დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ქუთაისში
2012/02/13 12:13:50

7 თებერვალს, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გაიხსნა. იგი ამერიკის მთავრობის მიერაა დაფინანსებული და ერთი იმათგანია, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნება. ცენტრი საზოგადოებას მრავალი საჭირბოროტო საკითხის ღიად განსახილველად ხელსაყრელ ადგილს შესთავაზებს. დიალოგის ხელშეწყობის პროცესი მიზნად ისახავს მოქალაქეთა დემოკრატიული ჩართულობის წახალისებას და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წითელი ლენტი USAID კავკასიის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინიმ გაჭრა და ქუთათურებს ეს სიახლე სიტყვითაც მიულოცა:

„ეს ცენტრი ყველასათვის ღია იქნება - როგორც ქალთა საზოგადოების, ასევე - სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის. ქალბატონებს შეეძლებათ მოვიდნენ და შეიკრიბონ, აგრეთვე უნარშეზღუდულ და იმ პირების, ვისაც განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ. ეს იქნება  სწორედ ის ადგილი, სადაც სხვადასხვა ჯგუფი და მათი წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად გამოიტანენ დასკვნას, იმ საკითხებზე, რომელიც საჭირბოროტო იქნება იმ დროისათვის. ცენტრის მეშვეობით მოქალაქეები უკეთ იქნებიან ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ აირჩიეს. ეს არის სწორედ თანამონაწილეობითი დემოკრატიის მშენებლობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს დემოკრატიის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

USAID კავკასიის მისიის დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ თემის შესახებ, რომელიც ცენტრის გახსნას მიეძღვნა. დისკუსიის თემა იყო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურისა და ჰესების კასკადის მშენებლობა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საზოგადოების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. კითხვა-პასუხის ფორმატში გადავიდა და საკმაოდ მწვავე დებატებიც გაიმართა. როგორც „მწვანე ალტერნატივის“  წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა განაცხადა:

„ყველაზე დიდი  პრობლემა   ამ  ჰესებთან დაკავშირებით არის ის, რომ ამ მშენებლობას არ აქვს ეკონომიური დასაბუთება, ანუ - რისთვის გვჭირდება ამ ჰესების მშენებლობა. რაც შეეხება გარემოს დაცვით და სოციალურ ზემოქმედებას, საუბარია იმაზე, რომ დაგეგმილი ჰესების შედეგად წყლის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს 2500 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთები, ტყეები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სოფლები, ეკლესიები, არქეოლოგიური ძეგლები. ეს ყველაფერი არამარტო წყლის ქვეშ აღმოჩნდება, არამედ - გარშემო არსებულ მიდამოებზეც უარყოფითი ზემოქმედება ექნება. რას მივიღებთ ამ ზარალის სანაცვლოდ?  მერე აღმოჩნდება, რომ საუბარია მხოლოდ ფურცელზე ექსპორტის გაზრდაზე. როდესაც რწმუნებულის მოადგილე და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი ამბობენ, თითქოსდა გაიზრდება დასაქმება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ეს ვალდებულებაც არ არის ჩადებული და,  რაც  მთავარია,  საქართველო  ამ  ჰესების  შედეგად არანაირ დამატებით შემოსავალს არ მიიღებს. გვაქვს უდიდესი რისკები, რომ დაიტბოროს მიდამოები. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ, ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ეს ჰესები გათვალისწინებულია საქართველოში პიკის მოსახსნელად. პიკი საქართველოს დღეს და უახლოეს მომავალში არ ემუქრება. მაქსიმალური სამომხმარებლო ენერგია, რასაც დღეს საქართველო ხარჯავს, ბაზისული ენერგიაა. ენგურჰესი თავის დროზე პიკის მოსახსნელად აშენდა, თუმცა დღეის მდგომარეობით ენგურჰესის ენერგია ავტომატურად გადადის ბაზისურ ენერგიად. რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი არ არის,“ - აღნიშნა დავით ჭიპაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ურყევი იყო: გიგა შუშანია და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი, მიუხედავად უამრავი საწინააღმდეგო ფაქტისა, შეუდრეკლად იცავდნენ თავიანთ აზრს.

,,რაც შეეხება ნამახვანის ჰესების მშენებლობას, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და, კერძოდ, რეგიონებისათვის. საკითხი დგას ჩვენ მხრივ სხვანაირად: მზარდი ეკონომიკის პირობებში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ საკმაოდ ხელშესახებია და დიდი მასშტაბით მიმდინარეობს, ალბათ, უახლოეს პერიოდში დადგება მომენტი, ენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება და, არა მგონია, რომ დღეს არსებული სტატისტიკა ხვალისთვის გახდეს დამაკმაყოფილებელი, იმიტომ, რომ იზრდება იმპორტის მოცულობა. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა ენერგიაზე, უნდა აშენდეს ჰიდრო და თბოელექტროსადგურები. იმპორტი უნდა გაიზარდოს, ან გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ იყო ათვისებული  ენერგიის წყაროები, ახლა იწყება რაღაც ნაბიჯების გადადგმა. 2004 წლისათვის  მსოფლიო განახლებადი ენერგიის მოხმარება 18% შეადგენდა, 2030 წლისათვის კი - 21% გახდება. საქართველო ამ ნიშნულს, მართალია, ვერ მიუახლოვდება, მაგრამ გვექნება ჰესების მშენებლობა, რაც საკმაოდ სარგებლიანი იქნება, რაც მოიცავს ენერგო უსაფრთხოებას, რომ საქართველო არ იქნება სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული ენერგიის მოწოდების მიზნით,“ - აღნიშნა გიგა შუშანიამ. 

აღნიშნულ თემაზე დისკუსია საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი იქნება აღჭურვილი ყველანაირი პირობით, ექნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტი. ცენტრებს ეყოლება პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ორ შეხვედრას მაინც გამართავენ. საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, არასამთავრობო საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკური პარტიების წევრებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ შეხვედრების გასამართად ცენტრი უსასყიდლოდ გამოიყენონ.

ცენტრების მეშვეობით აშშ-ის მთავრობა ეხმარება ქართველ ხალხს, მეტად აქტიურად ჩაებას საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის აღმშენებლობაში. ცენტრებისათვის შენობები დაიქირავა და ტექნიკურად გამართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ეს ამერიკელი ხალხის საჩუქარია ქართველი ხალხისათვის. ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება მოახდინა 10 ცენტრში, რომლებიც გაიხსნება ოზურგეთში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულსა და გურჯაანში. ბოლო 19 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა საქართველოს USAID- ის მეშვეობით 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია