დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანიმაციური გმირები ცოცხალ ადამიანებს ანადგურებენ!
2010/02/22 12:30:03

ვახო თორმეტი წლისაა. სკოლიდან როგორც კი მოირბენს, კომპიუტერს მიუჯდება და თამაშობს. არ არის ცუდი მოსწავლე, დავალებების მომზადება სულაც არ ეზარება, მაგრამ თამაშში დრო ისე გარბის, ამასობაში, ძილიც ეწვევა და... სამწუხაროდ, მეცადინეობისთვის ვეღარ იცლის.

კომპიუტერული თამაშები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. პრობლემა, რომელიც ხელს უშლის მომავალი თაობის სრულყოფილ გონებრივ განვითარებას. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი საათობით უზის კომპიუტერის ეკრანს, რის შედეგადაც სერიოზულად უზიანდება ჯანმრთელობა, ყველაზე ხშირად კი უქვეითდება მხედველობის უნარი. მთელი მსოფლიო სერიოზულადაა შეშფოთებული იმ ფაქტით, რომ კომპიუტერი აქტიურად ენაცვლება წიგნს, თუმცა საქართველოს ვითარება ორმაგად შემაშფოთებელია, რადგან ჩვენთან კომპიუტერი არა მხოლოდ წიგნს, არამედ უკვე თითქმის ყველა სულიერ თუ მატერიალურ ფასეულობას ანაცვლებს.

ყველაზე აქტიური გზა ამისაკენ - კომპიუტერული თამაშებია, კერძოდ კი „couter strike“, პოპულარული თამაში, რომელსაც ყველაზე ხშირად online server-ებზე თამაშობენ. ყველა ინტენსიური მოთამაშე ამტკიცებს, რომ ეს, უბრალოდ, გართობის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამაზე მეტყველებს.

ეს თამაში საბრძოლო ხელოვნების, კერძოდ კი - ადამიანის სწრაფად, სწორად და მოხერხებულად დაღუპვის ხერხებითაა დაკომპლექტებული. მისი ყოველდღიური თამაში, ფაქტობრივად, იგივეა, რაც ცხოველური სურვილი და მოთხოვნილება იმისა, რომ ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმო. ბუნებრივია, სისხლთან, ძალადობასთან და იარაღთან მუდმივი, თუნდაც ვირტუალური შეხება თვითონ პიროვნებაში აჩენს ფსიქიკურ პრობლემებს და იწვევს გამუდმებულ, უმიზნო აგრესიას, რომლის გამოხატვა ხდება გაუაზრებლად, თუნდაც სურვილის საწინააღმდეგოდ. ქვეცნობიერიდან წამოსული აგრესიის მატარებელი მოზარდები აფექტის მდგომარეობაში მოქმედებენ და სერიოზული პრობლემები ექმნებათ მეგობრებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და, ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ზემოთ ხსენებული თამაში ერთნაირად წარმატებულია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. ზოგადად ყველაზე აქტიური მოთხოვნა ამგვარი ტიპის თამაშებზეა, ძალიან დაბალი რეიტინგით სარგებლობს ინტელექტუალური კომპიუტერული თამაშები, რადგან ისინი ნაკლებად აზარტულად მიაჩნიათ და არც ინტელექტის გაღრმავების სურვილი გააჩნია ვინმეს.

აი, რამდენიმე მოზარდის აზრი კომპიუტერული თამაშების შესახებ:

გიგა, 15 წლის: „კომპიუტერული თამაშების სამყარო ყველა ზღვარს გასცდა. ამ სამყაროში ცხოვრობს ყველა ჩვენგანი. როცა თამაშში ვებმები, მთლიანად ვკარგავ დროის ფაქტორის შეგრძნებას. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვიცი კომპიუტერული თამაშების უარყოფითი თვისებები, მაგრამ ის მაინც მაგნიტივით მიზიდავს.“

სალომე, 14 წლის: „თინეიჯერები მიჯაჭვულნი ვართ კომპიუტერზე. ყველა ბავშვს მეგობრებთან გართობას, ბუნებაში სეირნობას საათობით ეკრანთან ჯდომა ურჩევნია. თამაშებში ჩადებული აგრესია ჩვენშიც აღწევს და მუდმივად გაღიზიანებულები ვართ. ძალიან მინდა რამე შევცვალო, რადგან უკვე ვხვდები, რომ კომპიუტერზე დამოკიდებული გავხდი და დახმარება მესაჭიროება.“

ასეთია რეალობა, რომლის წინაშეც დღესღეობით ვდგავართ. ვირტუალური სამყაროდან დამიზნებული ტყვიები ზუსტად მიზანში ხვდება, ანიმაციური გმირები ცოცხალ ადმიანებს ანადგურებენ, რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარი ქრება. ვფიქრობ, ყველამ, ვინც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს, უნდა მიმართოს ზომებს. რომლებიც დაეხმარება მოზარდს, განიკურნოს უკვე სენად ქცეული კომპიუტერისაკენ ლტოლვისაგან. უნდა დაწესდეს დროის ლიმიტი და დაიწყოს ინტენსიური საუბრები ბავშვებთან, რათა გააანალიზონ, რამდენად საზიანოა ეს ყველაფერი მათთვის.

დროა, გამოვფხიზლდეთ და რაღაც მაინც შევცვალოთ, სანამ სავალალო შედეგებამდე მივალთ და მომავალი თაობის სრული გაუცხოება და გარესამყაროსაგან მოწყვეტა მოხდება.

 

ანა კამლაძე,

პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია