დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამთავრობო შიშების უკან ვანოს შუშებია
2011/10/31 11:42:09

„თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას“

საშემოდგომო პოლიტიკური მარათონი პიკს უახლოვდება. ზამთარი ნელ-ნელა ქართულ პოლიტიკაში იჭრება.

მედიასაშუალებები გაამრავალფეროვნა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. საქართველოში ახალი     „პოლიტიკური  სასახლის  მშენებლობა დაიწყო. ვიდრე გარკვეული ძალები ამ სასახლის საძირკველში „პირველ ქვას“ ისვრიან, მთავრობაში კიდევ დატრიალდება „კარუსელი“. ჰიბრიდული ჯიშის სიმინდს შეწირული მინისტრის ბედს კიდევ ბევრი პოლიტიკოსი გაიზიარებს. თუმცა მანამდე ბაკურ კვეზერელის მოადგილეები გაიხურავენ სამთავრობო კარებს.

საზოგადოების პოლიტიკური მზერა და განსჯა ახლა იმ მილიარდერისკენაა მიპყრობილი, რომელიც დაჟინებით ამბობს, რომ რაკი თქვა ხელისუფლებაში მოსვლა, ე.ი. ამას გააკეთებს.

„რომ გითხრათ, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა - როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თანაც როგორ მოვახერხოთ ეს უახლოეს დროში, სწორი არ იქნება.“

„ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტრუქტურები არ არსებობს. ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს“ (ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან).

ივანიშვილს ზუსტი ჩამოყალიბებული გეგმა ხელისუფლებაში მოსვლისა და შემდგომ რეფორმების გატარების არ წარმოუდგენია. ინტერვიუებში ის აღნიშნავს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით პროფესიონალ პირებთან გაივლის კონსულტაციებს. ამ შემთხვევაში კი იკვეთება, რომ მასში არის ძლიერი რადიკალიზმი, რომელიც, უბრალოდ, მის არადემოკრატიულ ხასიათზე მიუთითებს.

მისი განცხადებიდან კი ერთგან საკმაოდ მიზანდასახული სიტყვები კიაფობს: „თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.“

ქართული ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა ცარიელ ჯიბეზე ხელი გადაისვა და ბიძინას „კარის ზღურბლიც“ ატალახდა. აღნიშნულ ზღურბლთან კი ბევრ საინტერესო ოპოზიციურ ძალას დავინახავთ. ოლიგარქის პოლიტიკაში გამოჩენამ რამდენიმე ოპოზიციური ძალა კვლავ დააძმობილა (პროდასავლური რესპუბლიკელები, ალასანიას გუნდი) ზოგიერთები კი სრულიად გათიშა. ლეიბორისტული პარტიის რიგებში ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბიზნესმენზე „კრიტიკის ნიაღვარი“ გადმოუშვა. შრომის პარტიის საერთაშორისო მდივანმა პროფესორმა ნესტან კირთაძემ „მშრომელთა“ რიგები დატოვა. მისი აზრით, ივანიშვილზე მრუდე აზრის გამოთქმაც კი უმართებულოა.

აწ გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა - რატომ პოლიტიკა? „Мне скучно“ - იყო პასუხი. თუმცა მალევე დაინახა (სამწუხაროდ, ბევრის დანახვა ვერ მოასწრო), თუ რამდენად მოსაწყენია და არაგასართობი ქართული პოლიტიკა. მისგან განსხვავებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება ბევრად მტკიცეა, თუმცა ბუნდოვანი. პრიორიტეტული თემა კი ქვეყნის გამთლიანებაა.

ამრიგად, ახლა ორი ურთიერთშემტევი ძალა გვყავს - ივანიშვილი და მთავრობა... მთავრობა, რომელსაც შიშის ჟრუანტელი „ხან აუვლის და ხან ჩაუვლის“.

სამთავრობო შიშების უკან კი ვანოს შუშებია.

 

ლიკა ჩახუნაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია