კონსერვატიული პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ბაძგარაძე ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მექანიზმს აპროტესტებს. „ჩვენ ვქმნით გადახდის უფრო კომფორტულ პირობებს და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები აბონენტებთან,“ – „ენერგოპროს“ ეს დაპირება, მისი თქმით, რეალობას მოკლებულია.
კონსერვატორების განცხადებით კი, „სეწმეკის“ დადგენილება მომხმარებელთა უფლებების პირდაპირი დარღვევაა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („სეწმეკი“) 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მიხედვით, თუ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით მოხდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მომხმარებელი ვალდებულია, მიმდინარე დავალიანების დაფარვასთან ერთად, დეპოზიტზე შეიტანოს თანხა წინსწრებით.
„ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეს, საშუალება რომ ჰქონდეს, დროზეც გადაიხდიდა, დეპოზიტზე წინასწარ თანხის განთავსებას კი ბევრი ვერ შეძლებს,“ – აცხადებს ბაძგარაძე.