცა ერთია, რომ კეთდება, მაგრამ როგორ კეთდება, ეს სხვა საკითხია. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გზების შეკეთება გახდა. პროექტების მიხედვით, ცალკეულ სოფლებში ინერტული მასალა, ღორღი უნდა შეეტანათ. შეტანით კი შეიტანეს, მაგრამ შემდეგ მის გაშლაზე აღარავინ იზრუნა.
„შარშან როგორც შემოიტანეს, ისე ეყარა მთელი წელი გზაზე, კაციშვილს არ მოფიქრებია, რომ ამ ღორღს მარტო შემოტანა კი არა, გაშლაც უნდოდა. კი გავაპროტესტეთ, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. ახლა საარჩევნოდ დაფაცურდნენ და მოსაცდელები გააკეთეს. იქაც ხარვეზებია. ერთი მგზავრთა მოსაცდელი უკუღმა დადგეს. იმ მოსაცდელში რომ დადგე, ავტობუსი ისე ჩაგივლის ვერც გაიგებ,“ - ამბობს სოფელ სკანდის მცხოვრები გია ნ.
როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობის პროცესშია და 15 აგვისტოსთვის დასრულდება. მისი თქმით, ყველა არსებული ხარვეზი აღმოიფხვრება.
მანანა ქველიაშვილი