გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ დევნილების საცხოვრებელი სახლების აშენებისთვის 38 850 მეტრკუბი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დაამზადეს, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობის სახლების შეკეთებისა და მშენებლობის ღონისძიების უზრუნველსაყოფად გადაეცა. ამ უკანასკნელმა კი საშენი მასალა მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცა.
ექსპერტები ამბობენ, რომ გამოყოფილ ტყე-კაფვებში იმაზე მეტი მორი დამზადდა, ვიდრე ეს მოთხოვნილი იყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის მართვის სამსახურის უფროსი გოგი დათუნაიშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებისთვის სახლების აშენების მიზნით ადგილობრივი ხის მასალა სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და გურიის სატყეო მეურნეობებში მოიჭრა. „მოიჭრა იმდენი, რამდენიც დაგვავალეს. როგორ და რა დაიხარჯა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა რაიოდენობის მრგვალი მორი გავიდა ჩვენი ტყის მასივებიდან.“