დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტული სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში
2012/03/05 13:49:49

ქუთაისის სპორტის სასახლეში სპორტული სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. მასში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და სხვ.).

 

სამეჯლისო ცეკვების ფესტივალს ქუთაისმა უკვე მეორედ უმასპინძლა. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ, როგორც ქალაქის მერმა, გიორგი თევდორაძემ, კონკურსის ფინალის დროს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „სპორტული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველ წელს ქუთაისი მასპინძლის როლს მოირგებს.“

ფესტივალი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ, ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს გამარჯვებულები ერთმანეთს მეორე დღეს კვლავ შეხვდნენ.

სამეჯლისო ცეკვები პოპულარობით სარგებლობს ჩვენს ქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ანსამბლი „ელიტა“, რომელიც უკვე მრავალჯერ გახდა არა მხოლოდ კონკურსებში გამარჯვებული, არამედ თავადაც უმასპინძლა მსგავს კონკურსებს. „ელიტის“ დამფუძნებელმა და სპორტული სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორმა ალეკო ბუხაიძემ „P.S.“-თან განაცხადა: „ამ კონკურსს შარშან ჩაეყარა საფუძველი. ქუთაისის მერიის დახმარებით არაჩვეულებრივი ფესტივალის მომსწრენი გავხდით. როგორც „ელიტის“ დამფუძნებელს და ქუთაისის მოქალაქეს, დიდი სურვილი მაქვს, მსგავსი კონკურსები ქუთაისში ყოველ წელს ჩატარდეს, რათა ხელი შევუწყოთ სამეჯლისო ცეკვების განვითარებას, ჩამოყალიბებას და, საბოლოოდ, ტრადიციად დამკვიდრებას.“

წლევანდელი ორდღიანი სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი წარმომადგენელი ქვეყნების დამკვირვებლებით ჩატარდა. კონკურსის ფინალი 4 საათს გაგრძელდა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა რუსეთის წყვილი ეკატერინა სიმონოვა და სტანისლავ ფურსოვი. ეკატერინამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ პირველად ვიმყოფებით საქართველოში, აღფრთოვანებული ვართ აქაური მასპინძლობით. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა და გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, მითუმეტეს - საქართველოში. თუმცა ობიექტურმა ჟიურიმ ასე გადაწყვიტა. ჩვენი ქვეყნების დღევანდელი პოლიტიკის გამო ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში გამარჯვება. დავრწმუნდი, რომ ძალიან თბილი, მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. დიდ მადლობას ვუხდით ამ კონკურსის ორგანიზატორს და აქ დამსწრე საზოგადოებას, რომ ასე თბილად მიგვიღეთ.“

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი, საპრიზო ადგილზე გასულებს, სიგელებთან ერთად - მედლები, ხოლო ფინალისტებს - სიგელი, მედალი, თასი და სხვა მრავალი სასაჩუქრე პაკეტი.

დაჯილდოების ცერმონიის შემდეგ ფინალისტებმა საჩვენებელი ცეკვით დახურეს ფესტივალი.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია