დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დახოცილ პირუტყვს ხალხი მდინარეში ყრის (?!)
2011/01/31 12:54:51

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზამთარი სხვადასხვა სახის ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პერიოდად ითვლება. მითუმეტეს, ისეთი ზამთარი, როგორიც წელს გვაქვს. ამჟამად ყველაზე მეტად მოქმედი H1N1 ანუ ე.წ. „ღორის გრიპია“. ეს ვირუსი, ძირითადად, ასნებოვნებს ღორს, თუმცა ბოლო პერიოდში მან შეძლო ადამიანის იმუნიტეტზე მოქმედებაც.  

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ეპიდემიის რეალური საფრთხე არ არსებობს, თუმცა, არავინ ახმაურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ღორისა და ქათმის მასობრივი ხოცვა შეინიშნება.

 

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენს რედაქციას შეატყობინა ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანას მცხოვრებმა ჯიმშერ გუგავამ. მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმის მთელ რიგ სოფლებში მოსახლეობას შინაური ცხოველი (ღორი) და ფრინველი თითქმის აღარ შერჩა. „დახოცილ პირუტყვს ხალხი მდინარეში ყრის, ზოგიც ცხენისწყალს ჩამოაქვს სვანეთიდან. ახლა მდინარის დონე დაწეულია და ლეში ვეღარ მიაქვს. ლაჯანურჰესის წყალსაცავში გროვდება და ძაღლები გლეჯენ. მოსახლეობასაც საფრთხე ემუქრება, შეიძლება, ვირუსის გავრცელების წყარო გახდეს დაბინძურებული გარემო. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელი წლის განმავლობაში. ამ ზამთარს, რომ მოყინა, შედარებით შემცირდა დახოცილ ცხოველთა რაოდენობა, თუმცა, ამ ბოლო ხანებში კვლავ იჩინა თავი პრობლემამ.“- აცხადებს იგი.

გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ბიუროს აქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფელ ლაჯანაში მათი წარმომადგენელიც იყო ჩასული, თუმცა, პრობლემა ამ გზით მაინც ვერ მოგვარდა. გარემოს დაცვის ინსპექციის პრეროგატივა არ არის, ამ შემთხვევაში, მდინარის დასუფთავება და პრევენციული ღონისძიებების გატარება. როგორც თემურ კეპულაძემ (გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელი) განგვიმარტა, მათ ევალებათ კანონდარღვევის ფაქტების აღნუსხვა და დამბინძურებელთათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. სხვა ღონისძიებების გატარებაზე კი სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა უნდა იზრუნონ.

ჯიმშერ გუგავას თქმით, მანამ, სანამ ქვეყანაში ე.წ. „ქათმისა“ და „ღორის“ გრიპი გავრცელდებოდა, მათ სოფელში ვეტერინარული პუნქტი დაიხურა. შესაბამისად, ცხოველსა თუ ფრინველს ვაქცინას არ უკეთებენ და ეს კიდევ ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. გარდა ამისა, მოსახლეობის წინდაუხედაობა თუ დაუდევრობა ზრდის ადამიანთა დაინფიცირების საფრთხეს.

საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, დაბინძურებული გარემოს დასუფთავება და შესაბამისი ზომების მიღება ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოფელ ლაჯანას გამგებელი აღნიშნულ პრობლემას ვერ აგვარებს ბიუჯეტის სიმწირის გამო.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გარდა სახელმწიფო უწყებების დაინტერესებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასახვისა, თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს ჯანმრთელი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე. ჯანდაცვის სამინისტრო გასულ წელს ტელევიზიის მეშვეობით მოსახლეობას აცნობდა ვირუსთან საბრძოლველად აუცილებელ მოქმედებათა ნუსხას. ერთ-ერთი პუნქტი იყო დასნებოვნებული ცხოველის დაწვა ან დამარხვა.  მოსახლეობამ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ასევე შეუძლიათ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

ჯერჯერობით პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული გეგმა არ  არსებობს, ვირუსის გავრცელების საფრთხე კი თანდათან იმატებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია