დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკა ბესელია: „ბედუკაძის საქმეზე პროკურორის ექსკლუზიური უფლების გამოყენება მეტისმეტად ჰუმანური იყო“
2013/07/12 01:01:35

გაზეთ „P.S.“-თან და ინტერნეტგამოცემა  psnews.ge- სთან არსებული PRESS კლუბი  ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას პრესკონფერენციას მასპინძლობდა.  მან ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტების და არასმამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

პირველი შეკითხვა თემის სიმწვავიდან გამომდინარე, ციხეებში განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულად კი ორი თვის წინ გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმის გამოძიებას  და დაწესებულების ხელმძღვანელის, მალხაზ სინაურიძის გათავისუფლებას შეეხო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მანანა მანაგაძის შეკითხვის პასუხად ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კორტავას საქმეზე მათი კომიტეტი აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ  გამოვითხოვეთ ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის აქვს გამოძიებას, მასალების დიდი ნაწილი უკვე მივიღეთ, ველოდებით დამატებით დოკუმენტებს, რომელთა გადმოცემას  გამოძიების მხრიდან ცოტა დააგვიანდა.  ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნას  უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ. ვგეგმავ გეგუთის კოლონიაში შესვლას. პირადად მინდა გავესაუბრო იმ პატიმრებს, რომლებიც უშაალოდ მხილებული არიან ამ დანაშაულებრივ ქმედებაში.  აღსანიშნავია, რომ ჩვენ პატიმრების კოლექტიური წერილი მივიღეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილს ადმინისტრაციის ხელი ეტყობა. რადგან წერილში ეწერა, რომ კორტავა იყო საშინელი ადამიანი და მომხდართან ადმინისტრაცია არაფერშუაშია. სიცოცხლეში უშუალოდ კორტავასგან ორი წერილი მივიღეთ, ერთი ეხებოდა მისი საქმის გადახედვას, მეორე კი სამედიცინო დახმარებას.  ჩვენ ვმუშაობდით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე. ეს ამბავი რომ მოხდა, იმ დღიდან ვიყავით ჩართული, საავადმყოფოსთან გვქონდა მუდმივი კონტაქტი, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, თავად მივედი და ვნახე რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაში იყო პირველივე დღიდან. მინდა ვთქვა, რომ ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მათ ძალიან ცუდად მოექცათ ადგილობრივი  თვითმმართველობაც, რადგან დაკრძალვის ხარჯები სრულად არ აუნაზღაურდათ.

რაც შეეხება კოლონიის ხელმძღვანელს, მე პირადად  არ ვიცნობ, გამოძიებამ უნდა მოგვცეს საბოლოო დასკვნა და ჩვენ დავინახავთ, რა მოხდა სიმანდვილეში. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ეს ახალგაზრდა პატიმარი რამდენიმე საათის შესული იყო კოლონიაში და ჯერ კიდევ არ იყო განაწილებული. მისი წამეფის ფაქტი იქ მოხდა, სადაც ადმინისტრაციის განსაკუთრებული კონტროლია. პატიმარი იმდენად იყო ნაცემი, რომ სხეულზე ადგილი არ ჰქონდა დაუზიანებელი.  როცა ასეთი რამ ხდება, სად არის რეჟიმის უფროსი, უსაფრთხოების უფროსი, ბადრაგი და სხვა პირები, რომელსაც აბარიათ პატიმრის სიცოცხლე? ამიტომ ზოგადად, ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად არის“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქალბატონმა ეკამ კომენტარი ვლადიმერ  ბედუკაძის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის დაგაწყვეტილებამ საპროცესო შეთანხმების მიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საქმის კურსში არ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილს საპროცესო შეთანხმების გადახედვა საჯაროდ მოსთხოვა. რაც კანონის ფარგლებში შეუძლებელია. ჩვენს შეკითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის მხრიდან საჯარო ზეწოლა, რამდენად ეთანხმება ეკა ბესელია კბილაშვილის გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით  და რა გადაწყვეტილებას მიიღებდა თავად ეკა ბესელია, პროკურორი რომ ყოფილიყო, მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„პრემიერის მიმართვა არ შეიცავდა არანაირი ზეწოლის ნიშნებს.  ამით მან აჩვენა საოცრად კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მთავრობის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ეს უწყება, ძალიან კორექტულად, ისე, რომ არ ერეოდე მის  მუშაობაში, გამოხატავდე შენს განსხვავებულ პოზიციას. მე მგონი, ჩვენ ძალიან საინტერესო პოზიცია ვაჩვენეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გუნდი ვართ, შეგვიძლია, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ კრიტიკულები, რაც ჯანსაღი გარემოსათვის ძალიან კარგია.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას, კანონის დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენდ იყო ასეთი ჰუმანურობა საჭირო. ვიზიარებ პრემიერის განწყობას, რომ ასეთი განსაკუთრებული სიმძიმის საქმეებზე თუ დადასტურებულია, რომ პირი წამებაში უშუალოდ   მონაწილეობდა(მე ზუსტად არ ვიცი, ეს დადასტურებულია, თუ არა), ასეთი მაქსიმალური ჰუმანურობა  საჭირო არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში არა არის ცნობილი, იღებდა თუ არა ბედუკაძე მონაწილეობას წამებაში, მაგრამ  ამ საქმეში  ბედუკაძის როლი ყველა სხვა პერსონისაგან არის განსხვავებული. მართლაც, მისმა თანამშრომლობამ შეასრულა განსაკუთრებული როლი. კოდექსში პირდაპირ წერია, რომ თუ პირის თანამშრომლობას მოაქვს განსაკუთრებული შედეგი, ის სარგებლობს შეღავათით, თუმცა პროკურორის ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება,ს ვფიქრობ, მეტისმეტად ჰუმანური იყო.

ხოლო, რაც შეეხება იმას, რას იზამდა პროკურორი ეკა ბესელია? ვერ გეტყვით, რადგან პროკურორის როლში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია“-აღნიშნა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

პრესკონფერენციის დასასრულს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  გაზეთ „P.S.“-ის წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მედიისათვის და რომ საჯარო პირები ვალდებულები არიან, ღია კონტაქტი ჰქონდეთ მასმედიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი რეგიონულ მედიასთან, რადგან რეგიონების პრობლემების წამოწევა სწორედ ჟურნალისტების მიერ ხდება.

მისივე განცხადებით: იგივე ქუთაისის თვითმმართველობაში არსებული პრობლემების გაცნობა მედიის მხრიდან აქტიურად ხდება. ბესელია მერიიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუკი გათავისუფლებულთაგან რომელიმე, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს მიმართავს, კომიტეტი აქტიურად განიხილავს მათ პრობლემებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ უფლებებს დაიცავს, რადგან ქუთაისმა უფრო მეტად იგრძნოს, რომ პარლამენტი ქუთაისშია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია