დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციასა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე?
2011/11/07 13:25:35

მევლუდ ბობოხიძე (ქ. წყალტუბოს მკვიდრი): ბიძინა ივანიშვილს მე დიდად არ ვიცნობ, მაგრამ თუ მისი საძმაკაცოთი ვიმსჯელებთ, ის იგივე მიხეილ სააკაშვილია, ვინაიდან ზუსტად სააკაშვილის პროექტი იყო იმ უსახური ირაკლი ალასანიას გაპრეზიდენტება. მაგრამ რადგანაც მან ეს ვერ შეძლო, ახლა ამ პროექტის განხორციელებაში ბიძინა ეხმარება, რაც, ალბათ, გამოუვა კიდეც. ვინაიდან, ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოების უმეტესობა შეუგნებელია და მეორეც, ფულის გულისათვის რასაც მათ ივანიშვილი ჰპირდება, საარჩევნო ხმას კი არა, პატრონსაც გაყიდიან.

აქვე უნდა შევნიშნო ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არსაიდან არ მოსულა. როგორც თავად ამბობს, ის ყოველთვის აქ იყო და აფინანსებდა სააკაშვილის ძირგამომთხრელ რეჟიმს.

თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ნამდვილად უნდოდა, მას ძალზე კარგი შეთავაზება ჰქონდა შალვა ნათელაშვილისაგან - ერთადერთი ნამდვილი ოპოზიციონერისაგან  საქართველოში, რითაც გაახანგრძლივა სააკაშვილის ძარცვის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში.

ახლა, როცა „ჩვენს“ პრეზიდენტს ყოველგვარი ვადა ამოეწურა, მას მხსნელად მოევლინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მმართველობის სიმბოლურად გადაბარებას აპირებს და მოკლე ხანში სხვას ჩააბარებს ხელისუფლებას. ძნელი მისახვედრი არაა, ალბათ, თუ ვინ იქნება ეს „სხვა“, ხოლო სააკაშვილს მისცემს, ალბათ, ხელშეუხებლობის გარანტიას და დატოვებს ხალხისთვის მოპარული ფულებით აშენებულ, მილიარდიან სასახლეში, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა მისი მამა მარჩენალის - შევარდნაძის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც თავის დროზე სააკაშვილი დაგვასვა თავზე, ახლა უკვე ივანიშვილს აქებს. მარტო ის, რომ ეს დედა-გველი ვინმეს შეაქებს, ალბათ, ბევრს ნიშნავს. მე მხოლოდ ერთი ვიცი, რომ შევარდნაძე, სააკაშვილი და სხვა ქურდები, რომლებმაც ათეული მილიარდობით ფული შეგვიჭამეს, უნდა გასამართლდნენ კანონის მთელი სიმკაცრით, წართმეული ქონება დავუბრუნოთ ხალხს და ვინც ამის გარანტიას არ მოგვცემს, ისინი მორიგ მღლეტელებად მოდიან ამქვეყნად და ხალხმა მათ ხმა არ უნდა მისცეს.

 

ლეო ბერაძე, ყოფილი ინჟინერი: ვუყურებდი იმ დღეს ტელევიზორს და გული ლამის გამისკდა ბოღმისგან! ძვირფასო ჟურნალისტებო, თქვენ როგორ უნდა დაგვმოძღვროთ ეკრანიდან, როცა საკუთარ პროფესიასაც კი არ სცემთ, თურმე, პატივს! იმ ერთ კაცს რომ დაესიეთ 300 ჟურნალისტი და შექმენით „აურზაური სალხინეთში“, მერე კი სულ სხვა, ციდან ჩამოფრენილი ვერსიები მიაწოდეთ ტელემაყურებელს, ესაა თქვენი პროფესიონალიზმი? ყველაფერი გასაგებია!

 

ჩაიწერა ლიკა ჩახუნაშვილმაელგუჯა ნემსაძე, პენსიონერი: ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ვარ აპოლიტიკური პიროვნება. არც მაშინ, როცა ჩვენში ერთპარტიული სისტემა იყო და არც ახლა, როცა ორასი პარტიაა, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მით უმეტეს, ახლა, როცა სამოცს გადავაბიჯე, არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში შესვლას. ვფიქრობ, სამშობლოს სიყვარული უპარტიოდაც შეიძლება, თუმცა ბრძენს ისიც უთქვამს - არასოდეს თქვა არასოდეს!

იმას, რაც 1 ნოემბერს საზოგადოებრივი ტელევიზიის არხზე ვიხილე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, რბილად რომ ვთქვა, ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მსგავსი არაორგანიზებულობა, ჟურნალისტების მხრიდან ურთიერთუპატივცემულობა, შეკითხვის დასმა მხოლოდ შეკითხვისთვის და პასუხის არ მოსმენა, სახელისუფლო ჟურნალისტების მხრიდან ცინიზმი და მხოლოდ ტალახის სროლის მცდელობა ქველმოქმედის მისამართით, რომელმაც სამების ეკლესია აჩუქა ქართველ ხალხს და მილიარდ ასორმოცდაჩვიდმეტი მილიონი  ქველმოქმედებას შესწირა, - ყოველგვარ ზღვარს გასცდა და დაამტკიცა ზოგიერთი უცხოელის ნათქვამი: ქართველებს უწესრიგობა და უმადურობა ახასიათებთო. ის, რომ პრესკონფერენციის წამყვანმა დარბაზში დაუწყო ძებნა ბიბისის და ფრანსპრესის კორესპონდენტებს, ესეც არაორგანიზებულობის შედეგი იყო, თუმცა მანვე ბოლოში მოუხადა ჟურნალისტებს დაცვის გადამეტებული სიფრთხილის და ზოგიერთი ჟურნალისტის „შეურაცხყოფის“ გამო.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების სამსახურში მყოფმა ჟურნალისტებმა თავიანთი ქმედებებითა და არაკომპეტენტურობით სამწუხაროდ, დათვური სამსახური გაუწიეს ხელისუფლებას.

გული დამწყდა, საქართველოს „მეორე  დედაქალაქის“ ქუთაისის წარმომადგენელს შეკითხვის დასმის შესაძლებლობა რომ არ მიეცა.

 

ნათია ჯიბლაძე, ხელოვნებათმცოდნე: „მართლა არ მომეწონა, როგორ იქცეოდნენ ჟურნალისტები, თითქოს არანაირი პატივისცემა არ გააჩნდათ რესპოდენტის მიმართ - ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მარტო ის აინტერესებდათ, კითხვა დაესვათ და მიეღოთ პასუხი, ამ ყველაფერს როგორ და რა კუთხით აკეთებდნენ, ამას ყურადღებას არ აქცევდნენ.“

 

ნინია მხეცაძე, სტუდენტი: ჟურნალისტი მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყოს, როდესაც ასეთ შეხვედრაზე მიდის და შესაბამისი კითხვებიც მომზადებული უნდა ჰქონდეს. ის, რაც ივანიშვილთან შეხვედრაზე ჟურნალისტებმა გამოავლინეს, იყო მათი არაპროფესიონალიზმის გამომჟღავნება.

 

ომარ ნიშნიანიძე, ქართული აკადემიის იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:

ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არის უთუოდ დადებითი მოვლენა. მისი პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლით ჩნდება რეალური, სოლიდური და ქმედუნარიანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების შანსი, რომელსაც შეუძლია ძალთა ბალანსი ხალხის სასარგებლოდ შეცვალოს.

ის იმდენად სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე ჩანს, რომ თუ არჩევნები შედარებით (წინა არჩევნებისაგან განსხვავებით) ნორმალურ ატმოსფეროში და გარკვეული წესების დაცვით ჩატარდება, ივანიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. ცხადია,  ხელისუფლება იმ დონის გაყალბებებს ვეღარ მოახერხებს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.

ფაქტობრივად, ხელისუფლება ძალზე მოუმზადებელი შეხვდა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში, რაზეც მიუთითებს მისი უსუსური და არამართლზომიერი ქმედებანი. ხელისუფლება ძალზე შეშფოთებული და დაბნეულია. შესაძლო არეულობა და დესტაბილიზაცია ამჟამად მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის რაც შეიძლება დაბლა დაწევა, რათა მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე.

რაც შეეხება ჟურნალისტებთან მის შეხვედრას, პრესკონფერენციამ, ასე თუ ისე, მშვიდობიანად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მიგზავნილი სახელისუფლებო არხების წარმომადგენლები, განსაკუთრებით - ქალები, კიოდნენ, წიოდნენ და ცდილობდნენ, არეულობა გამოეწვიათ, პრესკონფერენცია ჩაეშალათ. თვით ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ძალზე ნორმალური და გაწონასწორებული პოლიტიკოსის შთაბეჭდილება დატოვა.

ჩვენ ნუ ველოდებით დავით აღმაშენებლის გამოცხადებას, რომელიც უცბად აგვაშენებს და დაგვამშვენებს. ჩვენ თითო ნაბიჯით უნდა წავიწიოთ წინ, ვეღირსოთ უნდა წინა ხელისუფლებაზე უკეთესს მაინც. რაც შეეხება ივანიშვილის გამოსვლას და დაპირებებს, არის ძალიან ზომიერი და შესრულებადი.

ხელისუფლება ცდილობს ივანიშვილის დაკავშირებას რუსეთთან, რუსულ პოლიტიკასთან, მაგრამ ესეც ცნობილი ფანდია და ახლა ამას სეროზული საზოგადოება „აღარ ჭამს“. ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ დასავლური ორიენტაციისაა და გვპირდება ძალზე დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. მისი დიპლომატია გამოჩნდა რესპუბლიკელებთან და ალასანიას გუნდთან თანამშრომლობაშიც. გარდა ამისა, მის უკან მოიაზრება ევროკავშირი, უპირველესად - საფრანგეთი და გერმანია. მას ისეთ რამეს ვეღარ მოუწყობენ, რაც გაუკეთეს ბადრი პატარკაციშვილს. იმედმოცემული ხალხი მომავალ არჩევნებზე მასობრივად გამოვა. ივანიშვილს აქვს რესურსი - ხალხი მას აუცილებლად დაუჭერს მხარს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე ფიქრობს.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ არა რევოლუციებით, არამედ - არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას და ამის იმედს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა გვაძლევს.

 

ალექსანდრე შენგელია, გაზეთის „სარკმელი საქართველოსი“ რედაქტორი: მე პირადად არ ვიცნობ ბიძინას, მაგრამ ვიცნობ, როგორც ქველმოქმედს. ბევრი რამ მინახავს მისი გაკეთებული, არამარტო სამება (მისი მადლი გვწყალობდეს!). თუნდაც ის მრავალი ათასი ინტელიგენტი ადამიანი გავიხსენოთ, რომელთაც იგი ინახავდა დღემდე! ეს კაცი დღემდე პოლიტიკაში არ მოსულა. იქნებ ახლა დროულიც იყო.

მე იურისტთა თაობას დავარქმევდი ამ თაობას, რომელიც ვარდების რევოლუციით მოვიდა 2003 წლის ნოემბერში. იმ დროს ეს აუცილებელიც იყო, შემთხვევით არაფერი ხდება, არც პოლიტიკაში და არც ცხოვრებაში: ქვეყანაში რთულმა კრიმინოგენურმა მდგომარეობამ მოითხოვა ხელისუფლებაში მათი მოსვლა. ფაქტობრივად, იმჟამინდელ ხელისუფლებაში პირველი თუ არა, მეორე, მესამე კაცი მაინც იყო ცნობილი ბანდიტი და კაცის მკვლელი, მათ მოახერხეს და თბილისი გადაწვეს. აი, ამ ხელისუფლების შეცვლა იყო საჭირო. მაგრამ დღეს ამათი წასვლაცაა აუცილებელი: იურისტებმა ეკონომისტებს უნდა დაუთმონ დროც და ადგილიც.

ბიძინა ივანიშვილი, მისი ცხოვრების პირობებით, ჩანს, რომ არის ძლიერი ეკონომისტი. ის ამბავი, რომ მის გუნდს პირველი ნოდარ ჯავახიშვილი შეუერთდა, ყველაფერს ადასტურებს. დღეს აუცილებელია სახელმწიფოს ეკონომისტები ჩაუდგნენ სათავეში და არა ის ხალხი, რომელიც შემთხვევით ინიშნებიან თანამდებობებზე და მერე იმას კითხულობენ - მამალია თუ დედალი ძროხა, ან იტყვიან: წავიდეთ, ვენახი დავთესოთო. სხვას არც არაფერს უნდა ველოდოთ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრად ვნიშავთ არა აგრონომს, არამედ ექიმს.

 

მედეა ჩოგოვაძე, პუბლიცისტი: ამ ადამიანის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოტია იოსელიანმა მითხრა, რომ მან დაუფინანსა ავსტრიაში მკურნალობა და ცოტა ხნით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. ამისთვის კი პირადად დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას. ბევრი ვნახე მის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები საჩხერეში - შენობა-ნაგებობები, გზები, მოსახლეობის გადასახადები, რომლებსაც თავად იხდის.

რაც შეეხება პოლიტიკაში მის მოსვლას, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს ადამიანი არის უაღრესად კარგი ქველმოქმედი. ჩვენ ჩვევად გვაქვს, ყველას და ყველაფერს ტაშს ვუკრავთ და, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიყვარს ტაში. რაც შეეხება პრესკონფერენციას, არ იყო საჭირო, მეორეს მხრივ შეიძლება კარგიც იყო. აქ გამოიხატა სწორედ მისი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. მასში დავინახე სიმკაცრე, რაც ძალიან მომეწონა. საქმის მიმართ სიმკაცრე მის პრინციპულობაზე მიუთითებს.

 

ქეთი ლებანიძე: ჟურნალისტმა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, სიმპათიები თუ შეხედულებები არ უნდა გამოავლინოს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. განცხადებების გაკეთებას და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას, ბევრად სჯობდა საინტერესო კითხვების დასმა. ვთვლი, რომ იქ, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ეს დაივიწყეს...

 

ჩაიწერა ლიკა ჩახუნაშვილმა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია