საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დეზინფორმაცია: პუტინს არასოდეს უომია ჩეჩნეთთან და ჩეჩნებთან
2017/01/17 18:07:20

ასავალ დასავალის  9-15 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ნეიტრალური საქართველოს ლიდერის, ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინს არასდროს უომია ჩეჩნეთთან და ჩეჩნებთან.

 

ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური საქართველო: „პუტინს არასოდეს უომია ჩეჩნეთთან და ჩეჩნებთან. პუტინი ჩეჩნეთში ამერიკელების შექმნილ და დაფინანსებულ საერთაშორისო ტერორისტებს ებრძოდა და ჩეჩენ ხალხს მათი დამანგრეველი ზემოქმედებისა და ძალადობისგან ათვისუფლებდა." “ასავალ-დასავალი” (9-15 იანვარი, 2016)

 

აღნიშნული განცხადება სიცრუეა, შემდეგი ფაქტების გამო:

 

ჩეჩნეთის მეორე ომი 1999 წელს პუტინის ინიციატივით დაიწყო, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის საბოლოო მიზანიც ჩეჩნეთის რუსეთის ფედერაციისგან გამოყოფის აღკვეთა იყო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორს ევროპის საბჭომ და Amnesty International -მა, ომის ორივე მხარე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

1. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთმა ომის დანაშაულებები ჩაიდინა

 

Amnesty International-ის 2001 წლის ანგარიშის მიხედვით 2000 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში რუსეთმა ჩაიდინა ისეთი ომის დანაშაულებები, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, სოფლების დაბომბვა, სამედიცინო დაწესებულებების განადგურება, სამხედრო ტყვეების წამება, მარადიორობა, სექსუალური ძალადობა და სხვა. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალისმონაცემებით, ჩეჩნეთის მეორე ომში მოკლული და გაუჩინარებული მშვიდობიანი ჩეჩნების რიცხვი 25 000- აჭარბებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნების მხრიდან ასობით სარჩელი შევიდა. 2005 წელს სასამართლომ პირველად განსაზღვრა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩეჩნების მიმართ სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

 

•    გროზნოს ბალესტიკური რაკეტით დაბომბვა. 1999 წლის 21 ოქტომბერი - ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რასაც HALO თრუსტ-ის მონაცემებით მინიმუმ 137 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

•    დაბა ნოვიე ალდიში ჩატარებული წმენდა. 2000 წლის 5 თებერვალი - გროზნოს მახლობლად, დაბა ნოვიე ალდიში რუსი სამხედროების მიერ ჩატარებულ "წმენდას” 60-ზე მეტი ჩეჩენი შეეწირა. მათგან არცერთი ყოფილა მებრძოლი. უმეტესობა ქალები და მოხუცები იყვნენ.

•    თავდასხმა სოფელ სამაშკიში. 2000 წლის მარტი - რუსი სამხედროები თავს დაესხნენ სოფელ სამაშკიში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს. თავდაპირველი დაპირებით, სოფლის მაცხოვრებლებს ექნებოდათ 1 დღე საკვების შესაგროვებლად, თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა. საარტილერიო თავდასხმას მინიმუმ 3 ქალის სიცოცხლე შეეწირა, 5 კი დაშავდა.

•   კატირ იურტის დაბომბვა. 2000 წლის 4 თებერვალი - რუსმა სამხედროებმა შეუტიეს სოფელ კატირ იურტს. მოსახლეობამ სამხედროებისგან მიიღო პირობა, რომ ისინი სოფელს თეთრ დროშიანი ავტობუსებით უსაფრთხოდ დატოვებდნენ. დაპირების მიუხედავად, ჩეჩენი მოსახლეობით დატვირთული კოლონა რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა. კატირ იურტის დაბომბვა 2 დღე გაგრძელდა, რასაც 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

•   ასლანბეკ-შერიპოვოს დაბომბვა. 2000 წლის 17 თებერვალი - რუსმა სამხედროებმა დაბომბეს სოფელი ასლანბეკ-შერიპოვო. 2013 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთის სახელმწიფოს დაავალა  1.2 მილიონი ევროს გადახდა 13 ჩეჩენითვის, რომელთა 18 ნათესავი აღნიშნული სოფლის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.

•   ფილტრაციის ბანაკები - მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსი სამხედროები აკავებდნენ ჩეჩნებს და .. ფილტრაციის ბანაკებში გადაჰყავდათ. ამ ბანაკებში ჩეჩნები არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი ხდებოდნენ. გადარჩენილების ჩვენებებით, ბანაკებში წამება სისტემატურად ხდებოდა.

•   დევნილები - Amnesty-სა და Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 300 000-მდე ჩეჩენს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ეს რიცხვი თითქმის თანაბრად ნაწილდება ჩეჩნეთსა და ინგუშეთზე. ინგუშეთში ჩეჩნები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. მათ რუსეთის ფედერაციის სხვა ტერიტორიაზე გადასვლა ეკრძალებოდათ.

•   2008 წლისთვის ჩეჩნეთში 57 რეგისტრირებული საერთო სამარხი იყო. Aმნესტყ- ცნობით, სამარხებში ნაპოვნი ადამიანების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

 

2. ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილე "ისლამური საერთაშორისო ბრიგადააშშ-ის ტერორისტულ სიაში იყო შეყვანილი


"ისლამური საერთაშორისო ბრიგადა”, რომლის ლიდერებიც შამილ ბასაევი და იბნ ალ-ხატაბი იყვნენ, აშშ-მა ტერორისტულ გაერთიანებათა სიაში 2003 წელს შეიყვანა. ეს გულისხმობს, რომ აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ტერორისტული დაჯგუფებითვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა; ჯგუფის წევრებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა, ხოლო ქონება, თუკი ის აშშ-შია, იყინება.

 

 

ვალერი კვარაცხელიას განცხადება, რომ პუტინს ჩეჩნებთან არ უომია, უსაფუძვლოა. მეორე ომის დაწყების დროს მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა და ღიად უჭერდა მხარს ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას, ხოლო ჩეჩნეთის "გაწმენდა" მან პოლიტიკურ პრიორიტეტად დაისახა. ნიშანდობლივია, რომ ჩეჩნეთში ინტერვენციის პარალელურად, პუტინის რეიტინგი რეკორდულად გაიზარდა. თუ 1999 წლის აგვისტოში მოსახლეობა საპრეზიდენტო კანდიდატად უპირატესობას კომუნისტური პარტიის ლიდერს, გენადი ზიუგანოვს ანიჭებდა, წლის ბოლოსთვის პუტინის რეიტინგმა 39 %- მიაღწია.

 

წყარო: http://eurocommunicator.ge/geo/view_myth/633

 

ინფოგრაფიკა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია