დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები შეჩერებულია
2012/06/19 13:22:30

გასულ კვირას ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა და დაუყოვნებლივ მოითხოვა სამუშაოების შეჩერება.  

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს, რომ იზიარებს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების კრიტიკას და აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ ძეგლის ამოღება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან.

პარიზში, სადაც პატრიარქი რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, ჰქონდა შეხვედრა და საუბარი იუნესკოს პრეზიდენტთან ბაგრატის ტაძრის შესახებ, თუმცა თავისი უარყოფითი პოზიცია პატრიარქმა მხოლოდ მას შემდეგ გამოხატა ბაგრატზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების შესახებ, რაც იუნესკოს წინასწარი შეფასება გამოქვეყნდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება და რომელშიც ნათქვამია, რომ არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.

"მე რამდენიმე ხნის წინ ვიყავი საფრანგეთში და მე მქონდა შეხვედრა იუნესკოს პრეზიდენტთან, მე მქონდა საუბარი ბაგრატის ტაძარზე. მე მინდა დავეთანხმო აი, ამ კრიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ მშენებლობას თუ რესტავრაციას და მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული და ეს ყველაფერი მოხდა იმისათვის, რომ მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდებოდა, კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად", - აღნიშნავს საქართველოს პატრიარქმა.

ხელისუფლება მუდმივად აპელირებდა იმ თემაზე, რომ ბაგრატის ტაძრის გადახურვის აუცილებლობა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მასში შესაძლებელი ყოფილიყო სასულიერო რიტუალების ჩატარება. ამავე მიზანზე საუბრობდა საპატრიარქოს სახელით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. იგივე გაიმეორე ილია მეორემ, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც მან განაცხადა, გამოსცა ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში 


"ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო,“ –  ბრძანა უწმინდესმა. 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე ამბობს, რომ არ ერევა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში. „ნეტგაზეთისათვის“ გაკეთებულ კომენტარში მეუფე აცხადებს:

"მე რა შუაში ვარ? თქვა პატრიარქმა, გაჩერდი, გაჩერდა. არავის არა აქვს უფლება, რომ... კომისია ჩამოვა, შეამოწმებს და … მე საერთოდ არაფერში არ ვერევი, რა. არ ვარ საქმის კურსში საერთოდ. მე მითხრეს, რომ დაიწყეთო და დავიწყე. თქვა პატრიარქმაც, რაღაცა მიზეზი იქნება და იტყვიან, რატომ უნდა გაჩერდეს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს, ან რატომ შენდება. იმათ იციან - საბჭომ იცის, საპატრიარქომ და იუნესკომ."

„ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდაძე დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში არა მარტო საპატრიარქოს ჩართვა, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებაც მოხდება.

„ბაგრატის ტაძარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის ისეთი თემა, სადაც საპატრიარქოს პოზიცია არ შეიძლება უგულებელყოფილი იქნას და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ამ პროცესში მათი ჩართვა, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებაც მოხდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იუნესკოს ძეგლთა სიიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების თაობაზე, კალანდაძე ამტკიცებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, 24 ივნისს, პეტერბურგში, იუნესკოს კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას და რომელზეც აღნიშნულთან დაკავშირებით შემუშავებული სამუშაო პროექტის განხილვა მოხდება.
საქართველოს ხელისუფლება განახლებული ბაგრატის ტაძრის გახსნას შემოდგომაზე გეგმავდა.

ამ დროისათვის კი ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია