დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ დგას ოპერის თეატრის თავზე?
2011/06/21 15:24:09

ქუთაისელი „მანდატურების“ რომაული წარსული

ქუთაისში ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის დეკორმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, კერძოდ, სახურავის თავზე დადგმულ  „ვიღაცების“ ქანდაკებებს ვგულისხმობ. ხუმრობით რა აღარ შეარქვეს ქუთაისელებმა მათ, ყველაზე გავრცელებული ვერსია კი „მანდატურები“ იყო. ალბათ,  თემის აქტუალობის გამო. თან უმატებდნენ - ესენი უბილეთო მაყურებლებს არ უშვებენ თეატრშიო და ამაზე კარგადაც ხალისობდნენ.

 

თავიდან, ძალიან გაუჭირდა ხალხს „მათი“ მიღება. რამდენჯერ გამიგონია რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებაზე: ქუთაისური კილოთი ნათქვამი სიტყვები ჩამოვალ ავტობუსიდან და ქე მისკდება გული, ამ „აყუდებულ  უცხო ხალხს“ რო შევხედავ უცებო. არადა, სინამდვილეში ეს „მანდატურები“ რომაული მითებისა თუ ისტორიული წარსულის გამსახიერებელნი ყოფილან, ფიგურების  შემქმნელი კი 33 წლის ქუთაისელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა.

ორი სიტყვით  მის  შესახებაც  გეტყვით: ქუთაისში ცნობილი მოქანდაკის ოჯახში დაიბადა და საკუთარ პროფესიადაც ეს სფერო აირჩია. „ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა ხელოვნებას ემსახურება. ეს სფერო ბავშვობიდან ჩემეულად მიმაჩნდა და ამ სივრცეში თავის დამკვიდრება გაცილებით მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის. ბავშვობიდან გამოფენებზე დავდიოდი, ვუყურებდი, როგორ აქანდაკებდნენ, როგორ ხატავდნენ,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა ხელოვანმა.

გიორგი კიკვაძე 2001 წლიდან ქუთაისში მუშაობს და ქალაქში მის მიერ შესრულებული, უკვე რამდენიმე ნამუშევარი დგას მათ შორის - იპოლიტეს ძეგლი მესხიშვილის თეატრთან და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი პირველ სკოლასთან.

რაც შეეხება ოპერისა და ბალეტის თეატრის თავზე განლაგებულ ქანდაკებებს: მათ შექმნას 6 თვე დასჭირდა, სულ 13 ნამუშევარია და ისეთი მასალისგან არის შექმნილი, რომელსაც იახტების, თვითმფრინავების და ავტომობილების შესაქმნელად იყენებენ.  „ამ ქარიანობის დროს ყველას ეშინოდა, ეს ქანდაკებები არ  დაზიანებულიყო, მაგრამ არაფერი მოსვლიათ. თავად მასალას 70 წელი აქვს საგარანტიო ვადა, ჯერ საერთოდ არ არის 70 წელი გასული მისი გამოგონებიდან და, მე ვფიქრობ, რომ 70 წელი, მეტი თუ არა, არც ამ დეკორს უნდა შეექმნას პრობლემა. ქანდაკებების შიგნით გასამაგრებლად რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა გაკეთებული. ფიზიკურად ძალიან რთული სამუშაო იყო, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეხმარებოდა, მათ შორის - იახტის აწყობის სპეციალისტები.“ 

რაც შეეხება რომაული ქანდაკებების ავტორისეულ სახელწოდებას, ის დაკონკრეტებული და განსაზღვრული არ არის. როგორც მოქანდაკემ გვითხრა, მათ კონკრეტული სახელები არ აქვთ და არც სხვადასხვა პიროვნებების პორტრეტებია. თავად ოთხ მათგანს დაარქვა „მუზა“, შუაში ორატორის გამოსახულებაა, არიან რომაელი მეომრები, ცენტურიონები და ა.შ. „შემიკვეთეს რომაული ქანდაკებები და მე მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი იმპროვიზაციის უნარის დახმარებით მათი სურვილი შემესრულებინა. რომელიმე კონკრეტული ადამიანის ძეგლი შენობის თავზე, საერთოდ არც იდგმება. ამ მხრივაც გამორიცხულია, ისინი კონკრეტულად რომელიმე პიროვნების იმიტაცია იყოს.“

თავადაც ბევრი ჭორი გაუგია ამ ქანდაკებებთან დაკავშირებით, მაგალითად, ის, რომ ნამუშევრები ჯერ ესპანეთიდან ჩამოაქვთ, შემდეგ რუსეთიდან, ბოლო ვერსია კი იტალია ყოფილა.

რომაულ ქანდაკებებთან ერთად, გიორგი კიკვაძის ნახელავია თეატრის თავზე განლაგებული „მბრდღვინავი“ ლომებიც, პროექტის მიხედვით.  თავდაპირველად ლომები ფეხზე მდგომარენი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, მოქანდაკემ უფრო რეალურად და ბუნებრივად მათი ახლანდელი პოზიცია მიიჩნია. (თუმცა, ისინი არავის გაუქილიკებია).

ქუთაისელების   აზრი    ორად   გაიყო  ოპერისა  და  ბალეტის  თეატრის განახლებული შენობის ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოწონება-არ მოწონების მხრივ. ზოგს მიაჩნია, რომ შენობის არქიტექტურა და, მით უმეტეს, რომაული ქანდაკებები არ შეეფერება ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახეს, სხვები კი პირიქით ფიქრობენ. თავად მოქანდაკე თვლის, რომ შენობის იერსახე არა ქუთაისის მკვიდრმა, არამედ უცხო თვალმა უნდა შეაფასოს, რომელიც პირველად ათვალიერებს ქალაქს.

„თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს ქანდაკებები მასშტაბით ცოტათი დიდებია, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, უფრო შემცირებული ზომებით გავაკეთებდი. უკეთესი იქნებოდა, მეტი დრო მოეცათ სამუშაოდ, დაახლოებით 2 წელი რომ გვქონოდა, გაცილებით დახვეწილ ქანდაკებებს შევქმნიდი. თუმცა, არც ახლაა ფუქსავატური ნამუშევარი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, შესაძლოა, საერთოდ არც გამეკეთებინა ეს დეკორი. მაგრამ როცა დაკვეთაა, მაშინ ჩემი აზრი მეორეხარისხოვანია.“ - ამბობს გიორგი.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია