დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქაოსი ქართულ ტელესივრცეში
2010/11/22 14:14:09

თავის დროზე, როცა მთელი თბილისის მოსახლეობა „საკანში“ მჯდომ უცნობს ადევნებდა თვალყურს და მისი რეპლიკებით საუბრობდა, ჩვენ მგალობელი ტელევიზიების ტკბილ ჟღურტულს ვისმენდით და გვეგონა, ქვეყანა მხოლოდ შენდებოდა, მშვენდებოდა, ვითარდებოდა. მთელი საქართველო ერთობოდა, ჭამდა, სვამდა და იბიცაზე ისვენებდა. გვეგონა, რომ თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის დანაპირები მილიონი სამუშაო ადგილი ვარდ-ეკლიანმა მთავრობამ რეალობად აქცია. აქ სიტყვა ჩვენ პირობითია, იმიტომ, რომ დაინტერესებული საზოგადოება ყოველთვის პოულობდა საშუალებას, განსხვავებული აზრი მოესმინა და წაეკითხა. მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩებოდა: სააკაშვილი თბილისში პერმანენტულად აგებდა არჩევნებს.

 

ახლა არ დავიწყებთ იმის მტკიცება -გახსენებას, თუ რა დამსახურება აქვს ტელევიზიას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ზოგჯერ საინფორმაციოებიდან გაჟღერებული უძრაობის ხანის ეპითეტები სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს. გულუბრყვილო პატარა ბავშვებივით სულ გვჯერა: რომ მოვლენ და კანფეტებს ჩაგვაყრიან პირში, რომ სულ იქნება უღრუბლო ზეცა და მთელი ოჯახი კარგად ვიქნებით (თუკი, რა თქმა უნდა, წლების წინ გაქცეული დედა იტალიიდან დაბრუნდა, უკვე გადაჩვეულ მამას თავიდან შეეჩვია და დაქალებულ-დავაჟკაცებულ შვილებს მის მიმართ შვილური ინსტიქტი შერჩათ).

სულ ახლახან, როცა ქალაქში ჩამოსული პრეზიდენტი გვიმტკიცებდა, რომ არა არის საჭირო, დეპუტატი აუცილებლად თბილისელი იყოს (ეჭვი გვაქვს, რომ თბილისელებს საერთოდ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება) და ვარდების რევოლუციის ძირითად პრინციპებს გვაცნობდა, კერძოდ: 1. მთავრობა უნდა იყოს პატარა და იგი მუდმივად ეძიებდეს ახალს; 2. მთავრობა უნდა იყოს გლობალური; 3. საქართველო გახდეს (პრინციპში გახდა უკვე) მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი; 4. უნდა ვიყოთ პირველ ათეულში მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიადვილით (სტილი დაცულია); 5. უნდა ვიყოთ პირველ ოცეულში მსოფლიოს არაკორუმპირებულ ქვეყანათა შორის. და ა.შ. (თანაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში კორუფცია საერთოდ აღარ არსებობს), - ამასობაში ოპოზიციური ტელევიზიები ემოციურად დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქუთაისში პარლამენტის გადატანის თაობაზე. გაუგებარი მიზეზების გამო ტელევიზიების ვარსკვლავად ქცეული დავით აქუბარდია, რატომღაც, პრეზიდენტის დაცინვიდან ქუთაისის დაცინვაზე გადავიდა და ის ანეგდოტი გაიხსენა, ქუთაისში ცირკის აშენება რომ უნდოდათ და მერე თვითონ ქუთაისს დაუპირეს შემოღობვა. ალბათ, მას ნამდვილად არ გაუგია, რომ ქუთაისში ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა „ბაღის კიდის პარლამენტი“ (აკაკის მაინც დავუჯეროთ!), ამ სიტყვის მნიშვნელობა საქართველოში თითო ოროლა ადამიანმა რომ იცოდა.

 

ტელეკომპანია „კავკასია“ ქილიკ-ქილიკით რომ განაგრძობდა კრიტიკას, ამასობაში, „მაესტროზე“ „ყოველდღიური ამბები ვასიკო ოდიშვილთან ერთად“ მიმდინარეობდა და მსახიობი შუბით ხელში, გლობალიზაციის ძახილით ებრძოდა ქარის წისქვილებს, სანამ იმ შუბზე თვითონ არ წამოეგო. სწორედ მაესტროზე ამტკიცებდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომ „მართალია, ბევრი ხარვეზი გასათვალისწინებელია, მაგრამ ხარვეზებთან ერთად აღსანიშნავია ის სამუშაოები და დახმარებები, რაც მთავრობამ შეასრულა დევნილებთან მიმართებაში. ეს იყო, ძალიან დიდი მიღწევა და ფანტასტიკის სფერო ბევრი ადამიანისათვის.“

სუბელიანი ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ალბათ, სულ ერთი თვის წინ მისი სამინისტროს ეზოში მოშიმშილე ლტოლვილები ახსენდებოდა - საცხოვრებელი ადგილებიდან გამოყრილებს მუყაოს ყუთებით რომ ჰყავდათ გამოყვანილი ჩვილი ბავშვები. ღმერთმა უწყის, რა ძალისხმევა დასჭირდათ იმ ლტოლვილების ეზოდან  „გასატანად“. გავითვალისწინოთ, რომ აგვისტოს შემდეგ ეს ლტოლვილთა მესამე შიმშილობაა.

ჩვენს მკითხველს დარწმუნებული ვარ, არცერთი შიმშილობის შესახებ არ სმენია ჩვენი „უძრაობის ხანის ტელევიზიებიდან.“ ვასიკო ოდიშვილი კი მაესტროს ეთერიდან ისევ ქილიკობს:        „ფანტასტიკის სფეროა, აბა, რა.

ზოგიერთი ლტოლვილი ისე ცხოვრობს, კუსტურიცას ფილმის გმირებს შეშურდება. რა სჯობს ახლა იმას, რომ სახლ-კარი არ გაქვს და მაგრად გშია. ზიხარ და ოცნებობ საჭმელზე, სითბოზე, სახლზე...“

ამის პარალელურად „კავკასია“-დან დავით გამყრელიძე თითქმის ყოველდღე გვისაბუთებს, თუ რატომაა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება ქუთაისის პოლიტიკურ და ბათუმის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც იგივე პროცესმა ყაზახეთისა და თვით გერმანიის ეკონომიკას შეუქმნა საფრთხე.

ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ კი საინტერესო და მოაზროვნე სტუმართა ცვალებადობებს შორის გვატყობინებს, რომ განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზუგდიდში წარგზავნილ სკანდალურ, ჰომოსექსუალ მასწავლებელს თომას ფლეთჩერს პირადად შეხვდა, მანამდე კი ბატონმა მინისტრმა „მაესტროს“ ჟურნალისტები და მთელი საქართველოს აღშფოთებული მოსახლეობა ლამის ჩამორჩენილებად და უკულტუროებად მონათლა, იმისათვის, რომ სხვის პირად ცხოვრებაში უხეშად ერევიან. არადა, მადლობელები უნდა იყვნენ ამ ადამიანის, რომელმაც კლასში შესვლისას ბავშვებს განუცხადა: „გასწავლით ინგლისურ ენას და სექსუალურ კულტურასო“. რა კულტურაზეცაა საუბარი, ალბათ, უკვე იხილეთ გაზეთ  „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან, ან სოციალურ საიტებზე.

ქაოსია ქართულ ტელესივრცეში: ერთგან მხოლოდ გვატყუებენ, მეორეგან გვაქეზებენ.  მხოლოდ  „მაესტრო“  და  „ობიექტივი“ გამოიყურებიან შედარებით დაბალანსებულად. თუმცა, „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ამბობს: „რუსთავი-2“-ისგან განსხვავებით (რომელიც იყო მხარე  და  დარჩა  მხარედ),  „მაესტრო“ არის ოპოზიციურად მოაზროვნე ტელევიზია. რა არის ამაში ცუდი? „მაესტრო“ მომავალშიც, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში დარჩება ოპოზიციურ ტელევიზიად, რადგან ჟურნალისტის საქმე სწორედ ოპოზიციაში ყოფნაა. თორემ, ქება-დიდება ნებისმიერ საშუალო დონის თამადასაც შეუძლია.“

ზვიად ქორიძის თქმით, „რუსთავი-2“-მა ჯერ კიდევ 2003 წელს თქვა უარი, „ყოფილიყო ტელევიზია, რადგან გახდა პროპაგანდისტული იარაღი.“ ჩვენ ხომ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის, დემოკრატიულად სამსახურიდან გაშვებული, დემოკრატიულად გაქცეული, დემოკრატიულ ქვეყანაში ლტოლვილებად ქცეული, დემოკრატიულად (ანუ ნებაყოფლობით) მოშიმშილე და დემოკრატიულ პრესა-ტელევიზიას შეჩვეული ერი ვართ, ბედნიერი ერი. ჰოდა, მკითხველმა და მაყურებელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას უყურებს და რას წაიკითხავს. ურჩევნია, მხოლოდ „პროპაგანდისტული იარაღის“ ერთერთი სამიზნე იყოს, თუ მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც იცის, მის ქვეყანაში რა ხდება და როცა უნდა, მაშინ აიცილებს თავიდან ამ იარაღიდან მიზანმიმართულად ნასროლ ტყვიას. არჩევანი თქვენზეა, თანაც არც ისე დიდია. ადამიანი თუ ზომბი?.. რეალობა თუ ცრუ-ნირვანა? მით უმეტეს დღეს, როცა არსებობს ინტერნეტი, რომელიც უშურველად გვთავაზობს დახმარებას. ერთი წამი და შეგვიძლია გავიგოთ ის, რასაც გვიმალავენ, რაც ხდება და, საერთოდაც, რის გაგებასაც ზოგჯერ ჩვენ თავად ვარიდებთ თავს.

 

მანანა ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია