დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნიაგარა“ სხირტლაძის ქუჩაზე
2012/03/26 14:11:18

რუსთაველის გამზირზე, „ვისოლი“-ს ბენზინგასამართი სადგურიდან დაწყებული, ხიდისკენ მიმავალი მთელი გზის მარცხენა ტროტუარზე, ასევე ამავე ქუჩის მეოთხე, მეექვსე და მერვე შესახვევიდან, ზამთარ-ზაფხულ, წყალი მოედინება, თუმცა წყალი განსაკუთრებულად, „ჩანჩქერივით“ მოდის სხირტლაძის ქუჩაზე, სადაც სხვათაშორის, ცხოვრობს პარლამენტის წევრი გოჩა თევდორაძე.

 

როგორც სხირტლაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გვიამბეს, მათ შემოდგომაზე შეატყობინეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ. სასმელი წყალი ამ ხნის მანძილზე არ მიეწოდებოდათ, თუმცა იმ იმედით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, უწყლობასაც გაუძლეს. შეკეთების შემდეგ კი, როგორც იქ მცხოვრები ამბობს და ეჭვობს, მილებია გატეხილი და შუა ქუჩიდან მოედინება „შადრევანი“. მოსახლეობა ამბობს, რომ როცა ქსელში არ არის წყალი, მაშინ ქუჩაში ნიაღვარიც რამდენიმე საათის განმავლობაში ნელდება.

ამავე ქუჩის მცხოვრები თეა ჩეჩელაშვილი ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს:

„ხედავთ, როგორ მდგომარეობაშიც ვართ, წყალს მოაქვს მთელი ქუჩის ნაგავი და ყველაფერი გროვდება ჩემს სახლთან. ამას სხვისთვის არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, არა აქვს, რადგან ეს მათ არ აწუხებთ. რამდენჯერაც არ უნდა დაალაგო, იმდენჯერ ანტისანიტარიაა. ზაფხულში მთლად კატასტროფული მდგომარეობაა, კოღოები ესევა. საქმე ისაა, რომ ახალი დამონტაჟებულია წყლის მრიცხველები და წყალს წვეთობით გვითვლიან. ეზოში ონკანი მქონდა და ჩამიჭრეს, აქ არაფრით არ შეიძლება, ცალკე მილი უნდა დადგაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ არცერთ წვეთს არ უშვებენ კონტროლის გარეშე. გახვალ გარეთ და - ხედავ, მოდის „ნიაგარასავით“ წყალი და კაციშვილი გამკითხავი არაა. ჯერ ერთი, იკარგება წყალი, მერე მეორე  - ანტისანიტარიაა, მერე მესამეა - ქალაქის ცენტრია და ამ მსვლელობით ქუთაისი, როგორც ბატონი მიშა ამბობს, ევროპული ქალაქი ვერასდროს გახდება. წყლით მომარაგების 24-საათიანი გრაფიკი იმდენად წარმოუდგენელი რაღაცაა, მაგაზე აღარა გვაქვს უკვე საუბარი. ადრე გვითხრეს, რომ გავაკეთეთ უკვე და აღარ შეგაწუხებთ წყალიო, მაგრამ პატარა პერიოდის შემდეგ უფრო ჩქეფს. ჩვენ წყალი მოგვეწოდება ჩვენი ქუჩის ზემოდან, სადაც წყალსაცავია.“

ყველაზე მეტად წყლის ეს დინება ქუჩის იმ ადგილებს დაეტყო, რომელიც უკვე ვაკედაა ქცეული.

„აქ ყოველთვის დგას წყალი, არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარია თუ ზაფხული. განსაკუთრებით ზაფხულშია რთული ასეთ სველ ქუჩებზე გადაადგილება - თუ სადმე მივდივართ, ფეხი გვისველდება. ხომ იცით, ბინძური წყალი სპეციფიკურ სუნს ტოვებს... მანქანა რომ გაივლის, ჭიშკარს უნდა აეკრა, რომ არ დაგასველოს. წყალი სულ რომ მოედინება, ხავსს იკიდებს და, უბრალოდ, სირცხვილია, ცენტრალურ გზაზე და მის შესახვევებში ასეთი სიტუაცია რომ არის.“ - გულისტკივილით აღნიშნა ჩვენთან საუბრისას 58 წლის ქალბატონმა ნანამ.

სხირტლაძის ქუჩის პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის კეთილმოწყობის სამსახურს მივმართეთ.

„სხირტლაძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. თუ არ ვცდები, რვა თუ ცხრა წლის წინ მანდ დაიგო ბეტონის საფარი. მაგ უბანს მეორე პრობლემაც აქვს - ის, რომ ზემოთ, სკოლის კუთხეში, მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩის აუზი, რომელსაც წყალი გასდის და დრენაჟის არხით გადის სკოლის კუთხეში, ამიტომ მოუყვება ამ ქუჩას ეს წყალი. წყალმომარაგების კომპანიას უკვე გაკეთებული აქვს პროექტი, რომ აღნიშნული აუზი რეაბილიტაციაზე გაუშვას. ჩვენ ვაპირებთ, რომ მაგ უბანზე არსებული წყლის ქსელის პრობლემა მოგვარდეს ამ წლის განმავლობაში.“- გვიპასუხა სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია