დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტს შადრევნები არ დავიწყებია
2011/12/26 13:06:49

22 დეკემბერს საკრებულოს 30-ე, რიგგარეშე სხდომა გაიმართა,  სადაც დეპუტატებმა ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი - 36  445 000 ლარი დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა, ნაცმოძრაობის სრულ იდილიურ სიმშვიდეს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ არღვევდნენ - ნაცმოძრაობის დასამტკიცებელ ბიუჯეტს ეჭვის თვალით უყურებდნენ. როცა მღვდელაძემ ატრაქციონებში დასახარჯი მილიონობით ლარი გააკრიტიკა, განრისხებულმა ქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა და მღვდელაძეს თითქოს „ჩამჭრელი შეკითხვა“ დაუსვა; „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი, ბატონო მამუკა?!“ ქალაქის მერს ამ კითხვის დასმის შემდეგ ნამდვილად ეგონა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს საპასუხო არაფერი ექნებოდა და მყუდროებას აღარ დაურღვევდა. თუმცა, არც მღვდელაძე დაიბნა და კითხვას კითხვითვე უპასუხა: „რომელ რევოლუციამდელზე მესაუბრებით, ბატონო გიორგი, ვარდებისაზე?!“ ქალაქის მერმა ხელი ჩაიქნია და გულში, ალბათ, გაიფიქრა - „ამას ენაში ხომ ვერ მოუგებს კაციო“. შემდეგ სხდომა ჩვეულ რიტმში წარმართა, ოპოზიციონერთა ნაწილი ამბობდა, რომ წინა წლებთან შედარებით ბიუჯეტი საკმაოდ შემცირებულია. დეპუტატ მამუკა მღვდელაძის განცხადებით, წლევანდელი ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით. თუმცა, იგივე ბიუჯეტზე ქალაქის მერმა განსხვავებული კომენტარი გააკეთა - ბიუჯეტმა კი არ მოიკლო, არამედ, მან 2  400 000 ლარით მოიმატაო.

„ჩვენ გვქონდა ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრა, ასევე არასამთავრობო სექტორთან, სტუდენტებთან და კულტურის წარმომადგენლებთან. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ჩვენი ბიუჯეტი ადეკვატური ყოფილიყო იმ ფინანსურ დოკუმენტთან, რომელსაც დღეს საკრებულო დაამტკიცებს. ოპოზიციონერთა ნაწილის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან ქუთაისის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით გაიზარდა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის არ შემცირებულა,“ - გვითხრა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ „ქრისტიან-დემოკრატებს“. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფალნი რიგ დათმობებზე წამოვიდნენ, არის რიგი საკითხები, რომლებზედაც ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა არაგონივრულადაა გამოყოფილი.  

„რიგ საკითხებში  „ქრისტიან-დემოკრატებმა“ შევძელით და დიალოგზე წამოვიყვანეთ ადგილობრივი ხელისუფლება. ასეთი საკითხებია, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევა, ასევე ერთჯერადი პროგრამები, სტუდენტური ოჯახების დაფინანსება... თუმცა, ვფიქრობთ, არაგონივრულად გამოყოფილია საკმაოდ სოლიდური თანხები ატრაქციონებსა და შადრევნებზე,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ დავით დვალმა.

ასე რომ, ქუთაისმა მომავალი ერთი წლის განმავლობაში 36 445 000 ლარი უნდა იკმაროს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1350
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია