დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჯონ ბასი: „ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პრესის თავისუფლების მხარდაჭერას საქართველოში!“
2010/05/31 13:16:50

21 მაისს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბატონი ჯონ ბასი ეწვია. იგი დაინტერესდა ასოციაციის მუშაობით, წევრი გაზეთების პრობლემებით და მოისმინა გამომცემელთა მოსაზრებები 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი მედიაგარემოს შესახებ. შეხვედრაში მონაწილე რეგიონული გაზეთების წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს კონკრეტული ფაქტები და ხელისშემშლელი გარემოებები, რომელთა ანალიზი საერთო ტენდენციების გამოკვეთის საშუალებას იძლევა. 

თავის მხრივ, ბატონმა ჯონ ბასმა ისაუბრა მედიის, განსაკუთრებით - რეგიონებში გამომავალი გაზეთების, მედიასაშუალებების განსაკუთრებით დიდ როლზე ქართული პოლიტიკური, საზოგადოებრივი კულტურის განვითარების პროცესში.

 

- ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ბატონ ელჩს, როგორც სწორედ რეგიონული გამოცემის ყოფილ ჟურნალისტს, კარგად ესმის, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი ტვირთი ეკისრება ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე დადის და ძალიან პატარა სოციუმში - რეგიონში ან მუნიციპალიტეტში ამზადებს კრიტიკულ მასალას, მწვავე პუბლიკაციას; მისი ერთადერთი „ხსნა“ მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, ფაქტის და მოვლენის მყარად არგუმენტირებაა. ბატონმა ელჩმა ისაუბრა იმ საფრთხეებზეც, რომელიც თან ახლავს მწვავე კითხვების დასმას, ხელისუფლების მკაცრ მონიტორინგს, მითუფრო, როცა საქმე საბიუჯეტო სახსრების, ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვას ეხება. ორსაათიანი შეხვედრა, პრაქტიკულად, კოლეგების აზრთა ურთიერთგაზიარების და არა ოფიციალურ, პროტოკოლის ჩარჩოებით შემოსაზღვრულ ფორმატში გაიმართა, - ამბობს შეხვედრის ორგანიზატორი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, - ჩვენ ბატონი ელჩისგან მივიღეთ პირობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება: შეხვედრები, აზრთა ურთიერთგაზიარება, პირდაპირი კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრის დასასრულს, ბატონმა ჯონ ბასმა ინტერვიუ მისცა ასოციაციის წევრ გაზეთებს და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები. გთავაზობთ, ამ ინტერვიუს:

 - ბატონო ელჩო, როგორც ცნობილია, 17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრესის მხარდაჭერის შესახებ ახალ კანონს მოაწერა ხელი და ეს მოვლენა დაღუპული ჟურნალისტის, დენიელ პერლის ხსოვნას დაუკავშირა. ბატონი პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი მსოფლიოში პრესის თავისუფლების უფრო მეტად მხარდაჭერას ითვალისწინებს. გვაძლევს თუ არა ეს ფაქტი იმედის საფუძველს ქართველ ჟურნალისტებსაც?

- ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პრესის თავისუფლების, მისი პრინციპების პრაქტიკულად განხორციელების მხარდაჭერას საქართველოში, რადგანაც ვთვლით, რომ იგი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ხელს ვუწყობდით საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობას იმ მრავალი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, რომლებსაც დღემდე ვახორციელებთ. ეს ცალკეულ ჟურნალისტებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლობითაც გამოიხატება. გპირდებით, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

- თქვენ კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში პრესის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. იცით, რომ ხშირად უხეშად ირღვევა ჟურნალისტების უფლებები, რაც ფიზიკურ ძალადობაში, საჯარო ინფორმაციის მიღების გაძნელებაში, არაჯანსაღ კონკურენციაში გამოიხატება. ამ მხრივ მრავალი პრობლემა ექმნებათ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს. თუ გეგმავთ კონკრეტულ ღონისძიებებს საქართველოში რეგიონული მედიის მხარდასაჭერად?

- როგორც იცით, ამერიკის საელჩო რამდენიმე სხვადასხვა საგრანტო პროგრამას ახორციელებს, მათ შორის გამოვყოფდი დემოკრატიის კომისიის საგრანტო პროგრამას. ერთი თვის წინ ამოიწურა ვადა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის - რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ჩვენთვის საპროექტო წინადადებებით მომართვა შეეძლოთ. როგორც ვიცი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა საინფორმაციო საშუალებამ მართლაც ისარგებლა ამ შესაძლებლობით და საკმაოდ ბევრი განაცხადი დაგროვდა. სიმართლე გითხრათ, მე ბოლომდე არ შემისწავლია ეს დოკუმენტები, თუმცა ვიცი, რომ მომმართველთა შორის არაერთი რეგიონული საინფორმაციო საშუალებებაა წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ბოლომდე შევისწავლით ამ განაცხადებს, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
საქართველოში მედიის მხარდაჭერა სხვა ფორმითაც გაგრძელდება, რაც გულისხმობს არა მარტო გრანტების გამოყოფას, არამედ მასმედიის ფუნქციონალური შესაძლებლობების ზრდას; ასევე, საგანმანათლებლო დონეზე ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ხელშეწყობას.

- ქართული მედიის განვითარებისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხის გათვალისწინებით, თქვენი შეფასებით, რამდენად ობიექტურად ხდება წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატთა კამპანიების გაშუქება და რამდენად თანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული საარჩევნო სუბიექტები?

- ცალკეული კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ობიექტურობის შესახებ უმჯობესია, იმ ორგანიზაციებს ჰკითხოთ, რომლებიც დეტალურ მედიამონიტორინგს აწარმოებენ. თუმცა, შემიძლია, ჩემი პირადი დაკვირვების შედეგები გაგიზიაროთ: აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების თვალსაზრისით ქართულ მედიასივრცეში პოზიტიური ცვლილებები  აღინიშნება. სწორედ ამის მაგალითია  საზოგადოებრივი   მაუწყებლის  მიერ  მეორე  არხის  ამოქმედება. თუმცა, მეორე არხის მუშაობა რომ უფრო ეფექტური იყოს, ამისათვის ტელეარხი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მაუწყებლობდეს. კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებენ ასევე სხვა ნაციონალური საინფორმაციო საშუალებები, რაც საზოგადოებას პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელთა განსხვავებული პროგრამების გაცნობის საშუალებას აძლევს. ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ მასმედიისთვისაც და თავად ქართული საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუ მედიის წარმომადგენლები მეტი ანალიზითა და კრიტიკულობით მიუდგებოდნენ კანდიდატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ჟურნალისტებმა საზოგადოებას უნდა დაანახონ, რამდენად ლოგიკურია თუ ალოგიკურია კანდიდატების დაპირებები და რეალურად არსებობს თუ არა მათი განხორციელების შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ამომრჩეველმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს საარჩევნო სუბიექტის შესახებ, საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას უნდა წარმოჩინდეს კანდიდატის საქმიანობა აწმყოში, ასევე მისი წარსული გამოცდილება და ის პროგრამა, რომელსაც კანდიდატი ამომრჩეველს სამომავლოდ ჰპირდება.

- ბატონო ელჩო, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტისა თუ საარჩევნო სუბიექტის განცხადებებიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს საქართველოში დასავლური ფასეულობებისა და გავლენის პოპულარობა მცირდება და უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და უკავშირდება თუ არა ის ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკას“?

- ძალიან კარგი კითხვაა. პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორი ურთიერთობა სურს მას მეზობლებთან, ჩვენთან თუ სხვა ქვეყნებთან. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული ქვე-ყანა თავისუფალია საკუთარი ბედის არჩევანში. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ ფიქრობს უფრო მეტად ხალხი რუსეთთან ურთიერთობაზე და ამაზე ხმამაღლა საუბარი სურს, ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა საზოგადოებისთვის. ეს გარემოება, შესაძლოა, იმ საფრთხეს ასახავს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული. ამ პირობებში, ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან მრავალ რთულ პრობლემასთან გამკლავება გვიწევს. ამ საკითხების გადაჭრას დიდი დრო სჭირდება, ეს კი, თავის მხრივ, ხალხისგან დიდ მოთმინებას ითხოვს.

- როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 30 მაისის არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციადაა რეგისტრირებული. კონკრეტულად რა ფორმით იქნება თქვენი დაკვირვება გამოხატული?

- გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, არჩევნების დღეს კონკრეტულად სად ვიმუშავებ დამკვირვებლის სტატუსით. არჩევნების შემდეგ, მე და ჩემი კოლეგები ჩვენი დაკვირვების შედეგებს შევაჯამებთ, რაც უფრო ფართო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში ჩვენს მიერ შეტანილი წვლილი იქნება. ბოლოს კი დამკვირვებელთა საერთო შეფასებას შევიმუშავებთ. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოვიყენებ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრების დროს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული კულტურის ხარისხის განსაზღვრის თვალსაზრისით, მით უფრო მაშინ, როდესაც წინ საპარლამენტო არჩევნებია.

ესაუბრა სოფო მინაშვილი  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია