დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტი კულუარებში დაიგეგმა?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/16 16:51:54

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მორიგმა  განხილვამ  ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტები“ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ დაიგეგმა, რის გამოც ბიუჯეტის პროექტში ბევრი შენიშვნა    არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ და საფინანსო-სარევიზიო კომისიების შენიშვნათა ნაწილი აღმასრულებელმა უკვე  გაითვალისწინა,  „პატრიოტები“ ბიუჯეტის როგორც პარამეტრებით, ასევე პრიორიტეტებით კვლავ უკმაყოფილო არიან. ფრაქციის დეპუტატები დღეს ღიად აცხადებდნენ, რომ  რედაქტირების გარეშე ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.

„ამ ბიუჯეტის პროექტი შეადგინა ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა კულუარებში. მის დაგეგმარებაში ნულოვანია საზოგადოებისა და  არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ბიუჯეტის პროექტი სამსახურების უფროსებთანაც კი არ განხილულა. ხელფასებს უმატებენ ხალხს და არ იციან როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა.  არ შეიძლება ბიუჯეტი კულუარებში იგეგმებოდეს. ასეთი წესით შედგენილ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს  საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ აღმასრულებელს ბიუჯეტის პროექტის განხილვა გახადოს საჯარო“,-აცხადებს ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე.

თანხის განაწილების პრინციპით უკმაყოფილო არიან იმ  დაწესებულებათა ხელმძღვანელებიც, რომელთა თანამშრომლებსაც მომავალი წლიდან ხელფასი 200 ლარამდე გაეზრდება. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე ბიბილიოთეკის თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ დაფინანსების ეს პრინციპი თავად თანამშრომლებში გამოიწვევს უკმაყოფილებას, რადგან ამ განაწილების ამ მეთოდის შედეგად ზოგ შემთხვევაში დამხმარე თანამშრომელს 80 ლარით გაეზრდება ხელფასი, მას კი ვინც გაცილებით საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებს  20 ან 30 ლარით, რაც უსამართლობის გრძნობას გამოიწვევს თანამშრომელებს შორის.

„ჩვენ ვითხოვდით 30%-იან ზრდას, ყველა თანამშრომლისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველას თანაბარი 200 ლარი ექნება, განურჩევლად იმისა, ვინ რა საქმეს აკეთებს. რა ვუთხრა  ჩემს თანამშრომლებს, როცა მკითხავენ რატომ არის ხელფასების განაწილების ასეთი პრინციპიო“? -აცხადებს ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე.

მომავალი წლიდან 200 ლარამდე ხელფასი  საჯარო სამსახურში დასაქმებულ 300 თანამშრომელს გაეზრდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია