დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემი თავი ნაზის ბედისთვის ვერ გავიმეტე“
2009/07/31 20:00:54

ჟურნალისტი ნაზი შამანაური საბჭოთა იმპერიას შეეწირა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, სიმართლის თქმისთვის საგიჟეთში რომ გამოამწყვდიეს და წამებით მოკლეს. მისი კალამი არავის ინდობდა, არც კომპრომისზე მიდიოდა, ვერც ვერაფრით გადაიბირებდნენ. ნაზი შამანაურს ძალიან ახლო მეგობრები არ ჰყოლია. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისთანაც ის საერთო ენას პოულობდა. ერთ-ერთი - ქალბატონი ბელა წვერაძეა, რომელიც ადრე დუშეთის რაიონულ გაზეთში მუშაობდა, დღეს კი დუშეთის საკრებულოს წევრია.

 

ქალბატონი ბელა ნაზი შამანაურის პარალელურ კლასში სწავლობდა. საშუალო სკოლა 1958 წელს დაამთავრეს.

„ნაზიკო არაფრით ყოფილა გამორჩეული, კარგად სწავლობდა, მაგრამ ცდილობდა, უფრო კარგად ესწავლა. ახლა მახსენდება, რომ განსაკუთრებით ახლოს არავისთან იყო, ყველასთან კარგ ურთიერთობას ამყარებდა, მაგრამ მაინც თვითიზოლაციას ახდენდა. ხშირად იდგა ფანჯარასთან მარტო, პირმომღიმარი სახით, ან წიგნით ხელში.  

ნაზი ობლობაში გაიზარდა. დედამისი, დეიდა სარა, ძალიან ლამაზი ქალი იყო. ნაზიც სულ მასთან იყო, გვერდიდან არ შორდებოდა.

ვინ რა გმირობას ჩავიდენთ ცხოვრებაში, არავინ იცის, ჩვენც არ ვიცოდით, რომ მომავალ გმირთან ერთად ვიზრდებოდით.

სკოლაშიც ვერ იტანდა უსამართლობას. შეეძლო, ებრძოლა სიმართლისთვის. ჩემს ჯგუფში ელიტარული ოჯახის შვილები სწავლობდნენ, მათთან ურთიერთობას, უბრალო ოჯახის შვილებთან ურთიერთობა ერჩია.

დადიოდა ძალიან სუფთად ჩაცმული, დაგოფრილი ქვედაბოლოთი და უმკლავო პიჯაკით.

თვალები ჰქონდა შველივით ლამაზი და საოცრად მეტყველი.

სკოლა რომ დავამთავრეთ, ის უცხო ენებზე მოეწყო. მერე მუშაობა დავიწყე რედაქციაში. ერთხელ ნაზი შემხვდა გზაში, ხელში რვეულები და კალმისტრები ეჭირა. ვკითხე, სად მუშაობ-მეთქი. ინტერნატშიო, - მიპასუხა. დუშეთში ობოლთა ინტერნატია. მითხრა, რომ ხელფასი მხოლოდ 25 ლარი ჰქონდა და რომ სწავლის გაგრძელებას აპირებდა. რვეულებსა და კალმისტრებზე ვკითხე, რად გინდა-მეთქი. მიპასუხა: ძალიან მეცოდებიან, ბელა, იმ ბავშვებს არც რვეულები აქვთ და არც საწერკალმებიო. იმ 25 მანეთსაც, რაც ხელფასი ჰქონდა, ბავშვების საჩუქრებში ხარჯავდა.

ნაზიმ მეორე ფაკულტეტად ჟურნალისტიკა დაამთავრა და დუშეთში დაბრუნდა. დაიწყო წერა. განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა. მახსოვს, პირველად ინტერვიუ აიღო კათოლიკოს-პატრიარქისაგან, თქვენ არ იცით, იმ პერიოდში რას ნიშნავდა ინტერვიუს აღება მისგან. სტატია გააკეთა რეპრესირებულ ოჯახზე. ეს თემები მაშინ ტაბუდადებული იყო.

ერთხელ ვუთხარი, მოდი რედაქციაში, ჩვენთან იმუშავე-მეთქი. მიპასუხა, რას ამბობ, ბელა, შენ როგორც მუშაობ, მაგას მე არ გავაკეთებო.

მართალიც იყო: გვაგზავნიდნენ სტატიის დასაწერად, იქ სხვა სინამდვილე გვხვდებოდა, ჩვენ იძულებული ვიყავით, სხვა დაგვეწერა. მე ორ ვარიანტად ვწერდი წერილებს: ის, რაც იყო და ის, რასაც გვიკვეთავდნენ. თქვენ რა იცით, რა საშინელებაა შეკვეთილი წერილების წერა!.. კრიტიკულ წერილებსაც ვწერდი, მაგრამ პიროვნებებს ვერ ვეხებოდით, პრობლემას ვანზოგადებდით. ნაზიმ ბრძოლა პიროვნებების მიმართ დაიწყო.

წერდა, თუ როგორ პარავდა დუშეთის რაიკომის მდივანი არჩილ შადური ხალხს ყველაფერს, წერდა იმ ბაღის გამგეზეც, სადაც დედამისი მუშაობდა. წერდა იმაზე, თუ რა ხდებოდა კოლმეურნეობებში. მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი დამნაშავეები და, სხვათაშორის, არ იყო არჩილ შადური ცუდი პიროვნება, მაგრამ ნაზიკო სიმართლეს არაჩვეულებრივად ხატავდა.

შადურმა დამიბარა და მითხრა, შენ ყველაზე ახლოს ხარ მასთან და უთხარი, მოვიდეს და მუშაობა დაიწყოსო. მეც მივედი, არ მითქვამს, არჩილ შადურმა რომ გამაგზავნა, ვიცოდი, არ დამთანხმდებოდა.

„ნაზი, რასაც წერ, იმაზე ყველა ვფიქრობთ, ამ ურჩხულის წინაშე ბრძოლა არ შეიძლება,“-ვუთხარი და კიდევ ერთხელ შევთავაზე მუშაობის დაწყება.

მიპასუხა: შენ არ გჯერა და მაინც აკეთებ, მე არ მჯერა და ვერასდროს გავაკეთებო. უკვე ეროვნული მოძრაობა ფარულად მიმდინარეობდა.  შევთავაზე, მარტო ბრძოლას, მე მათთან დაგაკავშირებ და მათ შეუერთდი-მეთქი. მაგრამ ნაზის კომუნისტური წყობის მიმართ კი არ ჰქონდა პრეტენზიები, არამედ - იმ ადამიანების მიმართ, ვინც მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ ამ „მშვენიერ წყობას“ რეალობად ვერ აქცევდა. მისი მწარე კალამი სხვა თანამდებობის პირებსაც შეეხო, მათ შორის - შევარდნაძესაც.

ნაზი შამანაური საზოგადოებას გაერიყა. თვითონ არსად მუშაობდა, დედასაც დაანებებინა მუშაობისთვის თავი, არ იღებდა დედის პენსიას. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ ირჩენდნენ თავს. ერთხელ მაწონი მივუკითხე, ფულიც შევაძლიე, არ აიღო. პურის საყიდლად თბილისში ჩადიოდა. ანანურში დეიდა ჰყავდა, მისი მოწეული ხახვით და ბოსტნეულით გაჰქონდათ თავი.

დისიდენტური სინდრომი შეეყარა, ამას იქიდან ვასკვნი, რომ ერთხელ ჩემი ძმა დაიბარა და უთხრა, ბელას მოსაკლავად დასდევენო. იმ წელს პერიტონიტით დუშეთის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ჰიგიენის პრობლემების გამო. ნაზი ამბობდა, რომ ეს ხალხი შევარდნაძის ბრძანებით მოჰკლეს. ეჭვის თვალით უყურებდა ყველას და ყველაფერს.

დუშეთს კი ძალიან უყვარდა ნაზი, მის ნათქვამ სიმართლეს ძალიან აფასებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ისეთი ძლიერი იყო წითელი იმპერია!..

ნაზიკო ვაჟაობაზე დაიჭირეს. ხალხი ზეიმობდა ის კი სცენაზე ავიდა და თქვა, რა გეზეიმებათ, ხალხო, ქვეყანა თავზე გენგრევათ, მაღაზიები ცარიელია, შვილები მშივრები გყავთო, ნაზის სათქმელი არ დაამთავრებინეს, მიკროფონი გაუთიშეს და ის და დედამისი მანქანაში ჩატენეს... ეს სცენა მე არ მინახავს, ჩემმა მეუღლემ მიამბო...

გაჩხრიკეს სახლი და წაიღეს ნაწერები... არ იყო ეს ქალი საგიჟეთში წასაყვანი და იქ გამოსაკეტი, ის იქ წამალს არ დალევდა, ისეთი პრინციპული იყო, არც იმას იტყოდა, უკეთესად მოვიქცევიო... შეაკლა თავი სიმართლეს.

ნაზი ოთხ თვეში გარდაიცვალა საავადმყოფოში. ჩამოასვენეს დუშეთში. ბრძანება იყო, რომ  არავინ   მისულიყო მის სამძიმარზე. ჩვენ, უახლოესი ადამიანები, მაინც მივედით. სულ 50 კაცი იყო მის დასაფლავებაზე, დედამისი არ დასწრებია... სარა დეიდამ მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა, ჩვენ ვპატრონობდით, ისე  როგორც შეგვეძლო...

ძალიან ვნანობ, ნაზის უფრო რომ ვერ ამოვუდექი გვერდში, სიმართლეს ამბობდა და ჩვენ ვერ შევძელით მისი და ამ სიმართლის დაცვა, რადგან მაშინ მეც ნაზის ბედი უნდა გამეზიარებია, ჩემი თავი კი ნაზის ბედისთვის ვერ გავიმეტე...“

(სურათზე ბელა წვერაძე)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია