დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებლები არჩევანის წინაშე
2010/02/22 12:10:31

სკოლის სამასწავლებლოებში ძირითადი სასაუბრო თემა  მოახლოებული სასერთიფიკაციო გამოცდებია. შეშფოთებული პედაგოგების საუბარს უამრავი კითხვის ნიშანი ახლავს თან, ბევრი რამ გაურკვეველია. სასერთიფიკაციო დებულებაში მხოლოდ პროცესუალურ საკითხებზეა საუბარი და არა - მასწავლებლის უფლებებზე. სამაგიეროდ, ტელევიზიის საშუალებით უკვე გადის ძალიან მომხიბვლელი რეკლამა, რომ თუ მასწავლებელი სასერთიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს, სამსახური გარანტირებულია, თან მაღალანაზღაურებადი. ეს წინასაარჩევნო რგოლს უფრო ჰგავს, ვიდრე გამოცდების დაწყების მაუწყებელ ინფორმაციას.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს პედაგოგების მხარდაჭერას სერთიფიცირებასთან დაკავშირებით. სპმთპ აქტიურად ემზადება 2 მარტის გაფიცვისათვის.

უფრო სწორად - გაფიცვისთვის მასწავლებლები ემზადებიან.

ლია გვილავა, ქუთაისის ?2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „2 მარტს მასწავლებლები გამაფრთხილებელი აქციით გავაპროტესტებთ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდას, რომელიც ივნისიდან დაიწყება. ნაჩქარევადაა მიღებული  სასერთიფიკაციო დებულება, რომელშიც ბევრი ხარვეზია და, ამის გარდა, დისკრიმინაციულიცაა. 2008 წელს, როცა პედაგოგები პრეზიდენტს შევხვდით, მან თქვა, რომ გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს. კანონის მიხედვით კი ეს სავალდებულოა. ჩვენ, მასწავლებლებმა, ვიცით, რომ კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელია და არც გამოცდებს ვარიდებთ თავს. მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და მოტივაციაც უნდა გვქონდეს. პირველ რიგში, ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი: პროგრამაში არის ისეთი საკითხები, რომელიც პედაგოგებს უმაღლეს სასწავლებლებში არ გაუვლიათ. ტრენერებიც, რომლებიც ტრენინგებს გვიტარებენ, თავად არ არიან მზად და ბევრი რამ მათთვისაც უცხოა. ისედაც, ტრენინგებს არა აქვს სისტემური ხასიათი. დადგენილი არ არის, რამდენი ქულა იქნება გამსვლელი. არც ტესტები გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პედაგოგებს გამოცდის არ ეშინიათ. მთავარია, განათლების მინისტრი წამოვიდეს დიალოგზე და ყველა ის საკითხი ჩვენთან ერთად გაიაროს, რომელიც მასწავლებლებს აწუხებს.“

ლია რატიანი, ქუთაისის 37-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „მასწავლებელთა 80 პროცენტი მხარს უჭერს ერთდღიან გამაფრთხილებელ აქციას, რადგან მასწავლებელთა სერთიფიცირება უფრო სადამსჯელო ღონისძიებაა, ვიდრე პრივილეგია. მასწავლებელი არის ძალა, რომელმაც დღემდე მოიტანა სკოლა და არა - ლანძღვის საგანი, როგორც ეს თეა თუთბერიძისთვისაა. ჩვენ ვიცით, რომ 77 000-ვე პედაგოგი, რომელიც დღეს საქართველოში არის დასაქმებული, არ არის იდეალური, მაგრამ, თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს. ჩვენ არ ვამბობთ გაფიცვებზე უარს, მაგრამ ტესტირების შემდეგ ისეთივე პირობები უნდა შეგვიქმნან, როგორც ექიმებს, ადვოკატებს. სერთიფიცირების გასავლელად გვჭირდება დრო, ლიტერატურა და წინასწარი ტესტები.“

აქციები, რა თქმა უნდა, არ აწყობს ხელისუფლებას. შესაბამისად, სკოლებში სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე ზეწოლის ფაქტმაც იმატა.

მანანა ღურჭუმალიძე: ბუნებრივია, თავად პედაგოგებმა უნდა გააკეთონ საბოლოო დასკვნა და მანამ არ მიიღონ სერთიფიცირებაში მონაწილეობა, ვიდრე საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად არ იქნება დაცული მასწავლებელთა უფლებები. გამაფრთხილებელი გაფიცვაც სწორედ ამას უკავშირდება.

მასწავლებლები საგაფიცვო მოთხოვნებს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ეთანხმებიან და 2 მარტის აქციისათვის მზად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რეგიონში, მაგალითად - სამცხე-ჯავახეთში, ზესტაფონში, ყვარელში, - ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები გამოიკვეთა. ხარაგაულში დაუხიეს საგაფიცვო ოქმები, ახალციხის სკოლის ლიდერებს უშიშროების თანამშრომლებმა მიანიშნეს, რომ არ დასწრებოდნენ პროფკავშირულ შეხვედრას. მიუხედავად ამისა, 2 თებერვალს ახალციხეში მაინც შეიკრიბა პროფკავშირის საგაფიცვო კომიტეტი. ეს შეხვედრა უშიშროების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა, რამაც საკმაოდ გაზარდა არსებული დაძაბულობა.“

ხელისუფლება მასწავლებლებზე ცდილობს ზეწოლა ყვითელი პროფკავშირის, ე.წ. „სინდიკატის“ მეშვეობითაც განახორციელოს და ამით ხელი შეუშალოს 2 მარტისთვის დაგეგმილ მასწავლებელთა გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვას. ეს აშკარად გამოიკვეთა „სინდიკატის“ ხელმძღვანელის ტარას შავშიშვილის ცოტა ხნის წინანდელ პრესკონფერენციაზე. იგი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სკოლის დირექტორებზე. მოუწოდებს მათ, შეკრიბონ პედაგოგები და ესაუბრონ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ დესტრუქციულ ძალებს, ამ შემთხვევაში - სპმთპ-ს.

მანანა ღურჭუმალიძე: „სინდიკატს“ არანაირი უფლება არ აქვს, ზეწოლა მოახდინოს პედაგოგებზე. ამასთანავე, ეს ქმედება ტარას შავშიშვილის მხრიდან არის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საქმიანობაში უხეში ჩარევა და მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ხელყოფა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სპმთპ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს განათლების სამინისტროს, რომ შეწყდეს პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევა, დროულად დაიწყოს დიალოგი სამინისტროსა და პროფკავშირს შორის.“

ტარას შავშიშვილის ღრმა რწმენით კი 2 მარტს გაფიცვა არ შედგება, თუმცა, გაფიცვა მას არც არაფერში აწყობს, რადგანაც შავშიშვილი არის პროვაიდერი კომპანიის ხელმძღვანელი. ამ ცენტრს კი თავის დროზე სამინისტროსგან კანონდარღვევით აქვს მიღებული აკრედიტაცია, რასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დასკვნაც არსებობს. 

შავშიშვილს აწყობს, რომ პედაგოგებმა სწორედ მასთან გაიარონ გადამზადება და მიიტანონ ვაუჩერები. აქედან გამომდინარე, ბატონ ტარასის ინტერესებში არანაირად არ შედის პედაგოგების გაფიცვა.

თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები გასულ კვირას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ. რაღაც საკითხებზე შეჯერდნენ, თუმცა,  ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვიერად.

მანანა ღურჭუმალიძე: „მომავალ კვირაში ისევ შევხვდებით მინისტრს, ის შეგვპირდა, რომ გამოყოფს კომისიას, რომელიც სასერთიფიკაციო დებულების ცვლილებებზე იმუშავებს. რაც შეეხება გაფიცვას, ეს საგაფიცვო კომისიის გადასაწყვეტია და არა - კონკრეტულად რომელიმე ჩვენგანის.“

2 მარტს პედაგოგებმა თავად უნდა გააკეთონ არჩევანი: იცავენ საკუთარ უფლებებს და დამოუკიდებლები არიან, თუ მართლა უნდა გადავხედოთ, ვინ ასწავლის ჩვენ შვილებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას სკოლებში?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია