დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ დათმობს ტრანსპორტს?
2009/07/31 20:18:17

„ქუთაისურმა თვითმმართველობამ და ქალაქის მერმა, როგორც ამბობენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრინციპული ბრძოლა დათმო. ამის შემდეგ თვითმმართველობის ბრჭყალების გარეშე მოხსენიება აღარ შეიძლება, იმდენად პირობითი რამეა!“ - ამბობს საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ვლადიმერ ნაკაშიძე.

შეხსენებისათვის - ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებს ადგილზე...

აქციამ „მიშა, გვიშველე!“ მისი ადრესატი გულგრილი ვერ დატოვა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მძღოლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება მოითხოვა. 

ამ ადამიანების, მათი ოჯახების და ახლობლების კეთილგანწყობა კი უფრო ძვირად ფასობს მოახლოებული არჩევნების ფონზე, ვიდრე ქუთაისის მოდერნიზებული სატრანსპორტო სისტემა და სქემები. მით უფრო მაშინ, როცა ერთ-ერთი ვერსიით, გამოცხადებული 30 მაისის ნაცვლად არჩევნებმა, შესაძლოა, ძალიან ახლოს, შემოდგომაზე - შუალედური არჩევნების ჩატარების დროისათვის გადმოიწიოს.

რიყის აქციის შემდეგ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები  საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში გაგვაცნეს: შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, ტრანსპორტის სამსახურმა რა გამოკვლევები ჩაატარა და რის საფუძველზე შეადგინა ახალი სატრანსპორტო სქემა. ისინი ასევე ხაზების რენტაბელობასაც შეისწავლიან. კომისია კი 3-დან 17 აგვისტომდე შეიქმნება და  შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდება: გაერთიანებული პროფკავშირი, უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაცული მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და მძღოლები (ყველა მათგანს კომისიაში თითო კვოტა ექნება).

„მარტივი ადმინისტრაციული წესით ნებართვების გაცემა არ გადადებულა, სიტყვა „ტენდერს“ ნუ გამოვიყენებთ, კომისიის წინადადებები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება და, შესაძლოა, მის საფუძველზე რაღაც კორექტივები შევიტანოთ,“- ამბობს ტრანსპორტის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი დავით კბილაშვილი. 

ქალაქის მერი კი თბილისში, პროფკავშირების სახლში გამართული შეხვედრის შემდეგაც აცხადებს, რომ მძღოლები უმუშევარი არ დარჩებიან და მათ, ვისი სამარშრუტო ტაქსიც არ დააკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს, ავტობუსებზე დაასაქმებენ. მისი თქმით, გაირკვა, რომ გადამზიდავები მძღოლებს ახალი სქემების შესახებ ინფორმაციას ნაკლებად აწოდებდნენ, არადა გადამზიდავებთან ოთხი თვეა ყოველკვირეულად იმართებოდა შეხვედრები.

„სატენდერო პირობებში რადიკალური ცვლილებები არ იქნება და არც გადავავადებთ, ტენდერი, ალბათ, სექტემბრიდან გამოცხადდება, რადგანაც ძველ ნებართვებს ვადა 15 სექტემბერს გადის და ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, ასევე ვაპირებთ ახალ ხაზებზე 2-3 თვის განმავლობაში გარკვეული საგადასახადო შეღავათებიც დავაწესოთ,“ - აცხადებს ქალაქის მერი. მძღოლების კრედიტებთან დაკავშირებით ქალაქის მერის პოზიცია ასეთია: შესაძლოა, ზოგიერთი ხაზი ისეთი რენტაბელური აღარ იყოს, მაგრამ ამერიკაში, სამწუხაროდ, „ჯენერალ მოტორსიც“ გაკოტრდა.

ტრანსპორტის სამსახური  ახალი სქემის მიხედვით მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლებას აპირებდა, ეს იმას გულისხმობდა, სადაც კი თანხვედრილად ავტობუსი და მარშრუტი მოძრაობდა, მაგალითად - ?1, ?4, ?25... იქ მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებდა. პირველადი გადაწყვეტილებით 185 მინიავტობუსიდან ხაზზე მოძრაობის უფლება 130-ს რჩებოდა, ხოლო ავტობუსების რაოდენობა 87-დან 128-მდე იზრდებოდა.

მძღოლების უკმაყოფილება კი იმან გამოიწვია, რომ ისინი ან დაუსაქმებელი დარჩებიან, ან კიდევ ისეთ ხაზებზე გადაანაწილებენ, სადაც ძალიან  მიზერული შემოსავალია.

მძღოლების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, მათ გასულ წელს კეთილმოწყობილი მარშრუტები შეიძინეს და 17000-იანი კრედიტი ჯერ კიდევ ვალად აწევთ. მათი მოთხოვნა ტენდერის გადადებაა.

იმას, რომ მძღოლები უმუშევრები არ დარჩებოდნენ, ქალაქის მერი, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი და თანამშრომლები მუდმივად აცხადებდნენ, თუმცა მათი შემოსავლები ისეთივე შეიძლება აღარ იყოს, როგორც ელიტარულ „წრიულზეა“.

„დღეს ქალაქში 364 მინიავტობუსია, აქედან 150 თუ დააკმაყოფილებს  სატრანსპორტო საშუალებისადმი წაყენებულ პირობებს. ახალი სქმემის მიხედვით 270 მიკროავტობუსი გვჭირდება, და ის რომ ორზე გავამრავლოთ, 440 მძღოლი მაინც დაგვჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, ყველა ხაზი იყოს რენტაბელური, მაგალითად, რა დააშავა მწვანეყვავილას, ჭახათას თუ გელათის მიმართულებამ, სადაც მძღოლებს გაცილებით ნაკლები შემოსავლები აქვთ,“ - ამბობს დავით კბილაშვილი.

ტრანსპორტის სამსახურში გაჩერების ახალი სქემებიც ახსნეს: ის სექტემბრიდან რეგულირებადი უნდა გახდეს და ავტობუსმა ან მიკროავტობუსმა ტაქსის რეჟიმში არ უნდა გააჩეროს. უკვე ტექნიკურადაა შესწავლილი ყველა გაჩერება. განსაზღვრულია, სად შეიძლება გაჩერება უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით ისე, რომ თანმხვედრ ტრანსპორტს ხელი არ შეუშალონ და მხედველობის არის გადაფარვა არ მოხდეს.

ქუთაისის საკრებულოს ?215 დადგენილება სამგზავრო გადაყვანის ნებართვის წესებს განსაზღვრავს, ნებართვა კი მინიმუმ 3-თვიანი და მაქსიმუმ 60-თვიანი ვადით გაიცემა.

ნებართვის მაძიებელს აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეს სავალდებულო პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება. მისი ტექნიკური მონაცემებით, იგი უნდა იყოს სამგზავროდ და მათი ბარგის გადასაზიდად განკუთვნილი, მოწესრიგებული უნდა იყოს სალონის განათება, კარებისა და ფანჯრების ჩამკეტები უნდა მუშაობდეს გამართულად, მინები არ უნდა იყოს დაზიანებული, გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს გათბობის სისტემა და ვენტილაცია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი შემოსილი უნდა იყოს სპეციალური უნიფორმით, გათვალისწინებულია წინასარეისო ტექნიკური დათვალიერება და სამედიცინო შემოწმება, რომელიც აქამდე მეტწილად ფორმალურ ხასიათს  ატარებდა.

ტრანსპორტის სამსახურში ამბობენ, რომ ყველაზე  უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება მაინც ავტობუსია, მისი შეწყვილებული თვლები და მარშრუტები, საყოველთაო გამოცდილების საფუძველზე, რჩება საგარეუბნო ან ტვირთის გადაზიდვის საშუალებად.

ახალ სატრანსპორტო სქემებთან დაკავშირებით „საია“ შესაბამის სამსახურს მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებულობას უწუნებს: „ამ საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა დაწყებულიყო, ანუ, ვისაც შეეხებოდა ეს საკითხი, ყველა უნდა ჩართულიყო მის განხილვაში. მძღოლებს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ ამის შესახებ და მათი საზოგადოებრივი ინტერესების დამცავი კამპანია უნდა დაწყებულიყო. სქემის შეცვლა ასევე უნდა შეთანხმებულიყო საპატრულო სამსახურთან და, შესაძლოა, ზოგან შუქნიშნის დამონტაჟების საჭიროებაც გაჩენილიყო,“- აღნიშნავს ნოდარ ჯიქია, „საიას“ პროგრამების დირექტორი. მისი თქმით, მართალია, ამ სქემის პრეზენტაცია ადრე უნივერსიტეტში შედგა, მაგრამ ვიდრე საკრებულო დაამტკიცებდა, მანამდე უნდა მომხდარიყო სატელევიზიო რგოლების გაშვება, ჩატარებულიყო დიდი კონფერენცია, - მოკლედ, ყველა მძღოლამდე და ოჯახამდე მისულიყო ინფორმაცია. ნოდარ ჯიქია თვლის, რომ უპრიანი იქნებოდა სატრანსპორტო სქემები ეტაპობრივად შეცვლილიყო, მაგალითად, ჯერ ქალაქ-მუზეუმში, შემდეგ ავტოქარხანაში ან სხვა უბანში. ასევე გასათვალისწინებელია ქუთაისზე გამავალი ავტობანის მშენებლობის მომენტიც.

არაინფორმირებულობის შესახებ პრეტენზიებს ტრანსპორტის სამსახურში არ იზიარებენ. დავით კბილაშვილი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 23 ნოემბერს მათ ამ სქემების წარდგენა მოაწყვეს, შემდეგ კი მისი ელექტრონული ვერსია ყველა გადამზიდავს დაურიგეს და განხილვაში ჩართული იყო ტრანსპორტში დასაქმებულ კერძო მეწარმეთა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირიც. გადამზიდავებს მათი კოლექტივების ინფორმირება დაევალათ.

მარშრუტების გარეშე ორდღიანი ცხოვრება ზოგიერთი მგზავრისთვის კომფორტული აღმოჩნდა: მათი თქმით, დისკომფორტს მარშრუტებში მოხრილი მგზავრობა უფრო უქმნით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია