დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ერთი ჩვეულებრივი დღე ჩვენს ქალაქში“
2012/06/04 12:48:49

ეთნიკური უმცირესობების დახმარების გზა საია-ს პროექტის ფარგლებში

29 მაისს ქუთაისში, TBC ბანკის დარბაზში, გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ერთი ჩვეულებრივი დღე ჩვენს ქალაქში“. გამოფენა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა ფონდ   „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა. 

პროექტი სახელწოდებით „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“ 2011 წლის სექტემბრიდან ხორციელდება და იგი წელს, ივლისში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს, რამდენიმე აქციის მეშვეობით, საზოგადოებას ყურადღება გაამახვილებინოს „ქუჩის ბავშვების“ პრობლემებსა და ცხოვრებაზე; ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში საინფორმაციო შეხვედრების და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებით აამაღლოს ამ ბავშვების და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი თვითშეგნება; ორგანიზაციაში არსებული საკვირაო სკოლის სასწავლო პროცესში ჩართვით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას და სხვა.

გამოფენაზე „ქუჩის ბავშვების“ მიერ შესრულებული ნახატები და ის ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მათ ცხოვრებას და ყოველდღიურობას ასახავდნენ.

„პროექტის ძირითადი მიზანი არის ქუჩის ბავშვების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამას სხვადასხვა ფორმით ვახდენდით: მათთვის ტრენინგების ჩატარება, საკვირაო სკოლებში ჩართვა და ასე შემდეგ. TBC ბანკმა მოგვცა საშუალება, რომ ეს გამოფენა ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, ქუთაისში, ფიზიკურად, სხვა საგამოფენო დარბაზი არ არის, სადაც მსგავსი შეხვედრების ჩატარება შეიძლებოდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა TBC ბანკს ამ მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის იურისტმა თამარ კიტოვანმა.

როგორც საია-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი პროექტის ფარგლებში არსებობს სკოლა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა შვილებს საშუალებას აძლევს, სხვა ბავშვებთან ერთად ისწავლონ ადამიანის უფლებები და სხვა დეტალები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე ფოტოკოლაჟი პროექტორის საშუალებით.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაქმიანობთ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ საკვირაო სკოლაში ჩავრთეთ ეს ბავშვები და სხვა ბავშვებთან ერთად ადამიანის უფლებების შესახებ გარკვეულ საკითხებს სწავლობენ. რაც შეეხება დღევანდელ აქტივობას, ეს, პროექტის ფარგლებში, გამოფენის სახით დაგეგმილი იყო. ჩვენს ქალაქში ეთნიკური უმცირესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელია, საკმაო ყურადღება სჭირდებათ და მათი საზოგადოებასთან ინტეგრირებისათვის კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნინო თვალთვაძემ.

გამოფენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სამწუხარო იყო, რომ იმ ბავშვებს, რომელთა ნამუშევრებიც იყო გამოფენილი, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ საშუალება, გამოფენას დასწრებოდნენ.

გამოფენის დამსწრე საზოგადოება კი კმაყოფილი დარჩა ნამუშევრებითაც და იმ იდეითაც, რომელიც საია-ს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია