დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
50-წლიანი სტაჟით - 110-ლარიანი პენსიის რიგში
2012/04/09 10:54:16

რამდენით უსწრებს სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი პენსიის მაქსიმუმს?

 

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში პენსიამ რამდენჯერმე მოიმატა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში იგი საქართველოში 14 ლარს შეადგენდა და პენსიონრები წელიწადში რამდენჯერმე იღებდნენ. უმეტეს შემთხვევაში, 14-ლარიანი პენსია თვეობით იყინებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსახლეობის პენსიით უზრუნველყოფა და პენსიის მომატება არჩევნების დროს ხელისუფლებისაგან მანიპულირების საგნად გადაიქცა.

საპენსიო ზღვარი საქართველოში საკმაოდ მაღალია: 60 წელი - ქალებისათვის და 65 წელი - მამაკაცებისათვის. პრეზიდენტის ინიციატივით, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან პენსიონერებს პენსია 125 ლარამდე გაეზრდებათ, ამ თანხაში შედის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დამატებული თანხა. ყველა პენსიონერი კი 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს.

და რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? რამდენი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პენსია პენსიონერებს, ლარზე გადაანგარიშებით?

სურათი ასეთია: ესტონეთი - 660 ლარი; ყაზახეთი - 585 ლარი; ლატვია - 550 ლარი; ლიტვა - 453 ლარი; რუსეთი - 438 ლარი; აზერბაიჯანი - 303 ლარი. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პენსიის მხრივ საქართველო უზბეკეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს უსწრებს.

რა რაოდენობის პენსიებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?  

დანიაში საშუალო პენსია 2.800 დოლარია; აშშ-ში - 1.164 დოლარი; ფინეთში - 1.344 ევრო; საფრანგეთში - 700 ევრო. ამ ქვეყნების პენსიის შედარება საქართველოს პენსიებთან, ფაქტობრივად, არც შეიძლება.

ჰყოფნით თუ არა პენსიონერებს  პენსია საარსებოდ? როგორ ანაწილებენ ისინი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში მიღებულ დანაზოგს? ჩვენ რამდენიმე პენსიონერს გავესაუბეთ.

„რას მეკითხები, ადამიანო, მყოფნის თუ არა პენსია? როგორ შეიძლება, ადამიანმა 110 ლარად იარსებოს? ეს თანხა წამლებში არ მყოფნის. მშიერი მოკვდები კაცი, ვინმე რომ არ გიწყობდეს ხელს, ასე ცხოვრება შეუძლებელი,“ - ამბობს პენსიონერი ჰამლეტ მჟავანაძე.

„ვისაც არ უნდა კითხოთ, გეტყვის, რომ პენსია არ ყოფნის, რადგან, ადამიანი ასაკში რომ შედის, იმას წამალი სჭირდება, წამალს რომ იყიდი, მერე საკვების ფული აღარ გრჩება. 50 წლის სტაჟი მაქვს, მშენებელ-ინჟინერი ვიყავი და ახლა 110 ლარი მაქვს პენსია, სასაცილოა, აბა, რა არის, ეს ყველაფერი.“ -  გვითხრა პენსიონერმა შოთა ჭუმბურიძემ.

„104 ლარი მაქვს, ორი კვირაც არ მყოფნის პენსია და მედიკამენტებში. ხან ვისგან ვსესხულობ, ხან - ვისგან და ასე ჯახირით გამაქვს თავი. ხანდახან ვფიქრობ, კიდე როგორ გამაქვს თავი და ვარსებობ-თქო,“ -  გვეუბნება პენსიონერი შოთა მინდიაშვილი.

საარსებო მინიმუმი საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 157 ლარზე მეტია, მოსახლეობა კი პენსიას 100-დან 110 ლარამდე იღებს. აქედან გამომდინარე, იოლი დასადგენია, რამდენად გათვლილია პენსია პენსიონერების საარსებო მინიმუმზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია