დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიულ დღეს პედაგოგები აქციით ხვდებიან
2009/10/05 12:33:06

 

 

5 ოქტომბერს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მასწავლებლები პარლამენტის წინ გამაფრთხილებელ აქციას მოაწყობენ. ისინი იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ 60 000 პედაგოგის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტს პარლამენტში არ განიხილავენ. პედაგოგები პრეზიდენტის დაპირებებისთვის კანონის ძალის მინიჭებას და მათ რეალურ ასრულებას ითხოვენ. 

მანანა ღურჭუმალიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი: „ხუთ ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ჩვენ არ გვინდა, ამ დღეს აქციით ვხვდებოდეთ, მაგრამ 8 მაისს პრეზიდენტის დაპირებების 95 % ჯერ კიდევ შეუსრულებელია.“

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე პროექტი უკვე დიდი ხანია მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად დევს. თუმცა, საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების მიღებას არ აპირებს. ამ კანონპროექტის ინიციატორებს - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტს მანანა ღურჭუმალიძესა და ვიცე-პრეზიდენტს მაია ლიპარტელიანს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა და პარლამენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დაუფარავად განუცხადეს, რომ კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავენ, მაგრამ ის აუცილებლად ჩავარდება. 

არადა, არცთუ დიდი ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პედაგოგებს საჯარო დაპირებები მისცა, კანონპროექტში კი ყველა ეს დაპირებაა ასახული.

მაია ლიპარტელიანი: „ამ კანონის ინიციატორი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირებია. ამ პროექტს 100 000-მა პედაგოგმა მოაწერა ხელი, პარლამენტში კი 60 000 ხელმოწერით შევიდა. კანონის თანახმად, ეს ხელმოწერები ან ნოტარიული წესით, ან თვითმმართველობებს უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა, არცერთმა თვითმმართველობამ არ ისურვა ამ ხელმოწერების დამტკიცება. პროფკავშირებმა 60000 ხელმოწერა ნოტარიული წესით დაამტკიცა. როცა საპროცედურო კომისია შეისწავლიდა ამ ხელმოწერებს, მაშინ ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო ერთსულოვნების უპრეცენდენტო შემთხვევა.

ამ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა  17-20 მარტს უნდა გამართულიყო, ხოლო პლენარული სხდომა 22-27 მარტს, თუმცა, კანონპროექტი არ განუხილავთ. მიზეზად დღემდე იმას ასახელებდნენ, რომ 9 აპრილის შემდეგ პარლამენტს ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევდა მუშაობა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამ კანონპროექტის განხილვის ვადები 9 აპრილამდე იყო ამოწურული და მისთვის ფორსმაჟორს ხელი არ შეუშლია.“

 

ცოტა ხნის წინ კი ხათუნა ოჩიაურმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონპროექტი ახალი მიზეზით დაიწუნეს - მანანა ღურჭუმალიძესა და მაია ლიპარტელიანს განუცხადეს, რომ რადგანაც ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ხელისუფლება ისედაც ახორციელებს, ამის დაკანონება საჭირო არაა. თაქთაქიშვილმა ეს ყველაფერი ძალიან უცნაური ლოგიკითაც  გაამყარა: ხელფასები მიეცით პედაგოგებსო, ეს კანონში არ გვიწერია, მაგრამ მაინც ხომ ვაძლევთო.

 

მაია ლიპარტელიანი: „ ეს ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან არის ყოვლად აბსურდული და თან არაკომპეტენტური განცხადება, რადგან შრომის ანაზღაურება კონსტიტუციური ვალდებულებაა და მას სხვა კანონებიც არეგულირებს. მათ აშკარად გამოხატეს, რომ ჩვენ ამ საქმეებს ვაგვარებთ, ოღონდ ამას არ დავარქმევთ, რომ ეს თქვენი ინიციატივით ხდება.“

კანონპროექტი კი, ფაქტობრივად, თითქმის პრეზიდენტის დაპირებებზეა აგებული. დაპირებები არცთუ დიდი ხნის წინ მისცა პედაგოგებს, რომ მათ შრომით ხელშეკრულებებს განუსაზღვრელი ვადა ექნებოდა; რომ სასერთიფიკაციო გამოცდებს დამსჯელობითი ხასიათი კი არ ექნებოდა, არამედ - წამახალისებელი და რომ სერთიფიცირების შედეგები პირდაპირ აისახებოდა პედაგოგის ანაზღაურებაზე.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა სხვა ფაქტორებითაც არის აუცილებელი. კერძოდ, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი მასწავლებელთა პროფესიულმა კავშირებმა, ასოციაციებმა და ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ და მას ნორმატიული აქტის სახე არ უნდა ჰქონდეს. ეს საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაა, ამ საკითხზე არსებობს საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის რეკომენდაცია და თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს ასეა. კანონის მიღების მიზეზი ისიცაა, რომ საჯარო სკოლებიდან პედაგოგებს მასობრივად და უმიზეზოდ ათავისუფლებენ.

რაც შეეხება სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის გადამზადებას, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში რაღაც ვალდებულება თავის თავზე აიღო და ე.წ. ვაუჩერის დარიგება დაიწყო, თუმცა, 2009 წლის ბიუჯეტში ნამდვილად არ არის იმდენი თანხა ჩადებული რომ საქართველოს ყველა პედაგოგის გადამზადება მოხერხდეს.

კანონპროექტით განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, საბავშვო ბაღების დაბრუნებაც არის გათვალისწინებული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას, ის გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის არც ხარჯვით და არც საშემოსავლო ნაწილზე, სახელმწიფოს არც ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს. კანონპროექტი არც ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგება და არც ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. ის, ძირითადად, მასწავლებლების უფლებებს იცავს და განათლების ხარისხის გაზრდაზეა ორიენტირებული. ზუსტად ასეთი ღირებულებები ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტსაც ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხათუნა ოჩიაურისა და ჩიორა თაქთაქიშვილის არმოსაწონი.“

 

სპმთპ-ის პრეზიდენტს  მანანა ღურჭუმალიძეს სჯერა, პრეზიდენტმა არ იცის, რომ პედაგოგების ინიციატივებს საქართველოს პარლამენტში იგნორს უკეთებენ. 5 ოქტომბერს, პარლამენტის წინ გამართული აქციით  სწორედ მას მიაწვდენენ ხმას.

„იმედი მაქვს, რომ ხათუნა ოჩიაური და ჩიორა თაქთაქიშვილი არ წარმოადგენენ უმრავლესობის აზრს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის, რეალურად რა ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მასწავლებლების მხარეს დადგება,“ - განაცხადა მანანა ღურჭუმალიძემ.

თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს არ განიხილავს, ორი კვირის შემდეგ საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, გორში,  თელავსა და ბათუმში პედაგოგები შიმშილობას იწყებენ. ისინი პრეზიდენტის დაპირებების დაკანონებას მოითხოვენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია