დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ და მერიის პრესსამსახური
2012/02/27 11:58:22

„სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ურჩევნიათ, მათთან დაახლოებულ რამდენიმე ტელეჟურნალისტს მისცენ კომენტარი და არა - პრესის ჟურნალისტებს“

 

სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.  

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, 24-ე მუხლი.

პრეს-მოხელე, რომელსაც სწორად აქვს გააზრებული ინფორმაციის თავისუფლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა, მედიასა და უწყებრივ ინტერესებს თანასწორუფლებიან სუბიექტებად მოიაზრებს და თავის უმთავრეს ამოცანად მედიატორულ ფუნქციას მიიჩნევს, - უაღრესად სასარგებლოა, როგორც ჟურნალისტთა კორპუსისათვის, ასევე მნიშვნელოვან სამსახურს უწევს საკუთარ უწყებას და შესაბამისად, მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალს, რადგან მედია მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ხელისუფლების იმიჯსა და ავტორიტეტს.

„პრესმედიატორი“ (გამოცემულია სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს მიერ).

 

მედიისა და პრესსამსახურების ურთიერთობა - ეს არის თემა, რომელიც გასული საუკუნიდან მოყოლებული, ჟურნალისტებისათვის აქტუალობას არა და არ კარგავს. რა დანიშნულება და მოვალეობა აკისრია ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურს და როგორ ასრულებს იგი თავის მოვალეობას? - ეს არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ, ჟურნალისტები, ერთმანეთს ხშირად ვეკითხებით. წესით, პრესსამსახურის ელემენტარული მოვალეობაა, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩაწერისას და შესაბამისი რესპონდენტების მოძებნაში, გაუღიმოს, იყოს თავაზიანი და, რაც მთავარია, არ დაივიწყოს კოლეგიალობა. თუმცა, ეს ყველაფერი - ოფიციალურად.

რეალობა კი მთელს საქართველოში და მათ შორის - ქუთაისშიც სხვაგვარია. პრესსამსახური ხშირად არათუ გეხმარება სასურველ რესპონდენტებთან ინტერვიუს ჩაწერის დაგეგმვაში და მასთან შეხვედრაში, არამედ - პირიქით.

რატომ ითხოვენ მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლები, წინასწარ გაეცნონ იმ კითხვებს, რომლებსაც რესპონდენტებს დავუსვამთ? ეს, უბრალოდ, მათი ამბიციური მოთხოვნილებებია, თუ მათი „შეფების“ (ზემდგომების) დავალება?! არის თუ არა პრესის ჟურნალისტისთვის საკმარისი დაწერილი კითხვების დატოვება პრესსამსახურთან და მასზე რამდენიმე დღის შემდეგ სიტყვაძუნწად გაცემული პასუხი? ხშირად ხომ ჟურნალისტები მათ მიერ მოცემულ, დაწერილ პასუხებს მხოლოდ ფორმალური დაბალანსების საჩვენებლად ვიყენებთ. 

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, რა ხდება ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, როგორი ურთიერთობა აქვთ პრესსამსახურსა და ჟურნალისტებს ერთმანეთთან. ჩვენ მათ სოციალური ქსელების საშუალებით დავეკონტაქტეთ.

რუსუდან გოგოლაძე, გაზეთ „რუსთავის ამბების“ ჟურნალისტი: „რუსთავში პრესსამსახურსა და ჟურნალისტებს შორის ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა, ხშირ შემთხვევაში, დახმარების ნაცვლად, ისინი  ხელსაც კი გვიშლიან და დროულად არ გვახვედრებენ იმ რესპონდენტებს, ვინც აქტუალურია იმ მომენტისთვის. ასევე წინასწარ ითხოვენ კითხვებს და რაც არ მოსწონთ, იმაზე გვეუბნებიან, ამოიღეო და ა.შ. ხშირად მგონია, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ურჩევნიათ, რამდენიმე, მათთან დაახლოებულ ჟურნალისტს მისცენ სატელევიზიო კომენტარი, ვიდრე პრესის ჟურნალისტებს პირადად გაესაუბრონ და ჩვენ შორის ცოცხალი ინტერვიუ შედგეს.“

შორენა სურმანიძე, ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი: „ვიტყვი, რომ ახალციხეში ჟურნალისტებისა და ამა თუ იმ სამსახურის ადგილობრივ პრესსამსახურებთან ურთიერთობას პრობლემა არ ექმნება, რათა მოვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, აქ უფრო სხვა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე: მოგეხსენებათ, რომ ბევრ სტრუქტურას, როგორებიცაა, მაგალითად, ძალოვანი, საგანმანათლებლო და ა.შ. რეგიონებში არ ჰყავს პრესსამსახურები და როცა მათთან მივდივართ ინტერვიუზე, თბილისში გვიხდება დარეკვა და შეთანხმება, ხშირ შემთხვევაში - უარის მიღებაც, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის, იმიტომ, რომ ახალი ამბების მომზადებისას დროში გვაფერხებს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი ნაწილობრივ მაინც მოგვარდება, იმისათვის, რომ ჟურნალისტებს გაუადვილდეთ მუშაობა და გააკეთონ ისეთი მასალა, სადაც ყველა ის მხარე იქნება წარმოჩენილი, რაც აუცილებელია თითოეული საკითხის გაშუქებისათვის.“

სულხან მესხიძე, „აჭარა P.S“. -ის ჟურნალისტი: „ადგილობრივი პრესსამსახური ძალიან იშვიათად თუ გვატყობინებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ... ხშირ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ მათთვის მისაღებ და სასურველ ჟურნალისტებს ატყობინებენ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ გასული ღონისძებების მოკლე რელიზს გვიგზავნიან, ანუ მასალა, რომელსაც დაკარგული აქვს ღირებულება... ასეთ დროს გვყავს ჩვენი წყაროები, რომლებიც ხშირად გვატყობინებენ მიმდინარე ღონისძიებებს. ადგილზე მისულებს პრესსამსახურის წარმომადგენელი არ გვახვედრებს გამზადებულ პრესრელიზებს და იძულებულები ვართ, ბოლომდე დავესწროთ.“

თორნიკე ხურციძე, გაზეთ „ვერსია“-ს და რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტი: „ჟურნალისტებსა და ადგილობრივ პრესსამსახურებს შორის ურთიერთობა ძალიან ბუნდოვანი და ზედაპირულია. ხდება ისე, რომ ზოგჯერ პრესსამსახურის წარმომადგენლები არ გვირეკავენ კონკრეტული თემის გასაშუქებლად, თუმცა ხდება ხოლმე ისიც, რომ გვირეკავენ და გვაგებინებენ. ეს, ძირითადად, ეხება ისეთ თემებს, რომლის გაშუქებაც მათ აინტერესებთ. ხდება ისეც, რომ ითხოვენ დაწერილ კითხვებს და რამდენიმე დღის შემდეგ მოგვცემენ დაწერილ პასუხებს. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებსა და პრესსამსახურს შორის უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობა, რადგან ეს ორივე მხარისათვის მომგებიანია.“

ალეკო გვეტაძე, ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის პროგრამების ხელმძღვანელი: „მე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული პერიოდის წინ ნამდვილ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, პრესსამსახური არანაირ ინფორმაციას არ გვაგებინებდა და ხშირად კოლეგების საშუალებით ვიგებდით ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პრესსამსახურზე არაა დამოკიდებული, რადგან ისინიც ჟურნალისტები იყვნენ ერთ დროს, ამიტომ მგონია, რომ მათ უკან ვინც დგას, მათ არ ჰქონდათ სურვილი, ჩვენ გაგვეშუქებინა კონკრეტული ფაქტი. თუმცა, ბოლო დროა, საბედნიეროდ, შეიცვალა მათი დამოკიდებულება ჩვენდამი და მეტ-ნაკლებად გვირეკავენ და გვაგებინებენ.“

თეა ზიბზიბაძე, „ახალი გაზეთის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, ჟურნალისტი: „როგორც მე და ასევე ჩვენი გაზეთის ჟურნალისტები, ვცდილობთ, პირადად გავიდეთ კონკრეტული თანამდებობის პირებთან და პრესსამსახურის ჩაურევლად ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი რესპონდენტი. თუმცა არის შემთხვევები, როცა კონკრეტული უწყების უფროსები არ გვეწერებიან და მაშინ ნამდვილად გვიწევს პრესსამსახურთან დაკავშირება. თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი, რადგან ისინი გვეუბნებიან, რომ დღეს არ სცალიათ, ხვალ შეხვდით და ა.შ. ასე რომ პრესსამსახურის წარმომადგენლები, ხელის შეწყობის ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში, ხელს გვიშლიან.“

განსხვავებული მოსაზრებაა ქუთაისის მერიის პრესსამსახურში. მისი უფროსის, ქალბატონ ქეთი დეისაძის განცხადებით, ისინი ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, განურჩევლად მათ მიერ მომზადებული მწვავე თუ ნაკლებად მწვავე მასალებისა.

ქეთი დეისაძე, ქუთაისის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი:  „პრესსამსახური - ეს მსოფლიოში აპრობირებული ფორმაა და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც  არის. ვფიქრობ, რომ ჩვენი პრესსამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათ ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით. რაც შეეხება იმას, რომ პრესსამსახურთან ურთიერთობა - ეს დროში გაწელილი პროცესია, ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ, პირიქით, ვშუამდგომლობთ ჟურნალისტებსა და უწყების ხელმძღვანელებთან, რათა ჟურნალისტებმა დროულად მიიღონ საჭირო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, აღნიშნული მასალა ასხამს თუ არა ჩვენს წისქვილზე წყალს.“

საინტერესო და ამავე დროს გასაოცარი ის არის, რომ უმეტესობა ამ ადამიანებისა (პრესსამსახურების თანამშრომლებისა) აღნიშნულ თანამდებობაზე სწორედ რომ ჟურნალისტიკიდან მოხვდნენ. მათაც გამოუცდიათ, თუ რა რთულია, როცა თემა აქტუალობას კარგავს! როგორი სასწრაფო და საჭიროა კონკრეტული რესპონდენტის ჩაწერა, რომელსაც პრესსამსახურს წარმომადგენელი საგულდაგულოდ გიმალავს და მას ხან „ავად ხდის“, არასასურველ ჟურნალისტს რომ არ ჩააწერინოს, ან კიდევ, სულაც „საზღვარგარეთ უშვებს“. ფაქტი ერთია: ამგვარი ურთიერთობით ზარალდება საზოგადოება, რომელიც მუდმივად ვერ იღებს ინფორმაციას და არ იცის, ამა თუ იმ საკითხის მიმართ რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელეს.

ამ სტატიის შემდეგ პრესსამსახურის ბევრი წარმომადგენელი საკუთარ თავს ამოიცნობს და, იმედია, სხვისი თვალიდან მაინც დაინახავს, თუ როგორ სცოდავს მათთვის „არასასურველ“ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას. ჩვენ არ ვართ მხოლოდ „მოდარაჯე ძაღლები“, ჩვენ ავირჩიეთ პროფესია, რომელიც ხაზგასმით გვავალდებულებს, რომ ხალხს ვუთხრათ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1386
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია