დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ზრდიან აფხაზ ბავშვებს?
2010/04/12 12:38:59

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკის დოდო ჭუმბურიძის სტატია, რომელშიც საუბარია მეათე-მეთერთმეტეკლასელი აფხაზების სახელმძღვანელოზე  „აფხაზეთის ისტორია.“

წიგნში, რომელიც აფხაზი ავტორების ო. ბღაჟბას და ს.ლაკობას მიერ არის შედგენილი, მოთხრობილია აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი დოდო ჭუმბურიძე განმარტავს, მასში მოყვანილი ისტორიული თუ გეოგრაფიული ფაქტები იმდენად მოკლებულია მეცნიერულ არგუმენტაციას, რომ ამ „ზღაპრების“ მაგალითებად მოყვანას სტატიაში აზრიც არ აქვს.

სახელმძღვანელოს იდეოლოგიური მიზანი ნათელია: აღზარდონ აფხაზეთის ახალგაზრდობაში მტრული დამოკიდებულება და სიძულვილი ქართველების მიმართ; გააჩინოს მათში აზრი, რომ ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხალხი, „ცივილიზაციის შემქმნელები“ არიან; გაუჩნდეთ სიამაყე თავიანთი (აფხაზი ავტორების შეთხზული) ისტორიული წარსულის გამო და სურვილი, დაიცვან  იგი  „ქართველი             დამპყრობლებისგან“.

სახელმძღვანელოში მოყვანილია შეთხზული ფაქტები იმის შესახებაც, რომ თითქოს, რუსეთი ყოველთვის იცავდა აფხაზეთს „ქართველი დამპყრობლებისგან“. ამასთანავე, ის არასდროს სცნობდა ქართველებსა და აფხაზებს ისეთი კულტურის მატარებელ სახელმწიფოებად, რომელიც შეიძლება მას გაუტოლდეს;

რომ ეს ტერიტორია აფხაზეთის ისტორიული სამშობლოა, ქართველებმა კი 1918 წელს აფხაზეთის სახელმწიფოს ოკუპაცია განახორციელეს;

რომ აფხაზების მტერი ახლაც, ისევე, როგორც შორეულ წარსულში - მხოლოდ და მხოლოდ ქართველები არიან!

რუსები კი, სახელმძღვანელოს მიხედვით, სხვა ხალხებთან ერთად, დასახელებული არიან, როგორც ქართველი დამპყრობლებისგან აფხაზების გადამრჩენები. სახელმძღვანელოში საუბარია აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაზეც. ასევე, ლიტერატურასა და კულტურაზე, რომელსაც, თითქოსდა, აფხაზი ავტორების მცდელობის მიუხედავად, არასდროს უნახავს დღის შუქი.

„წიგნის ავტორების არაპროფესიულობაშიც რომ შევიტანოთ ეჭვი, ფაქტების ასეთი დამახინჯება მაინც შეუძლებელი იქნებოდა, ეს ყველაფერი რომ მიზანმიმართულად არ იყოს გაკეთებული“, - ამბობს დოდო ჭუმბურიძე. ის აქვე დასძენს, რომ ამ აფხაზურ სახელმძღვანელოში არსებული ფაქტები არათუ ახლოს არ დგას, იმდენად განსხვავებულია რეალობისგან, რომ მათი უგულებელყოფა ძალზე ადვილია, თუმცა, ჩნდება კითხვა: აქვს კი აზრი, ვამტკიცოთ სიმართლე, როცა ტყუილს მიზანმიმართული ხასიათი აქვს და მის უკან დიდი იმპერიული მანქანა მუშაობს რუსეთის სახით?

სტატიაში არც ცალკეული თავების დეტალური განხილვაა მოყვანილი და არც მასში არსებული ფაქტების უგულებელყოფის მცდელობა, რადგან ავტორს მიაჩნია, რომ პასუხი „თვითშექმნილი სახელმწიფოების“ ისტორიკოსებისთვის არა რამდენიმე სიტყვა, არამედ ასევე მთელი წიგნი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოს ყოველი თავი მთავრდება შეკითხვით, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს აფხაზ ახალგაზრდებში ქართველების მიმართ სიძულვილს. გამოსავალს სტატიის ავტორი ქართველი ახალგაზრდებისთვის წარსულის პოპულარიზაციაში ხედავს.

„ისტორიის შესწავლას უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ქართველი ახალგაზრდობა ვეღარ შეძლებს, პასუხი გასცეს აფხაზი თანატოლების იმ ცრუ ბრალდებებს, რომელთაც მათ სკოლაში ასწავლიან“.

ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მხარდაჭერაა აუცილებელი! საჭიროა, გამოიყოს თანხები, რათა ჩატარდეს ისტორიული კვლევა, რომელიც შემდეგ რუსულ და ინგლისურ ენაზეც გამოქვე-ყნდება. რადგან რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობილი წიგნი ყველაზე კარგი პასუხი იქნება იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელთაც არა მხოლოდ ამ სახელმძღვანელოში, სხვა წყაროებშიც ხშირად ვხვდებით.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ სტატიას ბოლოს რუსების კომენტარებიც ერთვის - უმეტესად, კითხვითი ფორმით ჩამო-ყალიბებული, კომენტარების შინაარსი კი ასეთია:

„რომი, პარიზი, ბერლინი, რუსეთი, პეკინი, იერუსალიმიც ქართველების მიერ არის, ალბათ, დაარსებული, არა?“

„საინტერესოა, იყო ქართველი, ავტომატურად ნიშნავს - იყო დებილი!“

„ჩავთვალოთ, რომ ეს თქვენი შეცდომაა...“

საინტერესო იქნებოდა ქართველების აზრიც რუსების მიერ შეთხზულ რეალობაზე, თუმცა, უკვე ისიც აშკარაა, რომ ქართველების მხრიდან მხოლოდ კომენტარები და სიტყვიერი აღშფოთება საქმეს ნამდვილად ვერ შველის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია