დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო ბესტსელერი და Twilight-ის ქართველი ფანები
2009/11/30 11:53:32

Twilight-ის ნახვა პირველად ძმამ მირჩია: „როგორც მითხრეს, მაგარი ფილმია, ინტერნეტიდან გადმოვწერე და ერთად ვუყუროთო“. ფილმმა  „ვამპირებზე“ ნაკლებად დამაინტერესა, თან საშინელებათა ფილმებისადმი ჩემი ძმის მიდრეკილებაც გავითვალისწინე და გავუფრთხილდი რა საკუთარ ნერვებს, იმ დღეს დაგეგმილი კინოჩვენება სხვა ფილმით შევცვალე.

მეორედ, ამ სათაურს მაშინ გადავაწყდი, მეგობარმა რომ შემომთავაზა:             „საინტერესო წიგნის ინტერნეტ-ვერსიას გამოგიგზავნი, ინტელექტ-კლუბში უკვე ყველამ წავიკითხეთ და ფილმის პირველი ნაწილიც ვნახეთ, ახლა მეორე სერიის გამოსვლას ველოდებითო“.

დამაინტერესა, თან როგორ! თუმცა, ნახვამდე წაკითხვა გადავწყვიტე და, ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტ-ვერსია „სულ რაღაც“ 800 გვერდს შეადგენდა. „ეს ოთხივე ნაწილია, შეგიძლია, ჯერ პირველი წაიკითხო და ფილმი ნახოო“, - დამამშვიდა გამომგზავნმა.

გამიმართლა და პირველი ნაწილი წიგნის სახით წავიკითხე - თბილისში მყოფ მეგობარს შევჩივლე, ინტერნეტში ამდენს რა წამაკითხებს-მეთქი და წიგნი საჩუქრად ჩამომიტანა: „ყოველ ნაბიჯზე ეს წიგნი იყიდებოდა და რომ დავინახე, გიყიდეო“. მაშინ გავიგე, რომ სტეფანი მაიერის ჯერ მხოლოდ პირველ ნაწილად გამოსული წიგნი ვამპირ ბიჭუნასა და ჩვეულებრივი გოგონას სასიყვარულო ისტორიაზე, უკვე მსოფლიო ბესტსელერად იყო აღიარებული და მალე მის ქართულად თარგმნასაც აპირებდნენ. მერე ფილმიც ვნახე და გადავწყვიტე, შთაბეჭდილება პირველად კინომოყვარული მეგობრისთვის გამეზიარებინა.

„ახლა შენ მაინც არ მითხრა, რომ მოგეწონა! ამიხსენი ერთი, რა მოგწონთ მაგ იდიოტობაში, ალბათ, ის, რომ მთავარ როლს კარგი ტიპი ასრულებს, არა?!“ - ასეთი იყო ალმადოვარისა და კუსტურიცას ფილმების მოყვარული მეგობრის რეაქცია.

თავი ვიმართლე: „განსხვავებული სასიყვარულო ისტორიაა...“

საუბარი იმით დავასრულეთ, რომ ამ ფილმის მეორედ ხსენება ამიკრძალა, თუ, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, ჩემს გემოვნებაში ეჭვი შეეტანა.

ვერ გეტყვით, საერთო აღფრთოვანება გადამედო, თუ განსხვავებულმა სასიყვარულო ისტორიამ მართლა მომხიბლა, თუმცა, ჩემი მოწონების მთავარი კრიტერიუმი: „ნანახთან რამდენჯერმე მიბრუნების სურვილი“, - ფილმმა აშკარად ვერ დააკმაყოფილა.

ცოტა ხნის წინ კი, როგორც აფიშები იუწყებოდნენ, „ბელას და ედვარდის უცნაური, დამაინტრიგებელი და ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორიის გაგრძელება გამოვიდა“ და თბილისის კინოთეატრები მაყურებლებით გადაივსო. ჩამოყალიბდა Twilight-ის ფანკლუბი, რომელთა უმეტესობა, ძირითადად, თინეიჯერები არიან და რომლებმაც საკუთარი საიტიც შექმნეს. საიტზე მწერლის, ფილმისა და ნაწარმოების მიხედვით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ და ფილმებიც გადმოიწეროთ.

„პირველად ნაწარმოებმა დამაინტერესა და ყველა ნაწილი წავიკითხე, მერე ფილმიც ვნახე - საინტერესო სიუჟეტი აქვს. თანამედროვე კინემატოგრაფიისთვის სრულიად განსხვავებული თემატიკაა. ბოროტმოქმედი ვამპირი დადებით და რომანტიულ პერსონაჟად გვევლინება. კარგი სცენარია, რეჟისორი და მსახიობებიც მომწონს, ძალიან კარგი სპეც-ეფექტებია გამოყენებული“, - მითხრა თამუნა ელბაქიძემ.

„რა ჰქვია ამ ფილმს საერთოდ, არ ვიცი, მე „ვამპირ ბიჭს“ ვეძახი, არც მაქვს ნანახი, მაგრამ მთელი ზაფხულის განმავლობაში იმდენმა მეგობარმა მომიყვა, რომ შინაარსი უკვე ზეპირად ვიცი. კიდე ვიცი ის, რომ წიგნიც ყოფილა და ამ წიგნის მიხედვით არის გადაღებული ფილმი. წიგნის რამდენიმე ნაწილი არსებობს და, შესაბამისად, ფილმიც რამდენიმე სერიად იქნება, ალბათ. მართალი გითხრა, ხალხი რატოა ასე  „დაცენტრილი“ ამ ფილმზე, ვერ გავიგე, რითია ასეთი განსაკუთრებული. ნახვის სურვილიც აღარ გამჩენია, იმიტომ, რომ დეტალებში ვიცი უკვე“, - მითხრა თამუნა გოლეთიანმა.

გადავწყვიტე, აზრი კინომცოდნე თამთა თურმანიძისთვისაც მეკითხა. აღმოჩნდა, რომ მასაც უცნაურად მიაჩნია ფილმის ასეთი პოპულარობა და მიიჩნევს, რომ ეს იმდენად არა ჟანრით, არამედ - უცნაური სასიყვარულო ისტორიით არის გამოწვეული.

„სასიყვარულო ურთიერთობები უკვე ყველანაირ კონტექსტში გადაღეჭა კინოინდუსტრიამ, რაც აქ ახლებური სახითაა მიწოდებული. კაცობრიობას ყველაზე მატად იზიდავს იდუმალება, რაც ერთგვარ მომხიბვლელობას სძენს სასიყვარულო ურთიერთობას. აქ არის ორი რამ: აკრძალული სიყვარულის თემა და იდუმალება. ეს, ფაქტიურად, „რომეო და ჯულიეტას“ თამამედროვე ვარიანტია და, ალბათ, სწორედ ეს მოსწონთ თინეიჯერებს და, იმედი მაქვს, მარტო მათ.“

რამდენიმე დღის წინ კი, კინოთეატრიდან გამოსულმა მეგობარმა მომწერა: „დამეთანხმე, რომ წიგნს და ფილმსაც დიდი მხატვრული ღირებულება არა აქვს“.

დავეთანხმე, მაგრამ როცა საშუალება მექნება, მეორე ნაწილს, ალბათ, მაინც ვნახავ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია