მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობამ ომის შემდგომი კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი 4 მილიარდნახევარი დოლარის 50%-ზე მეტი დონორებისგან უკვე მიიღო. აქედან ნაწილი გრანტია, ნაწილი - სესხი. სწორედ ამ ფონზე, საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად იგრძნობა. საქართველოში კი იმდენად „მდგრადი“ ეკონომიკა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ გააკეთა განაცხადი. დაახლოებით ერთი თვის წინ თავისუფალი ეკონომიკური აქტი პარლამენტს გააცნო და დასამტკიცებლად წარუდგინა.
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ძვრებზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რეზო საყევარიშვილი გვესაუბრება.
- ბატონო რეზო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი ეკონომიკური აქტის მიღება იმ ფორმით, როგორიც პარლამენტს განსახილველად მიეცა?
- დეკლარაციული განაცხადის მიღმა ამ ქარტიას ოფიციალური დოკუმენტის სახე არ მიუღია. ძნელია, წინამდებარე განაცხადების ფონზე განისაზღვროს განხორციელდება თუ არა ეს აქტი. მასში მართლაც არის რაღაც სიახლეები არა იმ თვალსაზრისით, რომ ის, შეიძლება, ცალსახად იყოს ქვეყნის კრიზისიდან გამომყვანი, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შეგვექმნეს უფრო ნათელი წარმოდგენა ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელის შესახებ, რასაც პრეზიდენტი და მისი გუნდი მიჰყვებოდნენ. პრეზიდენტისთვის ყველაზე მიღებული აღმოჩნდა ლიბერტანიალური ხედვა ეკონომიკაში, რაც დეკლარაციის დონეზე გულისხმობს სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას ეკონომიკაში და თავისუფალ ბაზარზე გადაყვანას. ამ თვალსაზრისით ის სიახლეები, რაც თქვა პრეზიდენტმა, ბევრ ნაწილში პრაქტიკულად თავდაყირა აყენებს იმას, რაც მანამდე გვქონდა. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო უდეფიციტო ბიუჯეტი, ამჟამად ბიუჯეტის დეფიციტი დაშვებულია. არ იყო დაწესებული საგარეო ვალის ზედა ზღვარი, ახლა უკვე დაწესებული იქნება. პრინციპში, ამ აქტით ჩვენ მივიღეთ ამოსავალი წერტილები, რომელთა საფუძველზე უნდა დაიგეგმოს ქვეყნის ეკონომიკა.
- და რამდენად აუცილებელი იყო აქტის მიღება?
- კარგია, როცა რაღაც დაგეგმილია. უკეთესია, როცა ვიცით, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების თუნდაც უახლესი 10 წელი. რაც შეეხება ახალ განაცხადს, რომელიც საბრუნავი სახსრების ბიზნესმენებისთვის დაბრუნებას ითვალისწინებს, ეს თეორიულად მოწოდებულია იმისთვის, რომ ბიზნესმენებთან კომუნიკაბელური ურთიერთობა ჰქონდეს ხელისუფლებას. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესთან არსებულ პობლემაზე უნდა არსებობდეს პირი, რომელსაც პასუხი მოეთხოვება. თუმცა იურიდიულად ესეც არ არის გაფორმებული. ფაქტია, რომ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიდან და ომის შემდეგ, საქართველომ რამდენიმე ეკონომიკური პროგრამა გამოაცხადა. ბევრი რამ განუხორციელებლად დაძველდა, არ ივარგა, ან არ იმუშავა. ახალ ეკონომიკურ პროექტებს, ჯერჯერობით, დროის გამოცდა არ გაუვლია. შესაბამისად, სიახლეების პრაქტიკული განხორციელება არ გვინახავს.
- აქტის გამოცხადებამდე გაიარა თუ არა პრეზიდენტმა კონსულტაციები ექსპერტებთან?
- მე არ ვიცი. თუმცა ეკონომიკური თავისუფლების აქტში გამოთქმული მოსაზრებების უმეტესობა აქტიურად ეთანადება შეხედულებების იმ მიმართულებებს, რომელსაც ავითარებს კახა ბენდუქიძის გუნდი. ეკონომიკის ამ მოდელით განვითარება იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ნაწილობრივ წავიდნენ ხელისუფლებიდან, თუმცა ნაწილობრივ არიან მთავრობაში დარჩენილებიც.
- თქვენ ამბობთ, რომ ქართული ეკონომიკა კვლავ ბენდუქიძის ხელშია...
- შესაძლოა, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ქართული ეკონომიკა დღესაც, იმ მიმართულებით ვითარდება, რასაც ბენდუქიძის გუნდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელებდა.
- როგორ ფიქრობთ, პარლამენტი მიიღებს აქტს ამ ფორმით, თუ მოხდება ცვლილებები მასში?
- ვერ გეტყვით, თუმცა აქ მეორე მომენტია, რამდენად სწრაფად და სრულად მოხდება ამ ინიციატივის საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტის ინიციატივიდან პარლამენტშია შესული, ეკონომიკური საკითხების რეფერენდუმით რეგულირების იდეაა. საკონსტიტუციო შესწორება უკვე შესულია პარლამენტში და, ალბათ, უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სახესაც მიიღებს.
- დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც ოფიციალურად ომის შემდეგ გაფორმდა არასამთავრობოების განცხადებით მანამდე იყო გამოყოფილი, გარდა ამისა, ნაწილი სესხია. რა რეჟიმით გვიწევს საგარეო ვალის დაფარვა და შეძლებს განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა მილიარდობით ვალის გადახდას?
- ვალების ნაწილი აღებული იყო ობიექტური მიზეზების გამო. ნაწილის აღება კი დღემდე სერიოზული ეჭვებს იწვევს. დღემდე არსებობს და არავის არ გაუნეიტრალებია ინტერესი ევროობლიგაცეიბის აღების საჭიროებასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებულმა არაეკონომიკურმა კრიზისმა, რაც აისახა ქვეყნის შიდა შემოსავალში და საგარეო ინვესტიციების მოზიდვაზე, დღის წესრიგში დააყენა გარე დაფინანსების მოზიდვა. რაც ახალი გრანტების და კრედიტების სახით მოხდა. ამ თვალსაზრისით ქეყანამ მოახერხა პირველადი შოკის დაძლევა. თუმცა კითხვებია ხარჯების გამჭვირვალობაზე და ეფექტიან ხარჯებზე.
- გასულ წელს აშენდა სახლები, დევნილებისთვის, დაიგო გზები. ეს გრანტით გაკეთდა თუ კრედიტით?
- ამ ეტაპზე გრანტის ნაწლის ხარჯვა თითქმის ამოწურულია და უკვე კრედიტის ხარჯვაზე გადავდივართ. მომავალ წელს საკრედიტო ნაწილის ერთი მილიარდი შემოვა საქართველოში.
- და საკრედიტო ნაწილის ხარჯვის კონტროლი ვის ევალება?
- ყველა დახმარება მიემართება ბიუჯეტის გავლით. აქედან გამომდინარე მისი ინსტიტუციონალური მაკონტროლებელი კონტროლის პალატა და პარლამენტია.
- რამდენადაც ცნობილია ძველი და ახალი ვალის გადახდა 2010 წლიდან იწყება, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 95 მლნ ლარი სჭირდება.
- 2010 წლიდან იწყება ვალების მომსახურების ახალი ზრდის ციკლი, რომელიც 2014 წელს პიკს აღწევს. აქ საუბარია ძირითადი თანხის დაფარვის პარალელურ რეჟიმზე. მომსახურების პროცენტების გადახდასთან ერთად.
- და საშუალოდ კრედიტი რამდენ პროცენტიანია?
- სხვადასხვა თანხებია სხვადასხვა პერიოდით და პროცენტით აღებული. ამიტომ საერთო ციფრის გამოყვანა ძნელია. 2013 წელს კი ქვაყანას 772 მილიონი დოლარის გადახდა უწევს, რის შემდეგაც თანხა კლუბში მიდის. თუმცა სადავოა, ექნება თუ არა ქვეყანას 2013 წელს იმდენი რესურსი, რომ ამ ვალის გადახდა შეძლოს. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება ამ ვალის გადავადება-ჩამოწერა სხვა ვალდებულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ.
- და ბოლოს, დღეს საქართველოს ეკონომიკა ვითარდება?
- ეკონომიკა არსებობს იქაც კი, სადაც არ არსებობს. ფაქტია, საქართველოს ეკონომიკის შემდგომ ბედთან ბევრი კითხვა ჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ეკონომიკა რაღაც დოზით ინტეგრირებულია. დღეს მიდის ძიება ეკონომიკის განვითარების რაღაც მოდელისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკა გრძელვადიანი პერსპექტივით. ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკა სახანძრო რაზმის რეჟიმშია ანუ სადაც ცეცხლი გაჩნდება იქ უნდა ჩააქრო.
- როგორ ფიქრობთ, პროფესიონალიზმის ნაკლებობა ხომ არ გვაქვს?
- მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალიზმის ნაკლებობა არამარტო ეკონომიკის სფეროში, ზოგადად ყველა სფეროში გვაქვს. მე ნაკლებად მეგულება სივრცე, სადაც პროფესიონალიზმის დეფიციტი არ იყოს. ის, რაც ხდება, სწორედ იმის გამომხატველია, რომ პროფესიონალების ნაკლებობა გვაქვს ადა არ გაგვაჩნია სწორი ეკონომიკურ-პოლიტიკური მოდელი.