დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
464 ათასი ლარი გზადაბნეული კაცივით დაიკარგა?
2011/06/06 12:44:51

კულტურის სახლი სამტრედიაში, დაახლოებით, 1947 წელს დაარსდა. იგი სახალხო თეატრის წოდებით სარგებლობდა. მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს სახალხო არტისტის, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის სტატუსი მიანიჭა. კულტურის სახლთან თეატრალური დასიც დაარსდა, რომელსაც შემდეგ რკინიგზასთან არსებული თეატრი შეუერთდა. სხვადასხვა დროს ამ თეატრთან  თანამშრომლობდნენ ხელოვნების სამყაროში ცნობილი ადამიანები: რეზო ესაძე, დოდო აბაშიძე, იმედო კახიანი, დავით დვალიშვილი, გივი ბერიკაშვილი...

 

 

დღეს ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრი, ფაქტობრივად, უმოქმედობის ზღვარზეა, არ იდგმება ახალი სპექტაკლები და, შესაბამისად, მაყურებელიც აღარ ჰყავს.

შენობა შველას ითხოვს, სცენას და სავარძლებს შეკეთება ესაჭიროება. რაც შეეხება ფოიეს, კომუნისტების შემდეგ არც განახლებულა. შენობის წინა ფასადი გახუნებული და მოძველებულია, მხოლოდ ეროსი მანჯგალაძის სკულპტურა ამშვენებს მიმდებარე სკვერს.

რამდენად ზრუნავს ქალაქის გამგეობა, კულტურის სამსახური ამ ღირსშესანიშნავ შენობაზე? - ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. ახლა კი გეტყვით, რომ კულტურის სამსახურის ბოლო სამი წლის ხარჯთააღრიცხვა ასე გამოიყურება: 2009 წ. - 154. 3 ლარი, 2010 წ. - 160. 5 ლარი. 2011 წ. - 150.0 ლარი. ჯამში მიღებული ეს 464. 000 ლარი  კულტურის ცენტრის სრულად რეაბილიტაციას ნამდვილად ეყოფოდა, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფალთ ან არ აინტერესებთ მისი ბედი, ან...

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორის, ვეფხია ნადირაძის თქმით:

„ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლში ტარდება ქალაქში მიმდინარე ყველა ღონისძიება. რაც შეეხება სპექტაკლებს, მოგეხსენებათ, რომ მწირე ბიუჯეტი გვაქვს და, შესაბამისად, ვჯდებით გამოყოფილ თანხებში. თუ გინდა კარგი თეატრალური დადგმა გააკეთო, 10.000 ლარია საჭირო, ჩვენ კი 3000 ლარი გვყოფნის. წელიწადში სამჯერ ვდგამთ ახალ სპექტაკლს, აქედან გამომდინარე, თვეში ერთხელ მაინც ვახერხებთ, რომ მაყურებელს წარმოდგენა ვუჩვენოთ. დიახ, ნამდვილად ესაჭიროება ცენტრს რეაბილიტაცია. თუ არ ვცდები, მომავალი წლისთვის 800000 ლარია გამოყოფილი და, შესაბამისად, მოხდება მისი რეკონსტრუქცია. უპირველესად, სახურავი, დარბაზი და ფასადია გასაკეთებელი. ამბობენ, რომ 2012 წელს ჩავიბარებთ განახლებულ კულტურის ცენტრს. ჩვენ გვაფინანსებს სამტრედიის მუნიციპალიტეტი. ამჟამად მომსახურე პერსონალთა მინიმალური ხელფასი 120 ლარია. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი - ეს ააიპ-ი, იმიტომ გავხდით, რომ თავად მუნიციპალიტეტმა იკისრა ჩვენი დახმარება.  ბილეთის ფასი 5 და 3 ლარია. ნორმალური და ძალიან სერიოზული მაყურებელი გვყავს. სამტრედიელები ძალიან კრიტიკულები არიან, ამიტომ ყოველთვის მომზადებული ვხვდებით მაყურებელს.“

ბატონი ვეფხიას კომენტარიდან ჩანს, რომ გამგეობაში კულტურის ცენტრის აღდგენაზე ფიქრი დაუწყიათ.

მაგრამ საინტერესოა, მაინც, სად და რაში დაიხარჯა ამ ბოლო სამი წლის მანძილზე კულტურის სფეროსათვის გამოყოფილი ის 464.000 ლარი? აქედან კულტურის სახლს სულ არაფერი ეკუთვნოდა?

განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზაზა ხუჭუამ გვითხრა; „ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 2012 წლისთვის  იგეგმება. საქმეს 800.000 ლარი ესაჭიროება, მაგრამ ამდენის საშუალება ბიუჯეტში არ არის და სრულად ვერ ვახერხებთ რესტავრაციას. დაახლოებით 300.000 ლარი  დაგვერიცხება და, რასაც ეყოფა, იმას აუცილებლად გავაკეთებთ - შიდა ინტერიერს ვგულისხმობ, სცენას და ა.შ. გარდა ამისა, შენობის ირგვლივ გაკეთდება სკვერი, ქვაფენილები, დამონტაჟდება გარე განათება. ამ პროცესში გამგებელი და გუბერნატორი ჩართულები არიან და, იმედია, ნაწილობრივ დასრულდება რესტავრაცია. რაც შეეხება 464. 000 ლარს, ის სხვა კულტურულ საქმიანობაზე დაიხარჯა და ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრს 2012 წელს ცალკე თანხა გამოეყოფა.“

რას ნიშნავს „სხვა კულტურული საქმიანობა“, ბატონმა ზაზამ არ დააკონკრეტა.

ოფიციალური წერილითაც ვცადეთ, გამოგვეთხოვა „სხვა კულტურულ საქმიანობაზე“ დახარჯული თანხის მიზნობრიობა, თუმცა - ამაოდ.

ნუთუ ეს 464.000 ლარი გზადაბნეული კაცივით დაიკარგა?!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია